მამუკა თავაქალაშვილი
მამუკა თავაქალაშვილი (თავაქარაშვილი) — XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთის მეფის კარზე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1634 ტყვედ მოხვდა სამეგრელოში იმ ბრძოლების შედეგად, რომელიც წარმოებდა XVII საუკუნის 30-იან წლების საქართველოში. იმერეთის მეფე გიორგი და კახეთის მეფე თეიმურაზ I ეომებოდნენ როსტომ მეფესა და სამეგრელოს მთავარს. ამის შემდეგ ის ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას.
1647 წელს გადაწერა „შაჰნამეს“ გაგრძელების ე. წ. „უთრუთიანსაამიანის“ ქართული პროზაული ვერსია (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-921, S-1594). გალექსა „ზააქიანი“, რისთვისაც გამოიყენა „შაჰნამეს“ ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია შემკვეთის ლევან დადიანის, პოემის ავტორის რუსთაველისა და საკუთარი სურათიც. პოეტი დახატულია უწვეროდ, ულვაშებში, მაგრამ შემდეგ ვიღაცას მელნით პოეტისთვის წვერი მიუხატავს. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მინიატურისტმა რუსთაველის პოემის ილუსტრაციებში XVII საუკუნის დასავლეთი საქართველო აღბეჭდა.
მამუკა თავაქალაშვილის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტი ემყარება გარკვეულ ტრადიციას, კერძოდ, „ვეფხისტყაოსანი“ დაწერილი ყოფილა პოეტის ახალგაზრდობის დროს.
ეს ხელნაწერი სამეგრელოს მთავრის კარზე ინახებოდა გარკვეული ხანი, შემდეგ კი სხვადასხვა პირთა საკუთრება გამხდარა. პირველი ცნობა „ვეფხისტყაოსნის“ ამ ხელნაწერის შესახებ ეკუთვნის იონა მეუნარგიას (1881), ხოლო შემდგომში მისი დაწვრილებით აღწერა მოგვცა ექვთიმე თაყაიშვილმა. ხსენებული ხელნაწერის მფლობელად ნინო კორინთელი გვევლინება. მანამდე კი ეს ხელნაწერი აზნაურ გრიგოლ ანთაძის საკუთრება ყოფილა. ნინო კორინთელმა ხელნაწერი დროებით სარგებლობისთვის დაუთმო „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიას 1888 წლის გამოცემის მომზადების პერიოდში. 1911 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილის მცდელობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეიძინა ეს ხელნაწერი კორინთელისგან. ვეფხისტყაოსნის თავაქალაშვილისეული ნუსხა დღემდე მოღწეულ სრულ რედაქციებს შორის უძველესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
- ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
- ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- კობიძე დ., სპარსული ლიტერატურა, ნაწ. 2, თბ., 1947;
- ყუბანეიშვილი ს., ლიტერატურული და ხალხური ზააქიანი, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“, 1953, თ. 14, № 6;
- შერვაშიძე ლ., „ვეფხისტყაოსნის“ 1646 წლის ხელნაწერის მინიატურების ავტორობის შესახებ, იქვე, 1955, ტ. 16, № 6;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 562.