მარია გროლმუსეცი, გერმანული ვერსია — მარია კაროლინა ელიზაბეტ გროლმუსი ( ზემოსორბ. Marja Grólmusec, გერმ. Maria Karoline Elisabeth Grollmuß, დ. 24 აპრილი , 1896, ლაიფციგი, გერმანია — გ. 6 აგვისტო, 1944, რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკი, გერმანია) — ლუჟიცელი სოციალური აქტივისტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და გერმანიის ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ სოციალისტური წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტი.

მარია გროლმუსეცი
დაბადების თარიღი 24 აპრილი 1896
ლეიფციგი, საქსონიის სამეფო, გერმანიის რეიხი
გარდაცვალების თარიღი 6 აგვისტო 1944
რავენსბრიუკი, ბრანდენბურგის პროვინცია, მესამე რაიხი
მოქალაქეობა ვაიმარის რესპუბლიკის დროშა ვაიმარის რესპუბლიკა
საქმიანობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია გროლმუსეცი დაიბადა 1896 წლის 24 აპრილს ლაიფციგში ფილოლოგიის დოქტორის და სკოლის დირექტორის იან გროლმუსის (იოჰანეს გროლმუსის) ოჯახში. 1917 წლის დეკემბერში დაამთავრა ლაიფციგის პედაგოგიური კოლეჯი და ლაიფციგის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. [1] 1918 წელს შეუერთდა შეუერთდა ლუჟიცურ კულტურულ- საზოგადოებრივ ორგანიზაციას „მატიცა სრპსკა.“ სწავლობდა ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტების ფილოლოგიურ და ისტორიულ ფაკულტეტებზე. სწავლის პერიოდში იყო სოციალისტ სტუდენტთა ლიგის წევრი. 1928 წელს დაიცვა დისერტაცია მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისაღებად თემაზე „ჯოზეფ გორესი და დემოკრატია.“ ამავდროულად, შეუდგა პუბლიცისტურ მოღვაწეობას: აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ Rhein-Mainische Volkszeitung- ში, რომელიც ეკუთვნოდა გერმანიის ცენტრისტული პარტიის მარცხენა ფრაქციას და თანამშრომლობდა კათოლიკურ ჟურნალთან Die Schildgenossen, რომელსაც აქვეყნებდა კათოლიკური ახალგაზრდული მოძრაობა Quickborn. 1927 წელს შეუერთდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, თუმცა მალე გარიცხეს კომუნისტური იდეებისადმი ერთგულების გამო. 1929 წელს შეუერთდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას, მაგრამ ბუხარინის ოპოზიციურ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ, გარიცხეს. 1932 წელს შევიდა გერმანიის სოციალისტურ მუშათა პარტიაში.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარია გროლმუსეცი თანამშრომლობდა რევოლუციონერ სოციალისტებთან (Arbeitskreis Revolutionärer Sozialisten), ამავდროულადვეწეოდა არალეგალურ პოლიტიკურ საქმიანობას. იგი ჩეხოსლოვაკიიდან უკანონო ბეჭდური პუბლიკაციების ტრანსპორტირებას ახდენდა და თან ახლდა პოლიტიკურ ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთისას. ამისთვის მან გამოიყენა მამის სახლი ზემო ლუსატიის სოფელ დორფ-რადიბორში. ინარჩუნებდა პოლიტიკურ ურთიერთობას ოპოზიციურ ჯგუფებთან SPD, KPD და ოტო ბაუერის ავსტრიელ სოციალისტებთან.

მარია გროლმუსეცის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მივიდა გერმანიის ხელისუფლებაში და 1934 წლის 7 ნოემბერს დააპატიმრეს თავის თანამებრძოლ ჰერმან რეინმუთთან ერთად. [2] საპატიმროში დრეზდენში იმყოფებოდა. 1935 წლის 23 ნოემბერს სახალხო სასამართლოს პალატამ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ვალდჰაიმში. ციხეში ყოფნისას მას გაუმწვავდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. მარიას შესთავაზეს თავისუფლება იმ პირობით, რომ უარს იტყოდა იატაკქვეშა საქმიანობაზე, რაზეც მარიამ უარი განაცხადა და 1940 წლის დეკემბერში გადაიყვანეს რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც 1944 წლის 6 აგვისტოს კიბოთი გარდაიცვალა.

  • მარია გროლმუსეცის სახელი უწოდეს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას და ქუჩებს ლაიფციგში, ბაუტცენსა და ჰოიერსვერდესში.
  • 1959 წელს გდრ-ის ფოსტამ გამოუშვა მარია გროლმუსეცისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა.
  • ლუჟაცელმა კომპოზიტორმა ულრიხ პოგოდამ დაწერა სიმფონიური პოემა ორკესტრისთვის „მარია გროლმუსი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Paul Gedan (Hrsg.): Das städtische Lehrerinnenseminar zu Leipzig. Gedenkschrift zur Feier des 25jährigen Bestehens, Leipzig 1924, S. 62
  2. Peter Steinbach und Johannes Tuchel: Lexikon des Widerstandes 1933 – 1945. C.H.Beck; 2., überarb. u. erw. Auflage 1998, стр. 74, ISBN 340643861X