დავით მდივანი (დევიდ მენორი; დ. 1902 — გ. 1984) — ქართველი ბიზნესმენი, მეწარმე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

და–ძმა მდივნების — სერგის (სერჟ), დავითის, ნინოს, ალექსის, რუსუდანის (რუსი) წინაპარი ერეკლე II–ის თანამებრძოლი, კავკასიაში რუსების შემოსვლის მოწინააღმდეგე სოლომონ მდივანი იყო. მამა — ზაქარია მდივანი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორი და დემოკრატიული საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე, დედა — კი პოლონეთის აჯანყების დროს საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავალი, ნახევრად ქართველი ელისაბედ სობოლევსკა იყო. 1921 წელს ზაქარია მდივნის ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ოჯახმა თურქეთის გავლით პარიზს შეაფარა თავი. დავით მდივანმა გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით მოახერხა, რომ მე-XX საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის გამუდმებული ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. იგი ამერიკაში ჩავიდა, თავის ძმასთან, სერგისთან ერთად. ისინი ჯერ ნიუ-იორკში გაემგზავრნენ სამუშაოდ, შემდეგ კი ოკლაჰომაში და მუშაობა დაიწყეს ედუარდ დოენის ნავთობის საბადოებში, სადაც დიდძალი ფული იშოვეს. დავით მდივანი დაქორწინებული იყო მსახიობ მეი მიურეიზე, მათ შეეძინათ შვილი კორან დავითი. წყვილი იმდენ ფულს ხარჯავდა, რამდენიც ეს საბანკო ანგარიშებს შეეძლო აეტანა და ნელ-ნელა ფინანსური მარაგები ამოიწურა, ამასთან ერთად გაჩნდა სერიოზული უთანხმოებებიც. 1933 წელს დავითმა გაღარიბებულ მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა და ცნობილ ფრანგ მსახიობს არლეტს დაუახლოვდა. 1926 წელს დავით მდივანი დევიდ მენორის სახელით გადაიღეს ჰოლივუდურ ფილმში „პატარა ქალაქის პრინცესა“, რომელიც ეკრანებზე 1927 წელს გამოვიდა. 1944 წელს იქორწინა „Sinclair Oil“-ის დამფუძნებელის ჰარი ფორდ სინკლერის ქალიშვილზე ვირჯინია სინკლერზე, მასთან შეეძინა შვილი მაიკლი (1945-1990). 1964 წელს ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია სინკლერ-მდივანი 1979 წელს გარდაიცვალა და შვილს 30-მილიონიანი ქონება დაუტოვა. დავით მდივანი 1984 წელს, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია: მონოგრაფია, ზურაბ ქუთათელაძე, თბ., 2011, გვ. 119

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება