მდივანი (ოჯახი)
მდივანი — ევროპაში მოღვაწე ქართული ოჯახი. დასავლეთის ქვეყნებში, ამ სახელწოდების ყველაზე ცნობილი მატარებლები იყვნენ გენერალ ზაქარია მდივანის და მისი ცოლის ელისაბედის შვილები[1]. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ხუთი დედმამიშვილი პარიზში წავიდა ემიგრაციაში. ისინი ცნობილი იყვნენ „მექორწინე მდივნების“ სახელით.
მდივნების ოჯახის შემადგენლობა:
- ნინო მდივანი (1901-1987 წწ.) 1925 წლის 15 ივლისს დაქორწინდა ჩარლი ჰენრი ჰუბერიხზე, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორზე და სამართალმცოდნეზე. მას გაშორდა 1936 წლის 19 მაისს, ხოლო ამავე წლის 18 აგვისტოს ცოლად გაჰყვა შერლოკ ჰოლმსის შემქმნელის, არტურ კონან დოილის შვილს დენის კონან დოილს. დენისის გარდაცვალების შემდეგ, 1955 წლის 9 მარტს, იგი ცოლად გაჰყვა ენტონი ჰარვუდს, დენის კონან დოილის მდივანს[1]. XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოში განვითარებულმა ნავთობის კრიზისმა და ინფლაციამ ბევრზე იმოქმედა უარყოფითად და მათ შორის ნინო მდივანზეც, მას ფუფუნებით ცხოვრება ძალიან მოსწონდა, ამის სანაცვლოდ კი ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდა, ასე შეელია იგი თავის განთქმულ თეთრ როლს-როისს. ნინო მდივანი 1987 წელს ლონდონში ხანდაზმულ ასაკში მარტოხელა გარდაიცვალა, დატოვა გადაუხდელი ვალების უზარმაზარი სია, ჭირისუფლებმა მისი ლოგინის ქვეშ იპოვეს ნეფრიტის ყელსაბამი რომელიც ბარბარე ჰატონს ეკუთვნოდა. ეს ძვირფასი სამკაული 2014 წელს სოტბის აუქციონზე 27 მილიონ 44 ათას დოლარად გაიყიდა.
- სერგი მდივანი (1903-1936 წწ.) მასაჩუსეტსში ჩავიდა 1921 წელს თავის ძმა დავითთან ერთად და მხარი დაუჭირა მარშალ კრანეს ქაღალლდის იმპერიას. 1923 წლისათვის ძმებმა მუშაობა დაიწყეს ოკლაჰომაში ნავთობის მინდვრების მფლობელ ედუარდ დოენისთან. ამის შემდეგ სერგი გადავიდა ლოს-ანჟელესში[2], სადაც შეხვდა და 1927 წელს ცოლად შეირთო მუნჯი კინოს ვარსკვლავი, ჩარლი ჩაპლინისა და რუდოლფო ვალენტინის ყოფილი ცოლი, მსახიობი პოლა ნეგრი, თუმცა მას დაშორდა 1929 წელს როცა პოლამ უოლ-სტრიტის კრახის დროს მთელი ქონება დაკარგა და დაქორწინდა ოპერის მომღერალზე მერი მაკ-კორმიკზე. მისი მესამე ცოლი იყო თავისი რძალი (ძმის ცოლი) ლუიზა ასტორ ვან ალენ მდივანი. იგი შეირთო 1936 წლის თებერვალში და თვენახევრის შემდეგ პოლოს თამაშის დროს მოულოდნელად დაიღუპა თავად სერგი[3]. დაკრძალულია როდაილენდის შტატში, წმინდა კოლუმბას ეკლესიის ეზოში.
- დავით მდივანი (1904-1984 წწ.) დავითმა, გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით მოახერხა, რომ მე-XX საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. იგი ამერიკაში ჩავიდა, თავის ძმასთან, სერგისთან ერთად. შემდეგ ნიუ-იორკში გაემგზავრნენ, სადაც მუშაობდნენ და შემდეგ გაემგზავრნენ ოკლაჰომაში და მუშაობა დაიწყეს ედუარდ დოენის ნავთობის მინდვრებში, სადაც დიდძალი ფული იშოვეს, რამდენიმე თვით ადრე კი დაქორწინდა მეი მიურეიზე[4]. მათ შეეძინათ შვილი კორან დავითი (1926-2018 წწ.). წყვილი იმდენ ფულს ხარჯავდა რამდენიც ეს საბანკო ანგარიშებს შეეძლო აეტანა და ნელ-ნელა ფინანსური მარაგები ამოიწურა, ამასთან ერთდ გაჩნდა სერიოზული უთანხმოებებიც. 1933 წელს, დავითმა გაღარიბებულ მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა და ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს დაუახლოვდა. 1926 წელს დავით მდივანი დევიდ მენორის სახელით გადაიღეს ჰოლივუდურ ფილმში „პატარა ქალაქის პრინცესა“ რომელიც ეკრანებზე 1927 წელს გამოვიდა. 1944 წელს იქორწინა Sinclair Oil-ის დამფუძნებელ ჰარი ფორდ სინკლერის ქალიშვილზე ვირჯინია სინკლერზე, მასთან შეეძინა შვილი მაიკლი (1945-1990 წწ.)[5]. 1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია სინკლერ-მდივანი 1979 წელს გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა. დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.
- ალექსი მდივანი (1905-1935 წწ.) 1931 წელს დაქორწინდა ლუიზა ასტორ ვან ალენზე (მომავალში მისი ძმის, სერგის მეუღლე). შემდეგ იქორწინა ბარბარა ჰატონზე, იმ დროის მსოფლიოში ყველაზე მდივარ ქალბატონზე. წყვილმა 1933 წლის 22 ივნისს პარიზის ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში იქორწინა, ქორწილს ესწრებოდა ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სალვადორ დალი, პაბლო პიკასო, ჰოლივუდის ვარსკვლავები, სულ რვაასი სტუმარი. ალექსი მეგობართან, სალვადორ დალისთან და ახალ რჩეულ ბარონესასთან, 20 წლით უფროს გერმანელ მოდ თისენთან ერთად, ესპანელ სიძესთან, ხოსე მარია სერტისთან გაემგზავრა. 1935 წლის 11 აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი „როლს-როისით“ ავტოკატასტროფაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა[6].
- რუსუდან მდივანი (1906-1938 წწ.), იგივე რუსი მდივანი, მოქანდაკე, რომელიც ესპანელ მხატვარს ხოსე მარია სერტის ცოლად გაჰყვა 1928 წელს. რუსუდანი, თავადაც ნიჭიერი მოქანდაკე, იმხანად პარიზში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან ელენე ახვლედიანთან, დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა.
გალერეა
რედაქტირება-
სერგი მდივანი და პოლა ნეგრი 1930 წელს
-
დავით მდივანი და მეი მიურეი 1926 წელს
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Philip G. Bergem (2001). The Family and Residences of Arthur Conan Doyle. St. Paul, Minnesota: Privately printed, გვ. 4, 11.
- ↑ Moats, Alice-Leone (1977) The Million Dollar Studs, 1st, New York: Delacorte Press, გვ. 13. ციტირების თარიღი: 26 April 2018.
- ↑ Serge Mdivani is Killed Playing Polo in Florida, The New York Times, March 16, 1936
- ↑ Moats, Alice-Leone (1977) The Million Dollar Studs, 1st, New York: Delacorte Press, გვ. 15. ციტირების თარიღი: 26 April 2018.
- ↑ Michael D. Mdivani
- ↑ Moats, Alice-Leone (1977) The Million Dollar Studs, 1st, New York: Delacorte Press, გვ. 126. ციტირების თარიღი: 26 April 2018.