მარია მილოსლავსკაია

მარია მილოსლავსკაია (რუს. Мария Милославская; დ. 1 აპრილი, 1624, მოსკოვი, რუსეთი — გ. 18 აგვისტო, 1669, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი დიდგვაროვანი. სრულიად რუსეთის ცარიცა 1648-1669 წლებში როგორც ალექსი I-ის პირველი ცოლი. რუსეთის ორი ცარის: თედორე III-ისა და ივანე V-ის დედა.

მარია მილოსლავსკაია
სრულიად რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 16 იანვარი, 1648
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1669
წინამორბედი: ევდოკია სტრეშნევა
მემკვიდრე: ნატალია ნარიშკინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 აპრილი, 1624
დაბ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1669, (45 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
მეუღლე: ალექსი I, რუსეთის ცარი
შვილები: სოფია
თედორე III, რუსეთის ცარი
ივანე V, რუსეთის ცარი
დინასტია: რომანოვები (ქორწინებით)
მამა: ილია დანილოვიჩ მილოსლავსკი
დედა: ეკატერინა ფეოდოროვნა ნარბეკოვა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია მილოსლავსკაია დაიბადა 1624 წლის 1 აპრილს მოსკოვში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, ილია დანილოვიჩ მილოსლავსკისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ფეოდოროვნა ნარბეკოვას ქალიშვილი.

 
ალექსი I არჩევს თავის საცოლეს

1647 წელს რუსეთის ცარმა ალექსი I-მა ქორწინების ასაკს მიაღწია. მას მალევე წარუდგინეს საცოლედ სპეციალურად შერჩეული რუსი არისტოკრატი გოგონები, რომელთა შორისაც იყო მარია მილოსლავსკაიაც. პატარძლების არჩევის ეს მეთოდი ცარ ივანე III-ის დედამ, დედოფალმა სოფია პალეოლოგინამ დაამკვიდრა რუსეთში, რომელიც წარმოშობით ბიზანტიიდან იყო და ბიზანტიაში იმპერატორები სწორედ ასე ირჩევდნენ მეუღლეებს.

თავდაპირველად შეიკრიბა თავად-აზნაურთა 200 გოგონა. ამ გოგონების შერჩევის მეთაური, ბორის მოროზოვი ცდილობდა, რომ ცარისათვის თავისი და, ანა მოროზოვა მოეხვედრებინა თვალში, რათა როგორმე მოეწონებინა და ცარის ცოლის ძმა გამხდარიყო, თუმცა ამაოდ. ალექსიმ ეფემია ფეოდოროვნა ვსევოლოჟსკაია შეარჩია თავის საცოლედ, მაგრამ როგორ აღმოჩნდა, გოგონა დაავადებული იყო, რის გამოც მისი ცარზე ქორწინების იდეა ჩაიფუშა, მამამისი კი გადაასახლეს ავადმყოფი ქალიშვილის ალექსისთან მიგზავნისთვის.

მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ალექსი I-მა მარია მილოსლავსკაიაზე დაქორწინება. 1648 წლის 16 იანვარს ალესიმ და მარიამ ჯვარი დაიწერეს, რითაც იგი სრულიად რუსეთის ცარიცა გახდა. მათი ქორწინება მეტად ბედნიერი და ნაყოფიერი იყო, რა დროსაც მარიამ ცამეტი ბავშვი გააჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი სხვა გოგონებთან შედარებით სილამაზით არ გამოირჩეოდა, მოსახლეობაში მუსირებდა ის აზრი, რომ ცარიცა ჯადოქარი იყო და ცარი მოაჯადოვა.

„ჯადოქარზე“ ცარის დაქორწინებას ხალხში იმდენად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ 1648 წელს მოსკოველები აჯანყდნენ. აჯანყების დროს ცარი და ცარიცა მოსკოვიდან გაიქცა, თუმცა ამბოხებულებმა მათ კოლომენსკომდე სდიეს. 1654 და 1660 წლებში იგი ოქროს ოთახში შეხვდა ქართველ დედოფალ ელენა ლეონის ასულს. 1654 წელს მოსკოვს შავი ჭირის ეპიდემია მოედო, რა დროსაც მარია თავის შვილებთან ერთად კალიაზინის მონასტერში გაიხიზნა.

მარია მილოსლავსკაიას არ ჰქონია არავითარი როლი რუსეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, იგი მამაკაცებთან თითქმის საერთოდ არ კონტაქტობდა. ვინაიდან საზოგადოებაში დიდი ზიზღით სარგებლობდა, მარია ყოველთვის შეფარულად, ან სხვისი ეტლებით გადაადგილდებოდა. მიუხედავად ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობაში. თავისი ღრმადმორწმუნეობის გამო, ცარიცა მარია დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საეკლესიო საზოგადოებაში.

ცარიცა მარია აქტიურად აფინანსებდა ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და საავადმყოფოებს. მან 1651-52 წლებში მოსკოვში გადაასვენა წმინდა მარიამ ეგვიპტელის ნეშტი, რომელიც შემდგომში რომანოვების დინასტიის მფარველ წმინდანად ითვლებოდა.

მარია მილოსლავსკაია გარდაიცვალა 1669 წლის 18 აგვისტოს 45 წლის ასაკში, რიგით მეცამეტე მშობიარობის შემდგომი ციებ-ცხელებით. მისი ქვრივი, ცარი ალექსი მეორედ დაქორწინდა ნატალია ნარიშკინაზე, რომელთანაც კიდევ შეეძინა შვილები, მათ შორის რუსეთის პირველი იმპერატორი პეტრე I.

  1. დიმიტრი (1648-1649);
  2. ევდოკია (1650-1712);
  3. მართა (1652-1707);
  4. ალექსი (1654-1670);
  5. ანა (1655-1659);
  6. სოფია (1657-1704), რუსეთის რეგენტი 1682-1689 წლებში;
  7. ეკატერინა (1658-1718);
  8. მარია (1660-1723);
  9. თედორე III (1661-1682), რუსეთის ცარი 1676-1682 წლებში. პირველად იქორწინა აგაფინა გრუშტესკაია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად მართა აპრაქსინა შეირთო, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
  10. თეოდოსია (1662-1713);
  11. სიმეონი (1665-1669);
  12. ივანე V (1666-1696), რუსეთის ცარი 1682-1696 წლებში. ცოლად შეირთო პრასკოვია სალტიკოვა, რომელთანაც შეეძინა სამი ქალიშვილი: მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგინია ეკატერინა, რუსეთის იმპერატრიცა ანა და დიდი მთავარი პრასკოვია;
  13. ევდოკია (1669);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Troyat, Henri (1987). Peter the Great. Translated from the French by Joan Pinkham (1st American ed.). New York: Dutton. ISBN 978-0525245476.
  • Massie, Robert K. (2012) [1998]. Peter the Great: His Life and World. Modern Library. ISBN 9780679645603.