მადაგასკარის ისტორია
მადაგასკარის ისტორია არ არის სათანადოდ შესწავლილი. არქეოლოგების უმეტესობა მიიჩნვს, რომ კუნძუზე პირველმოსახლეები ძვ. წ. აღ. 350 წლიდა ახ. წ. აღ. 500 წლებში მივიდნენ, ნაწილი მეცნიერების აზრით უძველესი ნამოსახლარები თარიღდება ახ. წ. აღ. 250 წლით. ამ მონაცემებით მადაგასკარი ყველაზე გვიან დასახლებული ტერიტორიაა.[1] პირველი მოსახლეები კალიმანტანიდან კანოებით მოვიდნენ. ადრეული მოსახლეები სანაპირო ზოლში არსებულ წვიმის ტყეებს სოფლის მეურნეობის საწარმოებლად ჩეხდნენ. მათ ასევე გადააშენეს ისეთი ენდემური ჯიშები როგორიცაა: სუბფოსილური ლემური, სპილოსებრი ჩიტი, მალაგასური ჰიპოპოტამუსი.[2] 600 წლისთვის ამ ახალ–მოსახლეებმა უკვე კუნძულის ცენტრალურ ნაწილში დაიწყეს ტყეების გაჩეხვა.[3] კუნძულს არაბი ვაჭრები პირველად VII-IX საუკუნეებში მიადგნენ.[4] კუნძულზე ბანტუს ენაზე მოსაუბრე ემიგრანტები დაახლოებით 1000 წელს ჩვიდნენ.
XIV საუკუნეში მადაგასკარის ცენტრში შეიქმნა იმერენის სახელმწიფო, რომელიც XVIII საუკუნის დასასრულს ძლიერი ცენტრალიზებული მონარქია გახდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო ინგლისისა და საფრანგეთის ბრძოლა მადაგასკარისთვის. 1885 წელს საფრანგეთმა მადაგასკარზე პროტექტორატი დაამყარა. 1896 წელს მოახდინა მისი ანექსია და 1897 წელს გააუქმა იმერინის მონარქების ხელისუფლება. ქვეყანა საფრანგეთმა აგრარულ-სანედლეულო დანამატად გადააქცია. კოლონიის პერიოდში მადაგასკარის ხალხი არ წყვეტდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბრძოლა გადაიზარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1946 წელს აღმოცენდა პირველი მასობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია — მალაგასის აღორძინების დემოკრატიული მოძრაობა (მადმ). 1947 წელს იფეთქა შეიარაღებულმა აჯანყებამ, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს ფრანგმა კოლონიზატორებმა. მადმ კანონგარეშე გამოაცხადეს. მისი აქტივისტები დასაჯეს. XX საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა რამდენიმე ბურჟუაზიულ-რეფორმისტული პარტია, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტია. 1957 წელს მადაგასკარი ავტონომიურ მალაგასის რესპუბლიკად გამოცხადდა საფრანგეთის გაერთიანებების ფარგლებში. იმავე წელს შეიქმნა მადაგასკარის დამოუკიდებლობის კონგრესის პარტია, რომელმაც მოითხოვა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა.
1960 წლის 26 ივნისს გამოცხადდა მალაგასის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. პრეზიდენტი გახდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ფილიბერ ცირანანა. იმავე წლის სექტემბერში მალაგასის რესპუბლიკა მიიღეს გაეროში.
მალაგასის სუვერენიტეტი შეიზღუდა თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებით (1960 წლის აპრილი), რომელიც საფრანგეთმა თავს მოახვია მადაგასკარს. შეთანხმების თანახმად მალაგასის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საფრანგეთი აკონტროლებდა. საფრანგეთმა კუნძულზე შეინარჩუნა რიგი სამხედრო ბაზა და პრივილეგიები ეკონომიკაში. მალაგასის რესპუბლიკის მაშინდელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოსახლეობის ფართო მასების ინტერესებს. ამან წარმოშვა უკმაყოფილება დემოკრატიულ წრეებში, რაც 1972 წელს მძლავრ გამოსვლებში გადაიზარდა. ცირანანა იძულებული გახდა ძალაუფლება სამხედრო პირებისთვის გადაეცა (1972 წლის ოქტომბერი), რომელთაც გენერალი გაბრიელ რამანანცუა მეთაურობდა. 1973 წლის იანვარს ახალმა მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა საფრანგეთ-მალაგასის შეთანხმება და გაატარა დემოკრატიული ღონისძიებები, რომლებიც მემარჯვენე ძალების წინააღმდეგობას წააწყდა. 1975 წლის თებერვალში მოკლეს პოლკოვნიკი რიჩარდ რაციმანდრავა (მთავრობის მეთაური 1975 წლის 6 თებერვლიდან). ხელისუფლებამ მკაცრად ჩაახშო მემარჯვენეთა წინააღმდეგობა.
1975 წელს შეიქმნა ახალი მთავრობა — უმაღლესი რევოლუციური საბჭო. 1975 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც მოიწონა ქარტია — მთავრობის პოლიტიკური პროგრამა, ახალი კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩია დიდიე რაცირაკა. 21 დეკემბერს რაცირაკამ გამოაცხადა მადაგასკარის დემოკრატიული რესპუბლიკა და ქვეყანაში დაიწყო სოციალიზმის მშენებლობა. 1976 წელს შეიქმნა რევოლუციური დაცვის ფრონტი. საგარეო პოლიტიკაში მადაგასკარი ატარებს მიუმხრობლობის პოლიტიკას.
საბჭოთა პერესტროიკამ მადაგასკარშიც გამოიწვია დემოკრატიული ძვრები. 1990 წელს აღდგა მრავალპარტიულობა. 1991 წელს დაცხრილეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია. 1992 წელს ახალი პრეზიდენტი გახდა ალბერტ ზაფი, რომელმაც დაიწყო საბაზრო ეკონომიკის რეფორმა.
2009 წელს ანტისამთავრობო მიტინგის დროს ანტანანარივუს მერმა ანდრი რაძოელინამ თავი ქვეყნის მეთაურად გამოაცხადა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ ეს სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნიეს და ქვეყანას სანქციები დააკისრეს[5].
2010 წელს რეფერენდუმით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რაც მეოთხე რესპუბლიკის დასაბამი გახდა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ გამჭვირვალედ და სამართლიანად სცნო, მადაგასკარის მიმდინარე პრეზიდენტი ერი რაძაუნარიმამპიანინა იქნა არჩეული.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 339.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Crowley, B.E. (2010). „A refined chronology of prehistoric Madagascar and the demise of the megafauna“. Quaternary Science Reviews. 29 (19–20): 2591–2603. Bibcode:2010QSRv...29.2591C. doi:10.1016/j.quascirev.2010.06.030.
- ↑ Virah-Sawmy, M.; Willis, K. J.; Gillson, L. (2010). „Evidence for drought and forest declines during the recent megafaunal extinctions in Madagascar“. Journal of Biogeography. 37 (3): 506–519. doi:10.1111/j.1365-2699.2009.02203.x.
- ↑ Campbell, Gwyn (1993). „The Structure of Trade in Madagascar, 1750–1810“. The International Journal of African Historical Studies. 26 (1): 111. doi:10.2307/219188.
- ↑ Wink (2004), p. 185
- ↑ США прекращают всю помощь Мадагаскару, кроме гуманитарной. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-22. ციტირების თარიღი: 2015-03-12.
- ↑ Centre d'actualités de l'ONU – Madagascar : l'ONU salue le bon déroulement du deuxième tour des élections présidentielles. Un.org. ციტირების თარიღი: 2014-02-10.