პრასკოვია სალტიკოვა

პრასკოვია ფიოდორის ასული სალტიკოვა (რუს. Прасковья Фёдоровна Салтыкова; დ. 12 ოქტომბერი, 1664 — გ. 13 ოქტომბერი, 1723, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი არისტოკრატი და რუსეთის ცარიცა 1684-1696 წლებში როგორც ივანე V-ის მეუღლე. იმპერატრიცა ანას დედა. 1698-1712 წლებში, რუსეთის სამეფო კარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო.

პრასკოვია სალტიკოვა
რუსეთის ცარიცა
მმართ. დასაწყისი: 9 იანვარი, 1684
მმართ. დასასრული: 8 თებერვალი, 1696
წინამორბედი: მართა აპრაქსინა
მემკვიდრე: ევდოკია ლოპუხინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 ოქტომბერი, 1664
გარდ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 1723, (59 წლის)
მეუღლე: ივანე V, რუსეთის ცარი
შვილები: ეკატერინე, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგინია
ანა, რუსეთის იმპერატრიცა
პრასკოვია
მამა: ფიოდორ პეტრეს ძე სალტიკოვი
დედა: ანა მიხეილის ასული ტატიშჩევა
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

პრასკოვია სალტიკოვა დაიბადა 1664 წლის 12 ოქტომბერს რუსეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ფიოდორ პეტრეს ძე სალტიკოვისა და მისი მეუღლის, ანა მიხეილის ასულ ტატიშჩევას ქალიშვილი.

მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. 1683 წელს, 19 წლის პრასკოვია ტრადიციულ ცერემონიალზე არჩეულ იქნა რუსეთის ცარის, ივანე V-ის საცოლედ. მათი ქორწილი 1684 წლის 9 იანვარს შედგა, რის შემდეგაც პრასკოვია რუსეთის ცარიცა გახდა. წყვილს სულ ხუთი ქალიშვილი შეეძინა, რომელთაგან ორი ბავშვობაში გარდაიცვალა.

1696 წელს, ივანე V-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ძმამ, პეტრე I-მა დაიკავა. პეტრე პრასკოვიას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა, რის გამოც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი კვლავ დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ 1698-1712 წლებში იგი ცარიცას უფლებამოსილებებით სარგებლობდა, ასრულებდა მის მოვალეობებს და ხვდებოდა უცხოელ დელეგატებს.

პრასკოვია მეტად განათლებული და გონიერი ქალი იყო, რის გამოც აცნობიერებდა ახალი რეფორმების აუცილებლობას და ამაში თავის მაზლს, პეტრეს მხარს უჭერდა. გარდა ამისა, იგი თავის ქალიშვილებს დასავლური ფასეულობებით ზრდიდა და შემდგომში გერმანელ მამაკაცებზეც დააქორწინა ისინი. ასევე პრასკოვიას სახელს მიეწერება რუსეთის სამეფო კარზე ტრადიციული სლავური სამოსის ჩანაცვლება თანამედროვე ევროპული მოდით.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სანქტ-პეტერბურგში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1723 წლის 13 ოქტომბერს, 59 წლის ასაკში. ამ ამბიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა პეტრე I-ც, რის გამოც ტახტი მისმა ცოლმა, ეკატერინე I-მა დაიკავა. იგი 1727 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი პეტრეს შვილიშვილი, პეტრე II გახდა, რომელიც მალევე, 1730 წელს დაიღუპა უშვილოდ. ასეთ პირობებში სრულიად რუსეთის იმპერატრიცა პრასკოვიას ასული, ანა ხდება, რომლის მმართველობაც ათ წელს გაგრძელდა.

  1. მარია (1689-1692), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. თეოდოსია (1690-1691), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ეკატერინა (1691-1733), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ კარლ ლეოპოლდს, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორის, ივანე VI-ის დედა, ანა ლეოპოლდის ასული;
  4. ანა (1693-1740), რუსეთის იმპერატრიცა 1730-1740 წლებში. ცოლად გაჰყვა კურლანდიის ჰერცოგ ფრიდრიხ ვილჰელმს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  5. პრასკოვია (1694-1731), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Семевский М. И. Царица Прасковья. 1664—1723: Очерк из русской истории XVIII века. М., 1989. Первое издание — 1883.
  • «Praskovia Fedorovna Saltykova-Tsaritsa». Consultado el 5 de abril de 2009.