ტრიქინელოზი (ლათ. trichinellosis; სინონიმი: ტრიქინოზი) — ადამიანისა და ცხოველების მწვავე ჰელმინთური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაზიტული ჭია ხვიაბეწვა Trichinella spiralis (ტრიქინა). დაავადებას ახასიათებს ბუნებრივი კერობრიობა, გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით ამერიკაში. ტრიქინელა პარაზიტობს მსხვილ ნაწლავებში, მისი ლარვებიგანივზოლიან კუნთებში, სადაც მრავალ წელს ცოცხლობს. ადამიანი ტრიქონელოზით ავადდება დაინვაზიებული ცხოველის თერმულად ცუდად დამუშავებული ხორცის საკვებად გამოყენებისას. დაავადება იწყება უეცრად, ციებცხელებით, მაღალი ტემპერატურით (39°C და მეტი); ახასიათებს ქუთუთოებისა და სახის შეშუპება-შეწითლება, კუნთებისა და თავის ტკივილი, სისხლში – ეოზინოფილია, ზოგჯერ ალერგიული გამონაყარი კანზე. ხანდახან ტრიქონელოზი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და ავადმყოფის სიკვდილით მთავრდება. საკურნალოდ იყენებენ თიაბენდაზოლს (მინთეზოლი), ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ვერმოქსს.

ტრიქინელოზით ავადდება 1000-ზე მეტი სახეობის ცხოველი, უმთავრესად ღორი. ცხოველები ავადდებიან დაინვაზიებული ხორცის ნარჩენებისა და ლეშის ჭამის შედეგად. დაავადებულ ცხოველს ეწყება კუჭ-ნაწლავის აშლილობა, კუნთების ტკივილი, შეშუპება, პნევმონია, დამბლა. მკურნალობა ჯერჯერობით დაუმუშავებელია. პროფილაქტიკა: ყველა ღორის ხორცის გულდასმით ვეტსანექსპერტიზა და დაინვაზიებულის უტილიზაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება