ლუი ჟოზეფი (საფრანგეთის დოფინი)
ლუი ჟოზეფ ფრანგი (ფრანგ. Louis-Joseph de France; დ. 22 ოქტომბერი, 1781, ვერსალის სასახლე, საფრანგეთი — გ. 4 ივნისი, 1789, მედონის შატო, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის დოფინი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარი ანტუანეტის უფროსი ძე, ლუი XVII-ის ძმა.
ლუი ჟოზეფი | |
---|---|
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. წლები: | 22 ოქტომბერი, 1781 — 4 ივნისი, 1789 |
წინამორბედი: | ლუი ავგუსტი |
მემკვიდრე: | ლუი შარლი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ოქტომბერი, 1781 |
დაბ. ადგილი: | ვერსალის სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1789, (7 წლის) |
გარდ. ადგილი: | მედონის შატო, საფრანგეთი |
სრული სახელი: | ლუი ჟოზეფ ქსავიერ ფრანსუა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XVI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარი ანტუანეტ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუი ჟოზეფი დაიბადა 1781 წლის 22 ოქტომბერს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარი ანტუანეტის მეორე შვილი და პირველი ვაჟი, შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე და დოფინის წოდების მფლობელი დაბადებიდანვე. გაჩენისთანავე იგი აღსაზრდელად სამეფო ბავშვების აღმზრდელს, ვიქტორია დე როანს მიაბარეს. 1782 წლიდან დედოფალმა ვიქტორია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილას თავისი მეგობარი, პოლინიაკის ჰერცოგინია იოლანდ დე პოლასტრონი დანიშნა.
ლუი ჟოზეფი ძალიან ახლოს იყო თავის უფროს დასთან, პრინცესა მარი ტერეზთან, ვინაიდან და-ძმა ერთად იზრდებოდა. ამასთან, ისინი ერთად იღებდნენ განათლებასაც. მიუხედავად იმისა, რომ დოფინს თავიდანვე ერთობ „გონებამახვილ“ ბავშვად ახასიათებდნენ, მას ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.
1784 წლის აპრილში, როდესაც სამი წლისაც არ იყო, მან ცხელებების მთელი სერია გადაიტანა. გამოსაჯანმრთელებლად მშობლებმა იგი შატო დე ლა მუეტში გააგზავნეს, რომელიც თავისი ჰავით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ იქაური გარემო მართლაც დაეხმარა დოფინს ფეხზე წამოდგომაში, თუმცა დაბრუნდა თუ არა სამეფო კარზე, 1785 წელს მას ყვავილი შეეყარა. მართალია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი საგრძნობლად შეირყა.
1786 წელს ცხელებები კვლავ შემოუბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ცხელება მხოლოდ პირველი სიმპტომი იყო კიდევ უფრო ძლიერი და იმ ეპოქაში განუკურნებელი სენის, ტუბერკულოზისა. 1788 წლის იანვარში ცხელებები კიდევ უფრო გაუძლიერდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ლუი ჟოზეფი უკვე დანიშნული იყო თავის დეიდაშვილზე, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელ-სიცილიელზე, რომელიც, მიუხედავად მისი დაღუპვისა, მაინც გახდა საფრანგეთის დედოფალი, ოღონდ ლუი ფილი I ორლეანელის ცოლის ამპლუაში.
1789 წლის 4 ივნისს მედონის შატოში, 7 წლის დოფინი ლუი ჟოზეფი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სენ-დენის სამეფო ბაზილიკაში. მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, რომელმაც შეიწირა მამამისის, დედამისის, მისი ძმის, მამიდისა და მრავალი ფრანგი წარჩინებულის სიცოცხლე.
1793 წელს, რევოლუციონერებმა მისი საფლავიც გახსნეს, თუმცა მოგვიანებით ბიძამისმა, ლუი XVIII-მ ყველა მონარქის ნეშტი უკან, აკლდამაში დააბრუნა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Thea Leitner: Habsburgs vergessene Kinder (= Serie Piper. 1865). Ungekürzte Taschenbuchausgabe, 7. Auflage. Piper, München u. a. 2000, ISBN 3-492-21865-2.
- Evelyne Lever: Marie Antoinette. Eine Biographie. Weltbild Verlag, Augsburg 1995, ISBN 3-89350-948-8.
- Victoria Holt: Königsthron und Guillotine. Das Schicksal der Marie Antoinette. Roman (= Fischer-Taschenbücher. 2447). Lizenzausgabe, ungekürzte Ausgabe. Fischer-Taschenbuch-Verlag, Frankfurt am Main 1979, ISBN 3-596-22447-8.