მადნეული საბადოები

მადნეული საბადოები — დედამიწის ზედაპირზე ან მის წიაღში დაგროვილი მადნის ბუდობები, რომლებიც სიდიდით, ხარისხისა და განლაგების პირობების მიხედვით ხელსაყრელია დასამუშავებლად.

მადნეული საბადო კრივოი-როგთან

მადნეული საბადო ერთი ან რამდენიმე მადნეული სხეულისგან შედგება. წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგად. არსებობს შავი, ფერადი, მსუბუქი, კეთილშობილი, იშვიათი და რადიაქტიური ლითონების, აგრეთვე გაფანტული და იშვიათ მიწათა ელემენტების მადნეული საბადოები.

შავი ლითონების მადნეულ საბადოს მიეკუთვნება რკინის, მანგანუმის, ქრომის, ტიტანისა და ვანადიუმის საბადოები. ფერადი ლითონის მადნეულ საბადოს — სპილენძის, ტყვიის, თუთიის, კობალტის, ნიკელის, სტიბიუმის საბადოები. მსუბუქი ლითონების მადნეული საბადოები ძირითადად ბოქსიტის დანაგროვებითაა წარმოდგენილი, საიდანაც მოიპოვებენ ალუმინს. იშვით ლითონთა მადნეულ საბადოს ქმნის კალის, ვოლფრამის, მოლიბდენის, ვერცხლისწყლის, ბერილიუმის, ტანტალისა და ნიობიუმის მინერალური დანაგროვები. კეთილშობილ ლითონთა მადნეულ საბადოებს აკუთვნებენ: ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პლატინის ჯგუფის ლითონთა საბადოებს. რადიაქტიურ ლითონთა საბადოებს ქმნის ურანისა და თორიუმის მინერალთა ბუნებრივი დანაგროვები დედამიწის ქერქში. გაფანტული ელემენტების მადნეული საბადოები დამოუკიდებლად არ გვხვდება, ეს ელემენტები უმთავრესად მოიპოვება სხვა ელემენტების მადნეული საბადოებიდან, ძირითადი კომპონენტების პარალელურად.

გენეზისის მიხედვით მადნეულ საბადოებში განარჩევენ მაგმურ, პეგმატიტურ, პნევმატოლიზურ, ჰიდროთერმულ, დანალექ და მეტამორფოგენულ საბადოებს.

ლიტერატურა

რედაქტირება