მამია ახობაძე
მამია ახობაძე (დ. 23 მაისი, 1933, მიწაბოგირა, სამტრედია — გ. 15 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1978), რომლის შემოქმედება აღიარებულია და დაფასებულია როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის საზღვრებს გარეთ.[1] დაჯილდოებულია მედლებით: „შრომითი მამაცობისათვის“ და „შრომითი წარჩინებისათვის“ 1980 წელს.[1]
მამია ახობაძე | |
---|---|
მამია ახობაძე | |
დაიბადა | 23 მაისი, 1933 |
დაბადების ადგილი | მიწაბოგირა, საქართველო |
გარდაიცვალა | 15 მაისი, 2010 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მხატვრობა |
მიმდინარეობა | ფერწერა, გრაფიკა |
ჯილდოები | საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1978) |
ბიოგრაფია
რედაქტირებამამია ახობაძე დაიბადა 1933 წლის 23 მაისს სამტრედიის სოფელ მიწაბოგირაში. 1949-1954 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 1960 წელს დაასრულა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.[2] 1955 წლიდან მონაწილეობდა ყველა შემოქმედებით, რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. 1961 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია. 1962 წლიდან 37 წლის განმავლობაში გორის სამხატვრო სკოლის პედაგოგია. 1968- 2005 წლებში თსუ პროფესორი, ხელოვნების კათედრა.[3][4] 1972-1992 წელებში ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანების ხელმძღვანელი. 1983–2003 წლებში მხატვართა კავშირის მდივანი.[1]
1967-1982 წლებში თავმჯდომარეობდა მის მიერ შექმნილ „ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანებას, რის გამოც ერთი კვირით საკანში გამოკეტეს.[1] 1986 წლიდან მოყოლებული, ახობაძემ თაობები აღზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მამია ახობაძე ემსახურა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განათლებას. ის ქართული ფერწერის 60-ელთა თაობას წარმომადგენელია და დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში.
მამია ახობაძე გარდაიცვალა 2010 წლის 15 მაისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად. დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე.[1]
მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწრამოებებია: „ბათუმის პორტრეტი“ (1956), „შორეული რეისის წინ“ (1963), „ომის ტრაგედია“ (1965), „წუთიერი დუმილი“ (1969), „წარსულის მოგონება“ (1974), „ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტი“ (1961). შექმნილი აქვს ბუნების ამსახველი ნახატები: „აჭარის პეიზაჟი“ (1963), „ქართლი“ (1965), „ანასეული“ (1971), „არაგვის ნაპირებზე“ (1978), „ქართლის პეიზაჟები“ 1989–1990).[2] დიდი ხნის განმავლობაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, შეერთებული შტატების თეთრი სახლის და გერმანიის, ჰაიდელბერგის მუნიციპალიტეტში გამოფენილი იყო მისი ქართლის პეიზაჟები, ხოლო შემდგომში, ამ ნახატების ფოტოები გამოსახული იყო გერმანული, ინგლისური, იაპონური ჟურნალების გარეკანზე.[4]
პერსონალური გამოფენები
რედაქტირება1950-2010 წლებში მონაწილეობდა საზღვარგარეთ მოწყობილ ქართველი მხატვრების ჯგუფურ ექსპოზიციებში, ბიენალეებში, პლენერებში. გამოფენილი იყო: პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, აშშ, ჩილე, იაპონია, რუსეთი, ეგვიპტე, ესპანეთი და სხვ.
1989 წელს შედგა მამია ახობაძისა და სხვა სსრკ მხატვრების ნამუშევრების გამოფენა იტალიაში. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხატვრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა გაიმართა.[3]
მისი ნამუშევრები გაბნეულია მსოფლის მრავალი ქვეყნის მუზეუმებში (კლაიპედა, ინგლისის სამეფო აკადემია, კემბრიჯის უნივერსიტეტი, რუსეთის სხვადასხვა მუზეუმები, თბილისის, ქუთაისის, თერჯოლის და სხვ), მრავალი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კოლექციებში (რუსეთი, ინგლისი, აშშ, ეგვიპტე, იაპონია, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და სხვ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 304.
- ელგუჯა სანადირაძე, მამია ახობაძის ხელოვნების პოეზია, ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1983 წ., №4.
- ელგუჯა ამაშუკელი, სიკეთით აღსავსე მხატვარი. ჟურნალი „დროშა“, 1986 წ., № 2.
- გია ბუღაძე, თავდადების მაგალითი, გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 9.VII. 1993 წ., გვ. 16.
- ეკატერინე გაჩეჩილაძე, პეიზაჟი მ. ახობაძის შემოქმედებაში (1950-75 წლები), თსუ ხელოვნების
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ეკატერინე გაჩეჩილაძე. მამია ახობაძე - 80. Georgianart.Ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2018.
- ↑ 2.0 2.1 მამია ახობაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2018.
- ↑ 3.0 3.1 მამია ახობაძის ნამუშევრების გამოფენა თსუ-ში. edu.aris.ge (28 მაისი, 2013). ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2018.
- ↑ 4.0 4.1 სალომე გველესიანი. (20 მაისი, 2013) რატომ ამშვენებდა გერმანული ჟურნალების ყდებს მამია ახობაძის ფერწერული ნამუშევრები. „თბილისელები“. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2018.