სოფრომ მგალობლიშვილი

ქართველი მწერალი
(გადამისამართდა გვერდიდან მგალობლიშვილი, სოფრომ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, დირბი, გორის მაზრა — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

სოფრომ მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1851(1851-07-20)
დაბადების ადგილი დირბი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1925(1925-11-30) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი გორის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ, 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში სადაც მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. სემინარიის კედლებშივე გაიტაცა იგი ანტიმონარქიულმა განწყობილებამ. ახალგაზრდა პედაგოგი და მოწინავე იდეების მქადაგებელი გორის რაიონის დაბა-სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. ავრცელებდა არძალულ ლიტერატურას, რისთვისაც იგი ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ სოფრომ მგალობლიშვილი ფოთშია, სადაც ერთხანს მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897 წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში.

მწერლობა სოფრომმა ჯერ კიდევ სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობში“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნებსაც. მკითხველმა გულთბილად მიიღო მისმიერ ნათარგმნი ფრ. შილერის „ორლეანელი ქალი“. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში საინტერესო მოთხრობებსა და მწვავე პუბლიცისტურ წერილებს. მისმა შესანიშნავმა მოთხრობებმა „დედა მაია“, „ღამის მეხრე ცეცო“, „წითელი სარჩული“, „ჯორ-ზაქარია“, „ყაყიტას ქურდები“ და ბევრმა სხვამ, სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ქართულ ლიტერატურაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 526.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 261, თბ., 1994
  • ასათიანი ლ., „ჩვენი მწერლები“, თბილისი, 1972
  • მებუკე გ., „ხალხოსანი მწერლები“, თბილისი, 1962
  • ზანდუკელი მ., „ახალი ქართული ლიტერატურა“, ტ 3, თბილისი, 1955