მატნის ღვთისმშობლის ეკლესია
მატნის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დგას სოფლის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვან შვერილშია მოქცეული (15,5 X 7,7 მ). შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი თარაზულადაა გადახურული. აბსიდში ბრტყელი თაღით გადახურული ორი ვიწრო, მაღალი სარკმელი და ორი თაღოვანი ნიში ერთმანეთის სიმეტრიულადაა განლაგებული. ჩრდილოეთ ნიშის დასავლეთით კიდევ ერთი პატარა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე მკვეთრად შვერილი სამი წყვილი პილასტრია, რომლებსაც შეისრული კამარის შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს შორის თითო ყრუ თაღია. ჩრდილოეთ კედლის ოთხივე თაღში საკურთხევლის სარკმლების მსგავსი თითო სარკმელია. სამხრეთით, დასავლეთიდან მეორე თაღში, შესასვლელია, დანარჩენ სამში - თითო სარკმელი. ერთი თაღოვანი სარკმელია დასავლეთით, რომელიც დანარჩენებთან შედარებით ორჯერ უფრო დაბალია. იატაკზე კვადრატული აგურია დაგებული. ეკლესია რიყის ქვის ცოკოლზე დგას. საკურთხევლის ხუთწახნაგა შვერილს დამოუკიდებელი ხუთწახნაგა სახურავი აქვს. შვერილის თითოეულ წიბოს მთელ სიმაღლეზე თითო ვიწრო პილასტრი ასდევს. შვერილის აღმოსავლეთ წახნაგის ღერძზე ყრუ სარკმელია, მოსაზღვრე წახნაგებში - თითო სარკმელი. გრძივ ფასადებზე გლუვი პილასტრების მეშვეობით ოთხ-ოთხი სწორკუთხა არეა შექმნილი; ყოველ არეში თითო სარკმელია; სამხრეთ ფასადის ერთ-ერთ არეში - შესასვლელი. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი ჩასმულია განიერ თაღოვან საპირეში. კარის ზემოთ, საპირის თაღოვან ნაწილში, გამოყვანილია ნახევარწრიული ნიში, რომლის თაღს ირგვლივ ღრმა ღარი ევლება. ფასადის კედლებში, მთელ სიმაღლეზე, თითო ფართო პილასტრია, რომლებსაც აგურის სამსაფეხურიანი კაპიტელები აქვთ, კაპიტელების ძირთან თითო სწორკუთხა შეღრმავებაა. ფრონტონის არეში გამოსახულია სამი, თითქმის ტოლმკლავა, შეღრმავებული ჯვარი. განაპირა ჯვრების განივი მკლავები ფრონტონის ფუძის ხაზზეა, შუა ჯვარი ფასადის ღერძზეა - განაპირა ჯვრებზე ოდნავ ზემოთ. ეკლესიას ოთხსაფეხურიანი აგურის ლავგარდანი აქვს. ლავგარდნის ქვედა საფეხური დამუშავებულია ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღებით. ეკლესია გადახურულია თუნუქით. დასავლეთ კედელზე დაშენებული აგურის სწორკუთხა სამრეკლო ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. გადახურულია თუნუქის ოთხწახნაგა სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 113.