გიორგი მარუაშვილი
გიორგი მინას ძე მარუაშვილი (დ. 23 დეკემბერი, 1910, ქარელი ― გ. 21 იანვარი, 1991, თბილისი) — ქართველი პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1960). სკკპ წევრი. საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.[1]
გიორგი მარუაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 (23) დეკემბერი, 1910 |
დაბ. ადგილი | ქარელი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 21 იანვარი, 1991 (80 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | პარაზიტოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი მარუაშვილმა 1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცონო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1944 წლიდან დირექტორია), ერთდროულად (1959–1962) იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მინისტრი, 1974 წლიდან საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პარაზიტოლოგია. 1940 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1955 წელს — სადოქტორო დისერტაცია. იგი ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას ჯერ სამედიცინო ინსტიტუტში და შემდეგ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1958 წელს დაინიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ-მალარიოლოგად, მონაწილეობდა ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და ყრილობებზე, სადაც გამოდიოდა მოხსენებებით.[2]
მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით 1970 წელს საქართველოში მოხდა მალარიის ადგილობრივი შემთხვევების ლიკვიდაცია, ხოლო 1975 წელს ანკილოსტომიტოზის მასობრივი ლიკვიდაცია. 1970 წელს გიორგი მარუაშვილის ინიციატივით მალარიის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლაში აიკრძალა შხამქიმიკატებით ავიამოფრქვევის გამოყენება, რაც შემდგომში დაინერგა საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში. მარუაშვილმა დანერგა საქართველოში პარაზიტოლოგიის კლინიკურ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება; შეისწავლიდა ადამიანის პარაზიტულ დაავადებებს, ბრუცელოზს და ნაწლავთა ინფექციებს. საქართველოში პირველმა გამოავლინა აგრანულოციტოზი, ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ბუნებრივი კერობრიობა, ადამიანის ტრიქინელოზი, ე. წ. უსიყვითლო ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, შემოტანილი შისტოსომატოზი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნებულია ვირსალაძის სახელობის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომის 31 ტომი და მეთოდური მითითებების 17 კრებული. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 22 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაცია. მის მიერ გამოქვეყნებულია 298 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ-უცხოურ ენაზე, მათ შორის 10 მონოგრაფია.[3]
დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.[4] თბილისში არის გიორგი მარუაშვილის ქუჩა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბრუცელოზი. თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. 151 გვ.;
- ადამიანის ტრიქინელოზი საქართველოში. თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1958. 96 გვ.;
- მალარიის მკურნალობა : თანამედროვე მეთოდები. თბილისი, საქმედგამი, 1951. 56 გვ.;
- Анкилостомидозы и борьба с ними, Тбилиси, 1966;
- Висцеральный лейшманиоз, Тбилиси, 1968.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 643, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ Гуцевич А. В. К 60-летию со дня рождения Георгия Минаевича Маруашвили, Паразитология, т. 4, № 6, с. 579, 1970.
- ↑ თოფურია ი., კავილაძე ო., გიორგი მარუაშვილი, ბიბლიოგრაფია, თბ., 1981.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 462.