ევდოკია სტრეშნევა

ევდოკია სტრეშნევა (რუს. Евдокия Стрешнева; დ. 1608, კალუგა, რუსეთი — გ. 18 აგვისტო, 1645, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი დიდგვაროვანი. სრულიად რუსეთის ცარიცა 1626-1645 წლებში როგორც ცარ მიხეილ I-ის მეორე ცოლი. რუსეთის ცარ ალექსეი I-ის დედა.

ევდოკია სტრეშნევა
სრულიად რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 5 თებერვალი, 1626
მმართ. დასასრული: 12 ივლისი, 1645
წინამორბედი: მარია დოლგორუკოვა
მემკვიდრე: მარია მილოსლავსკაია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1608
დაბ. ადგილი: კალუგა, რუსეთი
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1645, (36-37 წლის)
გარდ. ადგილი: მოსკოვი, რუსეთი
მეუღლე: მიხეილ I, რუსეთის ცარი
შვილები: ირინა
ალექსი I, რუსეთის ცარი
დინასტია: რომანოვები (ქორწინებით)
მამა: ლუკიან სტეპანოვიჩ სტრეშნიოვი
დედა: ანა კონსტანტინოვნა ვოლკონსკაია
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევდოკია სტრეშნევა დაიბადა 1608 წელს კალუგის ოლქში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ლუკიან სტეპანიჩ სტრეშნიოვისა და მისი მეუღლის, ანა კონსტანტინოვნა ვოლკონსკაიას ქალიშვილი. დედამისი მისი გაჩენიდან მალევე გარდაიცვალა და ვინაიდან მამამისი სამხედრო იყო და შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა ბრძოლა, ევდოკია და მისი და-ძმები ნათესავებთან იზრდებოდნენ.

 
მიხეილ I ირჩევს საცოლეს (ევდოკია ვარდისფერ კაბაში).

მას შემდეგ, რაც რუსეთის ცარ მიხეილ I-ის მეუღლე, ცარიცა მარია დოლგორუკოვა უშვილოდ აღესრულა, ცარმა ახალი ცოლის შერთვა გადაწყვიტა. სხვა ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით, რუსული ტრადიციის მიხედვით ცარები ადგილობრივი დიდებულის ქალიშვილებზე ქორწინდებოდნენ, რომელთაც გარეგნობის მიხედვით ირჩევდნენ. ასე წარუდგინეს ევდოკია სხვა მრავალ წარჩინებულ ქალბატონთან ერთად ცარს, რომელმაც თავიდანვე შეარჩია იგი და დაინიშნა მასზე.

აღსანიშნავია, რომ ვაჟის არჩევანი არ მოეწონა დედამისს, ქსენია შესტოვას, რომელიც თვლიდა, რომ სტრეშნევები არ იყვნენ იმდენად მაღალი რანკის წარმომადგენლები, რომ ცარს ცოლად მათი ქალიშვილი შეერთო. მიუხედავად ყველაფრისა, 1626 წლის 5 თებერვალს მიხეილ I-მა ცოლად ევდოკია სტრეშნევა შეირთო, რითაც იგი რუსეთის ახალი ცარიცა გახდა.

მართალია ქორწინებიდან მალევე დაორსულდა და 1629 წლისთვის ტახტის მემკვიდრეც გააჩინა, თუმცა ამან ვერ უშველა ევდოკიას სავალალო მდგომარეობას რუსეთის სამეფო კარზე. როგორც ცარიცას, მისი მოვალეობა იყო სამეფო კარის მართვა, ასევე საზოგადოებრივ, საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობებში მონაწილეობა და მათი ხელმძღვანელობა, თუმცა იგი საშინელ მდგომარეობაში იყო, რადგან მისი დედამთილი, ქსენია შესტოვა სამეფო კარზე დომინანტი ფიგურა იყო, თავად ცარზე უფრო დიდი ძალაუფლების მქონე. ქსენია ყველაფერს თავად მართავდა და განაგებდა, როგორც ცარიცა, ევდოკია კი მას უბრალოდ უკან დაჰყვებოდა ხოლმე. ევდოკიამ ვერც დედამთილის სიცოცხლეში და ვერც მისი გარდაცვალების შემდეგ, ვერ მოახერხა მიხეილზე გავლენის მოხდენა და ძალაუფლების მოპოვება.

როგორც ცნობილია, იგი საშინელ სტრესში იყო და დიდი დამცირების ატანა უწევდა, სანამ ვაჟი არ გააჩინა. ამის შემდეგ მასზე ზეწოლა შედარებით შერბილდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1638 წელს მან მეათე ბავშვი გააჩინა, მიხეილს ევდოკიაზე გული აუცრუვდა. ცარი მასთან სარეცელს აღარ იყოფდა, სანაცვლოდ კი ახალ-ახალ საყვარლებს იჩენდა. ამის ფონზე ცარიცა საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაება და დაიწყო ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად დიდი თანხების გაცემა.

ევდოკია მეტად რელიგიური ქალი იყო, რის გამოც დაფინანსა არაერთი ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა. როგორც ცნობილია, როდესაც იგი ორსულად იყო ყოველთვის წმინდა მართას სახელზე ლოცულობდა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას შესთხოვდა. 1645 წლის 12 ივლისს ცარი მიხეილი გარდაიცვალა და ტახტი ევდოკიას ვაჟმა, ალექსი I-მა დაიკავა, თუმცა სულ ერთ თვეში, 18 აგვისტოს თავად ევდოკია სტრეშნევაც გარდაიცვალა.

  1. ირინა (1627-1679);
  2. პელაგია (1628-1629);
  3. ალექსეი I (1629-1676), რუსეთის ცარი 1645-1676 წლებში. პირველად იქორწინა მარია მილოსლავსკაიაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო ნატალია ნარიშკინა. რუსეთის სამი ცარის: თედორე III-ის, ივანე V-ისა და პეტრე I-ის მამა;
  4. ანა (1631-1676);
  5. მართა (1631-1632);
  6. ივანე (1633-1639);
  7. სოფია (1634-1636);
  8. ტატიანა (1636-1706);
  9. ევდოკია (1637);
  10. ვასილი (1638-1639);

ლიტერატურა

რედაქტირება
  • I.S. Semjonow: Christliche Dynastien Europas (Христианские династии Европы), Olma Press, 2003
  • Massie, Robert K., Peter the Great: his life and world, Abacus, London, 1995[1980]