ალექსი მდივანი

ქართველი ემიგრანტი

ალექსი ზაქარიას ძე მდივანი (დ. 7 თებერვალი, 1908, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 1935, პალამოსი, ესპანეთი) — ქართველი ემიგრანტი, დასავლური პრესისთვის კარგად ცნობილი, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, მდივნების ოჯახის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალექსის მამა, ზაქარია მდივანი, ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორი, კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი და დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო. ალექსის დედა, ელისაბედ სობოლევსკა, ნახევრად პოლონელი, საქართველოში გახლდათ დაბადებული და გაზრდილი. ზაქარიასა და ელისაბედს შეეძინათ ხუთი შვილი – ნინო, სერგი, დავითი, ალექსი და რუსუდანი. დედმამიშვილები, გახმაურებული საქორწილო ისტორიების გამო, ცნობილი იყვნენ „მექორწილე მდივნების“ სახელით.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ზაქარია მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და თურქეთს შეაფარა თავი. ალქესის დედა, ელისაბედი, სტამბოლში გარდაიცვალა. თურქეთიდან მდივნები საფრანგეთში გადავიდნენ. ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. ამის გამო ალექსი პარიზის ქუჩებში იწყებს ძველმანებით ვაჭრობას, მუშაობდა მტვირთავადაც,[1] 15 წლის ასაკში „პეჟოს“ ქარხანაში მოეწყო მუშად. ოჯახის ამერიკელი მეგობრის დახმარებით, ალექსი კემბრიჯის კოლეჯში შევიდა სასწავლებლად.[2] ალექსი ნიჭიერი ახალგაზრდა და კარგი სპორტსმენი იყო. იგი გახდა პოლოს გუნდის კაპიტანი და ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ასპარეზობებში. კემბრიჯის დამთავრების შემდეგ, ალექსი ნიუ-იორკ სითი ბანკის პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე.[3]

1931 წელს ალექსი, ამერიკული ბეწვეულის კომპანიის დამაარსებლის შთამომავალზე და კოლეჯის მეგობრის, ჯეიმზ ვან ალენის, დაზე, ლუიზა ასტორ ვან ალენზე დაქორწინდა.[4] ამავე წელს ალექსი გახდა პარიზში საქართველოს მთავრობის ლეგაციის მდივანი. იგი ხვდებოდა დიპლომატებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი ხარჯით გზავნიდა დელეგაციებს კონფერენციებზე, ეხმარებოდა საფრანგეთში მცხოვრებ გაჭირვებაში მყოფ ქართველებს.[3]

ალექსის ქორწინებამ ლუიზა ასტორთან რამდენიმე თვე გასტანა. 1936 წელს ლუიზა ასტორი ცოლად გაყვა ალექსის უფროს ძმას, სერგი მდივანს. ალექსის მეორე მეუღლე, ამერიკის უმდიდრესი ქალი, ბარბარა ვულვორტ ჰატონი გახდა. ბარბარა იყო ამერიკის უმსხვილესი საცალო სავაჭრო კომპანიის დამაარსებელ ფრენკ ვულვორტის შვილიშვილი.[5] ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ალექსის დამ, რუსუდანმა, შეგნებულად დააკავშირა საკუთარი ძმა მდიდარ, გავლენიან ქალს. ეს ისტორია მოხვდა ბარბარა ჰატონის შესახებ 1987 წელს გადაღებულ ამერიკული სერიალის - Poor Little Rich Girl: The Barbara Hutton Story - სცენარში. ალექსი მდივანი ბრიტანელმა მსახიობმა ნიკოლას ქლეიმ განასახიერა.[4]

1933 წლის 22 ივნისს წყვილმა ჯვარი დაიწერა პარიზში, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.[4] მრავალრიცხოვანი ქორწილი ოტელ „რიცში“ გაიმართა.[6] დამსწრეთა შორის იყვნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი.[7] ქორწილი ჰატონების ოჯახს ერთი მილიონი დაუჯდა.[5] ახალდაქორწინებულთა ფოტო „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა. ჯვრისწერის შემდეგ, წყვილი იახტით მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა. საქორწილო მოგზაურობისას იაპონიასა და ინდოეთში მდიდრულ საზეიმო შეხვედრებს აწყობდნენ, ერთხანს, ამერიკაში ცხოვრობდნენ.[6]

ალექსი ამერიკაში დიდხანს ვეღარ გაჩერდა და მეუღლესთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა. ამ დროს ქართულ ემიგრაციას მძიმე პერიოდი ედგა. 1934 წელს საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში შევიდა. საფრანგეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ამიტომ საფრანგეთში რუსეთთან მტრულად განწყობილი საქართველოს ლეგაცია ვეღარ იარსებებდა. ლეგაცია „ლტოლვილთა ოფისად“ გადაკეთდა. ოფისის დირექტორად სოსიპატრე ასათიანი, მდივნად კი ალექსი დაინიშნა. ალექსი აგრძელებდა ქველმოქმედებას და ქართველი ემიგრანტების დახმარებას. ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, ალექსიმ საფრანგეთსა და ბელგიაში თხუთმეტ ხელმოკლე ქართველ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. შანხაიში იაპონელთა მიერ ოკუპირებული ხარბინიდან ლტოლვილ ქართველებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა, მათ შვილებს კი სტიპენდიები დაუნიშნა.[8]

1935 წელს ალექსი და ბარბარა ერთმანეთს დაშორდნენ. განქორწინების შემდეგ, ალექსი დასთან, რუსუდანთან, გაემგზავრა პალამოსის ვილაში, ესპანეთში. რუსუდანის მეუღლე, ხოსე მარია სერტი, იყო ესპანელი მხატვარი. 1935 წლის 1 აგვისტოს ალექსი, ახალ რჩეულთან, გერმანელ ბარონესა მად ტისენთან, ერთად, პალამოსთან ახლოს საკუთარი „როლს-როისით“ მატარებელს შეეჯახა. ბარონესა მძიმედ დაშავდა, ალექსი ადგილზე გარდაიცვალა. დაკრძალეს პალამოსის კათოლიკურ სასაფლაოზე.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაუშვილი რ., ქართული ემიგრაცია ამერიკაში. - თბ., 2014. - გვ. 132.
  2. ალექსი მდივანი | ქართველები უცხოეთში
  3. 3.0 3.1 ქართველები უცხოეთში = Georgians abroad. წ. 1. თბილისი, 2012. - გვ. 135.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 http://www.elisarolle.com/queerplaces/a-b-ce/Alexis%20Mdivani.html
  5. 5.0 5.1 Barbara Hutton
  6. 6.0 6.1 დაუშვილი რ., ქართული ემიგრაცია ამერიკაში. - თბ., 2014. - გვ. 133.
  7. მახარაძე ი., ქართველები ამერიკაში. - თბილისი, 2011. - გვ. 112.
  8. ალექსი მდივანი | საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი