მეგი ჩუნგი
მეგი ჩუნგ მან-იუკი (ჩინ. 張曼玉; დ. 20 სექტემბერი, 1964, ბრიტანული ჰონგ-კონგი) — ჰონგ-კონგელი მსახიობი. რამდენიმე კოლაბორაცია აქვს რეჟისორ ვონგ კარ-ვაისთან.
მეგი ჩუნგი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 სექტემბერი, 1964 ბრიტანული ჰონგ-კონგი |
ალმა-მატერი | ედინბურგის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეგი ჩუნგს ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის 5-ჯერ აქვს მოგებული, რითიც რეკორდს ამყარებს ამ პრიზის გამარჯვებაში.
1992 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს ლომი“ გადაეცა საუკეთესო მსახიობისთვის, 2004 წელს კი საუკეთესო მსახიობის ჯილდო კანის კინოფესტივალზე.
2004 წელს ის გახდა პირველი აზიელი ქალი მსახიობი, რომელიც „სეზარზე“ არის ნომინირებული.
მის ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა: „სანამ ცრემლი არ შეშრება“ (1988, რეჟ. ვონგ კარ-ვაი), „ავანსცენა“ (1991, რეჟ. სტენლი კუონი), „ამხანაგები: თითქმის სასიყვარულო ისტორია“ (1996, რეჟ. პიტერ ჩანი), „მწვანე გველი“ (1993, რეჟ. ტსუი ჰარკი), „დები სუნგები“ (1997, რეჟ. მეიბელ ჩუნგი), „ირმა ვეპი“ (1996, რეჟ. ოლივერ ასაია), „სასიყვარულო განწყობა“ (2000, რეჟ. ვონგ კარ-ვაი) და „სუფთა“ (2004, რეჟ. ოლივერ ასაია).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამეგი ჩუნგი 1964 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. როცა რვა წლის იყო, ის და მისი ოჯახი ჰონგ-კონგიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ. მისი ბავშვობისა და მოზარდობის დიდი ნაწილი ბრომლიში, ლონდონში (ინგლისი) გაატარა. 18 წლის ასაკში ჰონგ-კონგში დაბრუნდა.
ჩუნგი პოლიგლოტია. შეუძლია ფრანგულად, ინგლისურად საუბარი. ლაპარაკობს კანტონურისა და მანდარინის დიალექტებზე (ჩინური ენა). საუბრობს შანხაურ დიალექტზეც.
კინო-კარიერა
რედაქტირებამონაწილეობა მიუღია ფილმში „პოლიციის ისტორია“ (1985) (რეჟ. ჯეკი ჩანი).
1988 წელს ჰქონდა პირველი კოლაბორაცია ცნობილ ჰონგ-კონგელ რეჟისორთან, ვონგ კარ-ვაისთან, ფილმში „სანამ ცრემლი არ შეშრება“. 1989 წელს „ოქროს ცხენი“ მოიპოვა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში, ფილმისთვის „სავსე მთვარე ნიუ-იორკში“. იმავე წელს მიიღო „ჰონგ-კონგის კინოს ჯილდო“ თავისი როლისთვის ფილმში „არაფრისმთქმელი ამბავი“ (1989). [1]1991 წელს ჩუნგი პირველი ჩინელი პერფორმერი გახდა, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო (ფილმისთვის „ავანსცენა“ (1991)).[2]
2000 წელს ითამაშა ვონგ კარ-ვაის ფილმში, სახელწოდებით „სასიყვარულო განწყობა“, რომელმაც წარმატება მალევე მოიპოვა და ჩუნგს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი. ფილმისთვის მან მეორედ მოიგო ტაივანური „ოქროს ცხენი“. [3] ფილმი მოგვითხრობს კაცისა (ტონი ლუნგი) და ქალის (მეგი ჩუნგი) ისტორიას, რომელთა მეუღლეებსაც რომანი აქვთ. მალევე ტონი ლუნგისა და მეგი ჩუნგის პერსონაჟები მიხვდებიან, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა უჩნდებათ. „სასიყვარულო განწყობის“ პრემიერა 2000 წლის 20 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის „ოქროს პალმის რტოზე“ იყო ნომინირებული.
ამის შემდეგ მან ითამაშა ჟანგ იუმოუს ფილმში „გმირი“ (2002) და ვონგ კარ-ვაის ფილმში „2046“ (2004).
2004 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „სუფთა“, ჩუნგმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მოიპოვა.
ჩუნგი 1997 წლის ბერლინის კინოფესტივალის, [4]1999 წლის ვენეციის კინოფესტივალის, 2004 წლის ჰავაის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2007 წლის კანის კინოფესტივალისა [5]და 2010 წლის მარაკეჩის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1998 წელს ჩუნგი ფრანგ რეჟისორზე, ოლივერ ასაიაზე დაქორწინდა. ისინი 2001 წელს განქორწინდნენ. 2007 წლიდან 2011 წლამდე ჩუნგი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა გერმანელ არქიტექტორ ოლი შირინთან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2020-12-21.
- ↑ https://www.nytimes.com/1992/02/25/movies/grand-canyon-wins-the-first-prize-at-berlin-festival.html
- ↑ http://www.china.org.cn/english/features/film/86232.htm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2020-12-21.
- ↑ https://web.archive.org/web/20101203062231/http://www.festival-cannes.fr/en/archives/2007/juryLongFilm.html
]