მარგარეტ ჰასანი
მარგარეტ ჰასანი, (ინგლ. Margaret Hassan, ქალიშვილობისას მარგარეტ ფიცსიმონსი ინგლ. Fitzsimons; დ. 18 აპრილი, 1945 – გ. 8 ნოემბერი, 2004) — ირლანდიელი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE International-ის ერაყის ბიუროს დირექტორი, რომელიც პროფესიული მოღვაწეობის შესრულების გამო ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს.
მარგარეტ ჰასანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1945 ირლანდია |
გარდაცვალების თარიღი |
8 ნოემბერი, 2004 (59 წლის) ერაყი |
ეროვნება | ირლანდიელი |
მოქალაქეობა | ბრიტანეთი, ერაყი, ირლანდია |
საქმიანობა | ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა |
რელიგია | კათოლიკე ქრისტიანი |
მეუღლე(ები) | თაჰსინ ალი ჰასანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებათავდაპირველად მარგარეტი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის გარეუბანში ცხოვრობდა, განათლება კი მან ლონდონში მიიღო. 27 წლის ასაკში იგი დაქორწინდა თაჰსინ ალი ჰასანზე, რომელიც ინგლისში ინჟინრის სპეციალობაზე სწავლობდა. 1972 წელს წყვილი გადასახლდა ბაღდადში, სადაც "ბრიტანული საბჭოს" ეგიდით მარგარეტი ინგლისურ ენას ასწავლიდა. 1991 წ.ომის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ბრიუსელში ბაზირებული ჰუმანიტარული ორგანიზაციას CARE-ის ერაყის ოფისს, რომელმაც თავის პრიორიტეტად ჯანდაცვის, სანიტარულ და კვების საკითხებში ერაყელთა დახმარება დაისახა მიზნად.[1]
ჰუმანიტარული ვითარება ერაყში
რედაქტირებაირანთან გამაჩანაგებელი რვაწლიანი ომის შემდეგ 1990 წელს ერაყმა ქუვეითი დაიპყრო და მისი ანექსია მოახდინა. მას შედეგად მოჰყვა საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ სპარსეთის ყურის პირველი ომი, რომელმაც დიდძალ მსხვერპლთან ერთად უმძიმესი ინფრასტრუქტურული კრიზისი გამოიწვია. 20-დან 18 ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლის გარდა, დიდწილად განადგურდა ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის მომარაგების სისტემა.
საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ სადამ ჰუსეინის დასჯის მოტივით გაერომ მკაცრი ემბარგო შემოიღო. ბევრ სხვა ნივთთან ერთად, აიკრძალა სანიტარული პირსახოცის, შამპუნის, ქირურგიული ხელთათმანის, წყლის გასაწმენდი ქიმიური პრეპარატის, ქირურგიული ინსტრუმენტის, ტუალეტის ქაღალდის, კბილის პასტის თუ ჯაგრისის იმპორტი. მედიკამენტების დეფიციტმა ადამიანთა მკურნალობა მკვეთრად შეზღუდა, ხშირად კი შეუძლებელი გახადა. უმუშევართა რაოდენობამ მოსახლეობის 60%-ს მიაღწია.
მძიმე ვითარების ფონზე 1998-2000 წწ. გაეროს ჰუმანიტარული ოფისის ხელმძღვანელები ჰანს ვონ სპონეკი და დენის ჰალიდეი თანამდებობიდან გადადგნენ. მათი მონაცემებით, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ყოველდღიურად ქვეყანაში 167 ბავშვი იღუპებოდა. მეტად სავალალო შედეგი მოჰყვა წყლის მოწამვლას და საკანალიზაციო სისტემის განადგურებას. საკვების ქრონიკულ უკმარისობას განიცდიდა ხუთ წლამდე ბავშვების 31%.[2]
სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანები. 1991 წ. ინტენსიური დაბომბვების დროს კოალიციამ ერაყის წინააღმდეგ 90 ათასი ტონა ბომბი, მათ შორის გამდიდრებული ურანის შემცველი რაკეტები გამოიყენა. ლეიკემიით დაავადებული ასეულობით ბავშვის გადასარჩენად "ინდეპენდენტის" მკითხველების მიერ შეგროვებული $250,000 მარგარეტ ჰასანის თაოსნობით CARE-მ საავადმყოფოებისთვის წამლების შესაძენად გამოიყენა.
მარგარეტ მკაცრად გმობდა სანქციებს, როგორც მთელი მოსახლეობის კოლექტიური დასჯის სრულიად ანტიჰუმანურ მეთოდს. მისი თქმით, ემბარგო ეწინააღმდეგებოდა თვით გაეროს წესდებას, რომელიც თავისი საქმიანობის ქვაკუთხედად ადამიანის უფლებების პატივისცემას აცხადებს.[3]
გატაცება და მკვლელობა
რედაქტირება2003 წლის მარტში საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით ფართო სამხედრო კამპანია გააჩაღა სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობის მიზნით. დასავლეთის ძალები მცირე ხანში ორგანიზებულ შეიარაღებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ხელისუფლების პარალიჩმა გამოიწვია ქაოსი, სხვადასხვა ჯგუფების მიერ ორგანიზებულმა აფეთქებებმა, გატაცებებმა და მკვლელობებმა კი ყოველდღიური ხასიათი მიიღო.
2004 წლის 19 ოქტომბერს სამსახურში ავტომანქანით მიმავალი მარგარეტ ჰასანი პოლიციის ფორმაში გადაცმულმა პირებმა გაიტაცეს. ერაყში მისი პირადი ცნობადობიდან და ჰუმანიტარული საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ, მათ შორის თვით მასობრივი მკვლელობით ცნობილი აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის ორგანიზაციამ, მისი გათავისუფლების მოწოდება გააკეთეს.
14 ნოემბერს გავრცელდა მარგატეტის სიკვდილით დასჯის ვიდეო. ჩვეული პრაქტიკისგან განსხვავებით, მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ჯგუფს არ აუღია. ცხედრის ადგილსამყოფელიც უცნობი დარჩა. [4]
ორი წლის შემდეგ გამტაცებლებისთვის დანაშაულში ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებულ ერთ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით აპელაციის შედეგად მას ვადა შეუმცირეს, 2008 წელს კი საერთოდ გაათავისუფლეს.[5]
უამრავმა ხალხმა პატივი მიაგო პიროვნებას, რომელმაც სხვებზე თავდაუზოგავ ზრუნვას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Margaret Hassan Relief worker who dedicated her life to helping the Iraqi people theguardian.com
- ↑ Robert Fisk, The Great War for Civilization, Happer Perennial, 2006, გვ. 868.
- ↑ Margaret Hassan, friend of Iraqis dawn.com
- ↑ The tragic last moments of Margaret Hassan independent.co.uk
- ↑ ISIS prisoner confesses witnessing final hours of British aid worker murdered in Iraq 12 years ago dailymail.co.uk