სიოკენი
იმპერატორის მეუღლე სიოკენი (იაპონ. 昭憲皇后), დაბადების სახელია მასაკო იჩიჯიო (იაპონ. 条勝子; დ. 9 მაისი, 1849, კიოტო, იაპონია — გ. 9 აპრილი, 1914, ნამაცუ, იაპონია) — იაპონიის იმპერატორ მუცუჰიტოს მეუღლე 1869-1912 წლებში. იაპონიის იმპერატორის ქვრივი 1912-1914 წლებში.
სიოკენი | |
---|---|
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 11 იანვარი, 1869 |
მმართ. დასაწყისი: | 11 იანვარი, 1869 |
მმართ. დასასრული: | 30 ივლისი, 1912 |
წინამორბედი: | ეისიო |
მემკვიდრე: | ტეიმეი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 მაისი, 1849 |
დაბ. ადგილი: | კიოტო, იაპონია |
გარდ. თარიღი: | 9 აპრილი, 1914, (64 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნამაცუ, იაპონია |
მეუღლე: | მუცუჰიტო, იაპონიის იმპერატორი |
დინასტია: | იამატოს დინასტია |
მამა: | ტადაკა იჩიჯიო |
დედა: | ტამიკო სინბატა |
რელიგია: | შინტოიზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამასაკო იჩიჯიო დაიბადა 1849 წლის 9 მაისს კიოტოში. იგი იყო იჩიჯიოს დინასტიის ხელმძღვანელისა და გადამდგარი მინისტრის, ტადაკა იჩიჯიოსა და მისი ცოლის, ტამიკო სინბატას ქალიშვილი.
პრინცესა მასაკომ ბავშვობაშივე გამოავლინა პოეტური ნიჭი. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში, მას შეეძლო ლექსების მხატვრულად წაკითხვა, ხოლო 5 წლის ასაკში თავისი პირველი ლექსების კრებული გამოსცა. შვიდი წლის ასაკში იგი იმდენად კარგად ფლობდა ჩინურ ენას, რომ შეეძლო კლასიკური ჩინური ნაწარმოებების ორიგინალ ვერსიაში წაკითხვა. თორმეტი წლის ასაკში მან დაიწყო კოტოს შესწავლა და უყვარდა დრამა. იგი ასევე სწავლობდა იკებანას და ესწრებოდა იაპონურ ჩაის სმის ცერემონიებს საიმპერატორო კარზე. ამ დროს მასაკო ვარიოლათი (იგივე ყვავილი) დაავადდა, თუმცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამის შემდეგ დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა მასა და იაპონიის კრონპრინც მუცუჰიტოს შორის, თუმცა მთავარ პრობლემად ის იქცა, რომ მასაკო პრინცზე ერთი წლით უფროსი იყო. მოგვიანებით ეს პრობლემა მარტივად მოგვარდა მისი დაბადების წლის 1849-დან 1850-ად გადაკეთება.
1867 წლის 2 სექტემბერს იგი ოფიციალურად დაინიშნა კრონპრინც მუცუჰიტოზე, რის შემდეგაც ეწოდა ჰარუკო, რაც მის ტანმორჩილებასა და სილამაზეს ასახავდა. მამამისმა იმპერატორს რძლის მზითვად 15,000 ოქროს მონეტა აღუთქვა, თავის მხრივ კი იმპერატორმა სარძლოს ყოველთვიურ პენსიად 500 ოქროს მონეტა დაუნიშნა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული არეულობის გამო აღნიშნული პირობები არასოდეს შესრულებულა. ამას დაერთო ისიც, რომ იმპერატორ კიომეის გარდაცვალების გამო ქორწილმა ერთი წლით გადაიწია. ამას დაერთო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევაც, რასაც ქორწილის თარიღის კიდევ რამდენიმე თვით გადავადება მოჰყვა. საბოლოოდ, 1869 წლის 11 იანვარს ჰარუკო და ახალგაზრდა იმპერატორი მუცუჰიტო დაქორწინდნენ, რითაც იგი იმავე დღეს გახდა მისი კონსორტი. ქორწინების შემდეგ მას სიოკენი ეწოდა.
სიოკენი იყო იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი, ვინც „იმპერატორის მეუღლის“ წოდება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი იაპონიის იმპერატორის მეუღლე იყო და დიდ საზოგადოებრივ როლს ასრულებდა, მალევე გაირკვა, რომ სიოკენი უნაყოფო იყო. ამ დროისათვის იმპერატორს ხუთი სხვადასხვა ქალისაგან ჰყავდა 15 უკანონო შვილი, რომელთაგან უფროსი ვაჟი, კრონპრინცი ტაისიო თავის მემკვიდრედ გამოაცხადა.
იმპერატორის მეუღლე
რედაქტირება1869 წლის 8 ნოემბერს იმპერატორის მეუღლემ ოფიციალურად დატოვა მშობლიური ქალაქი კიოტო და გადასახლდა დედაქალაქ ტოკიოში. უძველესი ტრადიციის მიხედვით, სიოკენი ყოველთვის ესწრებოდა იმპერატორის ოფიციალურ მიღებებს და ასრულებდა თავის წოდებრივ-წარმომადგენლობით მოვალეობებს. აღსანიშნავია, რომ იგი ყოველთვის განსაკუთრებულად ინტერესდებოდა საზღვარგარეთის ამბებით.
1886 წლის 30 ივლისს იმპერატორის მეუღლე დაესწრო პირესეს სკოლის გახსნას, სადაც იგი ტრადიციულ იაპონურ სამოსში იყო გამოწყობილი. ამავე წლის 10 აგვისტოს უცხოელ სტუმრებს იგი ევროპულ კაბაში ჩაცმული დახვდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიოკენი დიდ ყურადღებას უთმობდა შემოსვას. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ იმპერატორის მეუღლეები ყოველთვის დასავლურ სამოსს ატარებდნენ. ამის შესახებ 1887 წლის იანვარში მემურანდუმიც კი გამოიცა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ევროპული მსუბუქი კაბების ტარება უფრო ადვილი იყო ქალებისათვის ვიდრე გაშლილი და მძიმე იაპონური კიმონოსი.
რაც შეეხება დიპლომატიურ სფეროს, იმპერატორის მეუღლემ უმასპინძლა აშშ-ს პრეზიდენტ ულის გრანტს. იგი ასევე თან ახლდა იმპერატოს 1881 წელს ჰავაის კუნძულებზე ოფიციალური ვიზიტისას. ამავე წელს იგი საპატიოდ დახვდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ედუარდ VII-ის ვაჟებს — ალბერტ ვიქტორსა და ჯორჯს (მომავალში მეფე ჯორჯ V), რომლებმაც მას ავსტრალიიდან ჩამოყვანილი კატები აჩუქეს.
1886 წლის 26 ნოემბერს სიოკენი იმპერატორს თან ახლდა იოკუსოკაში ვიზიტისას, სადაც უნდა შეემოწმებინათ იაპონიის საიმპერატორო ფლოტისათვის დამზადებული ახალი საბრძოლო იარაღები. 1887 წლიდან იგი იმპერატორს ყველა შეხვედრაზე თან დაჰყვებოდა, რის გამოც სიოკენი დაესწრო უამრავი ახალი სკოლისა და ქარხნის გახსნას, ოფიციალურ მიღებასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებას. 1888 წელს, როდესაც იმპერატორი მუცუჰიტო დაავადდა, სწორედ სიოკენმა უმასპინძლა სიამის ელჩებს და მარტო დაესწრო ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის გახსნას.
სიოკენის მმართველობა ცნობილია მისი საქველმოქმედო საქმიანობებით. იგი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყანაში ქალთა განათლების საკითხის გაუმჯობესებას. პირველი სინო-იაპონიის ომის დროს (1894-1895) იმპერატორის მეუღლე ასევე მუშაობდა იაპონიის წითელი ჯვრის დახმარებაზე. იგი უკმაყოფილო იყო წითელი ჯვრის მუშაობით, რის გამოც მან თავად დააარსა წითელი ჯვრის საერთაშორისო ფონდი, რომელსაც „იმპერატორის მეუღლე სიოკენის ფონდი“ ეწოდა. ფონდი დღემდე ფუნქციონირებს და მიმართულია საერთაშორისო კეთილდღეობისაკენ. ომის პერიოდში იმპერატორმა სამხედრო ბაზა ტოკიოდან ჰიროსიმაში გადაიტანა და თავადაც იქ გადავიდა, რათა სამხედრო ცენტრთან უფრო ახლოს ყოფილიყო. სიოკენი მას მხოლოდ 1895 წლის მარტში შეუერთდა. ომის დროს იმპერატორის მეუღლე ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში და დაჭრილ მეომრებს ნახულობდა.
იმპერატორის ქვრივი
რედაქტირება1912 წლის 30 ივლისს, იმპერატორ მუცუჰიტოს გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტი სიოკენის გერმა, იმპერატორმა ტაისიომ დაიკავა. მან თავის დედინაცვალს იმპერატორის ქვრივის წოდება შეუნარჩუნა და დიდი სახსრებიც გამოუყო. ამის შემდეგ სიოკენმა დატოვა ტოკიო და პროვინციაში, სოფელ ნამაცუში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი სიცოცხლე.
საყვარელი მეუღლის გარდაცვალება ცუდად აისახა ხანში შესული სიოკენის ჯანმრთელობაზე, რის გამოც სულ წელიწადნახევარში, 1914 წლის 9 აპრილს სიოკენი გარდაიცვალა, 64 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს კიოტოში, მისი ქმრის გვერდით.
ტიტულები და წოდება
რედაქტირება- 9 მაისი, 1849 - 11 იანვარი, 1869: ქალბატონი მასაკო იჩიჯიო;
- 11 იანვარი, 1869 - 30 ივლისი, 1912: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე;
- 30 ივლისი, 1912 - 9 აპრილი, 1914: მისი იმპერიული უმაღლესობა იმპერატორის ქვრივი;
- გარდაცვალების შემდგომი: მისი უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე სიოკენი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Fujitani, Takashi. (1998). Splendid Monarchy: Power and Pageantry in Modern Japan.. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-20237-5; OCLC 246558189—Reprint edition, 1998. ISBN 0-520-21371-8
- Hoyt, Edwin P. (1992). Hirohito: The Emperor and the Man. New York: Praeger Publishers. ISBN 978-0-275-94069-0; OCLC 23766658
- Keene, Donald. (2002). Emperor Of Japan: Meiji And His World, 1852-1912. New York: Columbia University Press. ISBN 978-0-231-12340-2; OCLC 237548044
- Lebra, Sugiyama Takie. (1996). Above the Clouds: Status Culture of the Modern Japanese Nobility. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-20237-5;