მაჯაპაჰიტიინდონეზიის იმპერია, ცენტრი კ. იავა. არსებობდა 1293-1520 წლებში. აერთიანებდა ინდონეზიის ფეოდალურ სახელმწიფოთა დიდ ნაწილს. მაჯაპაჰიტის დამაარსებელმა ვიჯაიამ აღადგინა ყოფილი იავური სახელმწიფოს სინგასარის ტერიტორია, გააფართოვა და განამტკიცა მისი საერთაშორისო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობანი. ვიჯაიასა და მისი შვილის ჯაიანეგარის წინააღმდეგ აჯანყდნენ იავის ფეოდალები (რანგა ლავოს აჯანყება – 1295 წ., სორის – 1298-1300 წწ., ნამბის – 1309-1316 წწ. და კუტის – 1319 წ.). სეპარატისტ ფეოდალებთან ბრძოლაში დაწინაურდა გაჯა მადა, რომელიც მაჯაპაჰიტის ფაქტობრივი მმართველი გახდა (1364 წლამდე). 1331 წლიდან უკანასკნელ ფეოდალურ ამბოხებათა ჩახშობის შემდეგ, მაჯაპაჰიტი იქცა ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ. განმტკიცდა მიწაზე სახელმწიფო საკუთრება, მოწესრიგდა მეთემე გლეხობის გადასახადებით ექსპლუატაციის სისტემა, შემუშავდა მსახურეული ფეოდალებისათვის მიწების ბოძების წესი, კანონთა ახალი კრებული.

მაჯაპაჰიტი 1450 წელს.

მაჯაპაჰიტის შემადგენლობაში შევიდა მთელი იავა, კ. ბალი, მადურის, სუმატრის, სუმბავის, კალიმანტანის, სულავესის ყველაზე განვითარებული ოლქები, მოლუკის კუნძულისა და მალაკის ნახევარკუნძულის ცალკეული რაიონები, XIV საუკუნე იყო იავის კულტურის აყვავების ხანა. ამ დროს შეიქმნა ისტორიული პოემა „ნაგარაკერტაგამა“, გაძლიერდა ტაძრების მშენებლობა, მაღალ დონეს მიაღწია სახვითმა ხელოვნებამ. XV საუკუნის შუა წლებში დაიწყო მაჯაპაჰიტის დაცემა. მან დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი. დაახლ. 1520 წლისათვის მაჯაპაჰიტი რამდენიმე სამთავროდ დაიშალა.

ლიტერატურა რედაქტირება