სოფია ალექსის ასული

სოფია ალექსის ასული (რუს. Со́фья Алексе́евна; დ. 27 სექტემბერი, 1657, მოსკოვი, რუსეთი — გ. 14 ივლისი, 1704, ნოვოდევიჩის მონასტერი, რუსეთი) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის ცარ ალექსი I-ისა და მარია მილოსლავსკაიას ქალიშვილი. თავისი ძმის, ივანე V-ის რეგენტი 1682-1689 წლებში.

სოფია ალექსის ასული
წოდებები
რუსეთის რეგენტი
დაიბადა 27 სექტემბერი, 1657
მოსკოვი, რუსეთი
გარდაიცვალა 14 ივლისი, 1704, (46 წლის)
ნოვოდევიჩის მონასტერი, რუსეთი
საგვარეულო რომანოვები
მამა ალექსი I, რუსეთის ცარი
დედა მარია მილოსლავსკაია
რელიგია მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფია ალექსიევნა დაიბადა 1657 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში. იგი იყო რუსეთის ცარ ალექსი I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ცარიცა მარია მილოსლავსკაიას ცამეტი შვილიდან მესამე გადარჩენილი ქალიშვილი. როგორც უფროსი ქალიშვილი, თავიდან სოფია რუსეთის ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, სანამ 1661 წელს მისი ძმა, თედორე არ დაიბადა.

 
სოფია ალექსის ასული

სოფია ძლიერი რელიგიური გავლენისა და ხშირი კრიტიკით გაჯერებულ გარემოცვაში აღიზარდა. რეალურად, მან პოლიტიკური გავლენები მხოლოდ ძმის, ცარ თედორე III-ის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა, 1682 წელს.

თედორე III უშვილოდ გარდაიცვალა, რამაც რუსეთში მემკვიდრის კრიზისის დაწყება გამოიწვია. წესით ტახტი სოფიას უმცროს ძმას, ივანეს უნდა დაეკავებინა, თუმცა იგი გონებრივად ჩამორჩენილი იყო, რის გამოც რუსებს მისი გამეფება არ უნდოდათ. თავიდან გადაწყდა, რომ ტახტზე დაესვათ ივანე და რეგენტად მისი ნახევარ-ძმა, პეტრე დაენიშნათ, თუმცა ამას 1682 წელსვე სოფიას მომხრე მოსკოველთა აჯანყება მოჰყვა, რის გამოც ტახტზე ივანე V დასვეს, ოღონდ სოფია ალექსის ასულის რეგენტობით.

სოფია ჭკვიანი და ენერგიული მმართველი იყო. მან მთელს რუსეთში განათლებით სახელგანთქმული მთავარი ვასილი გოლიცინი პირველ მრჩეველად დაინიშნა, რაც შემდგომში აისახა კიდეც სოფიას საგარეო პოლიტიკაზე. 1684 წელს მან გააფორმა საზავო ხელშეკრულება შვედებთან, 1686 წელს პოლონეთთან დადო ე.წ. „მარადიული მშვიდობის აქტი“, ხოლო 1689 წელს ნერჩინსკის ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთის იმპერატორთან. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში სოფიამ რუსეთში ნანატრი მშვიდობა დაამყარა და ევროპის თერთმეტ სახელმწიფოში გახსნა რუსეთის საელჩო. ასევე მისი და გოლიცინის მეოხებით აშენდა პირველი სკოლა რუსეთში. 1687 სოფიამ და გოლიცინმა ყირიმის სახანოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანია წამოიწყეს, რაც 1689 წელს კრახით დასრულდა. სწორედ ამან განაპირობა რუსების სოფიას წინააღმდეგ ამხედრება და ამავე წელს მისთვის რეგენტობის ჩამორთმევა.

სოფიას დამარცხებით გაიზარდა მისი ნახევარ-ძმის, პეტრეს რეპუტაცია, რომელიც მალევე დანიშნეს ივანე V-ის თანამმართველად. პეტრემ ავდამყოფი ცარი ივანე მარტივად დაარწმუნა, რომ სოფია მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა, რის გამოც სოფიასაც და მის მოკავშირეებსაც აეკრძალათ მოსკოვის სიახლოვეს მისვლაც კი. ამით გამწარებულმა სოფიამ მართლა დაიწყო შეთქმულების მზადება, ოღონდ არა ივანეს, არამედ პეტრეს წინააღმდეგ, თუმცა 1698 წელს მოსკოვში მისი ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა. ამაზე განრისხებულმა პეტრე I-მა დააკავა სოფია და ნოვოდევიჩის მონასტერში მონაზვნად აღკვეცა. სწორედ აქ გაატარა სოფიამ დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1704 წლის 14 ივლისს, 46 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jean-Francois Chiappe: Die berühmten Frauen der Welt von A–Z. Gütersloh; Stuttgart; Wien 1976
  • Hans Joachim Torke (Hrsg.): Die russischen Zaren 1547–1917. Verlag C.H. Beck, München, 1999. ISBN 3-406-42105-9
  • E.M. Almedingen: Die Romanows – Die Geschichte einer Dynastie, Russland 1613 - 1917. Verlag Ullstein, 1992. ISBN 3-548-34952-8
  • Sofia Alexejewna. In: FemBio. Frauen-Biographieforschung (mit Literaturangaben und Zitaten).
  • Artikel Sofia Alexejewna in der Großen Sowjetischen Enzyklopädie (BSE), 3. Auflage 1969–1978