მარია ამალია ესპანელი

მარია ამალია ესპანელი (ესპ. María Amalia de España; დ. 9 იანვარი, 1779 — გ. 22 ივლისი, 1798) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ქალიშვილი. 1795 წელს ცოლად გაჰყვა თავისსავე ბიძას, ანტონიო პასკალ ესპანელს. ქორწინებიდან სამ წელისადში მარია ამალია მშობიარობას გადაჰყვა.

მარია ამალია ესპანელი
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1779
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1798, (19 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ანტონიო პასკალ ესპანელი
მშობლები მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა პარმელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარია ამალია დაიბადა 1779 წლის 9 იანვარს. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზას მეორე ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ესპანეთის დედოფალ მარია ამალია საქსონიელის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ დედამისი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ფავორიტი შვილიშვილი იყო.

თავდაპირველად დედოფალი მარია ლუიზა მარია ამალიას მითხოვებას თავის ძმის შვილზე, პარმის პრინც ლუიჯიზე გეგმავდა. 1794 წელს ლუიჯი ესპანეთის სამეფო კარზეც ჩავიდა. იგი საკმაოდ სიმპატიური შესახედაობის, ქერა, ინტელიგენტი და ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო, და ამავდროულად ხუთი წლით უმცროსიც მარია ამალიაზე. ლუიჯიმ მისი ასაკისა და გარეგნობის გამო უარი თქვა მარია ამალიაზე და სანაცვლოდ მის უმცროს დაზე, მარია ლუისაზე დაქორწინების ნებართვა ითხოვა, რომელიც მისი თანატოლი და ბევრად უკეთესი გარეგნობის გოგონა იყო. მარია ამალიას დები დიდი წარმატებით გათხოვდნენ: კარლოტა ხოაკინა პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორს გაჰყვა, მარია ლუისა ლუკას ჰერცოგსა და ერტურიის მეფეს, მარია ისაბელი კი სიცილიისა და ნეაპოლის მეფეს. ცხადია მარია ამალიას მშობლებს მისი ასეთივე სარფიანად გათხოვება სურდათ, თუმცა ევროპის მონარქებს მასზე დაქორწინება არ სურდათ.

ქორწინება და გარდაცვალება

რედაქტირება

მისმა მშობლებმა მარია ამალიასათვის საქმრო საბოლოოდ ისევ ესპანეთში იპოვნეს. ეს იყო მარია ამალიაზე 24 წლით უფროსი მისივე ბიძა ანტონიო პასკალი, რომელიც აქამდე არასდროს დაოჯახებულა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, მათ ბევრი საერთო აღმოაჩინეს და ისინი ერთად ხშირად საათობით სეირნობდნენ და ნადირობდნენ კიდეც.

1795 წლის 25 აგვისტოს შედგა მარია ამალიასა და ანტონიო პასკალის ქორწინება. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწინდნენ მარია ამალიას და — მარია ლუისა და ლუიჯი პარმელი.

1797 წელს მარია ამალია პირველად დაფეხმძიმდა, თუმცა მალევე მუცელი მოეშალა. ამ ამბიდან მალევე იგი კვლავ დაფეხმძიმდა, თუმცა 1798 წლის 22 ივლისს, 19 წლის მარია ამალია პირველივე მშობიარობას გადაჰყვა, მან მკვდარი ბავშვი გააჩინა. იგი დაკრძალეს ესკორიალის სამეფო ბაზილიკაში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo. Los desconocidos infantes de España. Thassalia, 1996. ISBN 8482370545
  • Rubio, Maria José. Reinas de España. La Esfera de los Libros, Madrid, 2009. ISBN 978-84-9734-804-1