მაგრანეთის მესამე ეკლესია
მაგრანეთის მესამე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის სამხრეთით, ხატისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,8 x 4,9 მეტრი), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვის დიდი ნაწილი და აფსიდის თაღის წვერი, განგრეულია სამხრეთ და ჩრდილო კედლები, მონგრეულია გარეთა კუთხეები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, გაჭრილია გარეთკენ ოდნავ შევიწროებული, თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს გეგმით ნახევარწრიული და მაღალი (სიმაღლე 2 მეტრია) თითო თაღოვანი ნიშია. სარკმლისა და ნიშების თაღები შირიმის ქვითაა გამოყვანილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. ეკლესიის კვადრატული ფორმის დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომლისგანაც ქუსლის წყობის ნაწილებიღაა შემორჩენილი. დასავლეთის ფრონტონის წვერის წყობაში ჩადგმულია ოთხკუთხა შირიმის ქვა, რომელზეც ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარია გამოსახული. ფასადის სამხრეთ ნაწილში, მიწის დონიდან 1 მეტრ სიმაღლეზე მოთავსებულ ოვალური ფორმის ქვიშაქვის ქვაზე გაუწაფავი ხელით ამოკაწრულია ორსტრიქონიანი ასომთავრული (ნუსხურნარევი) ნარწერა (X საუკუნე). ეკლესიის ირგვლივ სამარხების კვალი შეინიშნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვიტაშვილი რ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 390.