ლუიზა არნერ ბოიდი
ლუიზა არნერ ბოიდი (დ. 16 სექტემბერი, 1887 – გ. 14 სექტემბერი, 1972) — გრენლანდიისა და არქტიკის ამერიკელი მკვლევარი. მან ვრცლად დაწერა თავისი სამეცნიერო ექსპედიციების შესახებ და გახდა პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ჩრდილოეთ პოლუსს 1955 წელს. მან კერძოდ დაიქირავა DC-4 ტიპის თვითმფრინავი და ეკიპაჟი, რომელშიც შედიოდნენ ავიაციის პიონერები, ტორ სოლბერგი და პოლ მლინარი.
ლუიზა არნერ ბოიდი | |
---|---|
ლუიზა ბოიდი 1928 წელს | |
დაბადების თარიღი | 16 სექტემბერი, 1887 |
გარდაცვალების თარიღი |
14 სექტემბერი, 1972 (84 წლის) სან-ფრანცისკო, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
ცნობილია როგორც | პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ჩრდილოეთ პოლუსს |
ბიოგრაფია
რედაქტირებალუიზა არნერ ბოიდი დაიბადა სან რაფაელში, კალიფორნიაში, ჯონ ფრანკლინ ბოიდის (კალიფორნიის ოქროს მაღაროს ნაწილის მფლობელი) და ლუიზ კუკ არნერის ოჯახში. ბოიდები იმ ეპოქის წამყვანი მოქალაქეები იყვნენ და მათმა შვილებმა ადრეულ წლებში სრულყოფილი განათლების მოპოვება შეძლეს. ზაფხულობით ლუიზა და მისი ოჯახი ოკლენდ ჰილსში რჩებოდა. სწორედ აქ, ლუიზა და მისი ძმები ჯირითობდნენ ცხენებით, იკვლევდნენ დიაბლოს მთას, თევზაობდნენ, ნადირობდნენ, ბანაკდებოდნენ და ზოგადად თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდათ. ლუიზას მოზარდობის პერიოდში მისი ორივე ძმა გულის დაავადებით, რამდენიმე თვის ინტერვალში გარდაიცვალა, რაც გამოწვეული იყო ბავშვობაში რევმატული ცხელებით. სწორედ ამ დროს ბოიდებმა ქალაქ სან რაფაელს თავიანთი ყოფილი სახლი და ოჯახის ქონების ნაწილი უანდერძეს. დღეს ეს ადგილი ცნობილია, როგორც ბოიდის პარკი. ვიქტორიანული სტილის შენობა ამჟამად არის მარინის ისტორიის მუზეუმის სახლი. ძმების გარდაცვალების შემდეგ, ლუიზა მშობლებთან ერთად ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. სწორედ ამ დროს განუვითარდა მას დიდი ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ. 1919 წლის გაზაფხულზე, ლუიზა მატარებლით წავიდა ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატში, იყიდა მანქანა და მძღოლის თანხლებით, გაემგზავრა შტატების გარშემო იმ დროს, როდესაც გზატკეცილი არ არსებობდა და გზები ხშირად ხრეშიანი და გაუმართავი იყო. ეს იყო ლუიზას მოგზაურობების დასაწყისი. მან დეტალურად აღწერა ყველაფერი თავის მრავალ ჟურნალში. 1919 და 1920 წლებში მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ლუიზამ მემკვიდრეობით მიიღო ოჯახური ქონება. იგი ზრუნავდა მშობლებზე მათი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
დატოვებული მემკვიდრეობით ლუიზა ბოიდს შეეძლო საკუთარი ცხოვრების გაკონტროლება. მან მოგზაურობა დაიწყო 1920-იანი წლების დასაწყისში, ხოლო ნორვეგიაში მოგზაურობისას 1924 წელს ის კრუიზით ესტუმრა ჩრდილოეთს და პირველად ნახა პოლარული ყინული. ეს გამოცდილება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მან მაშინვე დაიწყო საკუთარი არქტიკული თავგადასავლის დაგეგმვა. 1925 წელს იგი ესტუმრა ინგლისის მეფესა და დედოფალს. ეს პატივი მანამდე მხოლოდ რამდენიმე ამერიკელ ქალს ხვდა წილად. 1926 წელს მან დაიქირავა გემი Hobby, რომელსაც იყენებდა ცნობილი არქტიკული მკვლევარი რუალ ამუნდსენი, არქტიკაში სანადიროდ და ფილმის გადასაღებად. მას თან ახლდნენ მეგობრები, გრაფი და გრაფინია რიბადავია. მან მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა თავისი მიღწევების გამო (და პოლარულ დათვებზე ნადირობისთვის) და მთელს მსოფლიოში მოიხსენიებდნენ, როგორც „არქტიკული დიანა“ და "„გოგო, რომელმაც არქტიკა მოათვინიერა“. გრაფმა რიბადავიამ 1927 წელს გამოსცა წიგნი ლუიზას ფოტოებით, სახელწოდებით Chasses Et Aventures Dans Les Regions Polaires.
1928 წელს ბოიდი გეგმავდა მეორე მოგზაურობას თავისი გემით, როდესაც გაიგო, რომ ცნობილი ნორვეგიელი მკვლევარი რუალ ამუნდსენი ვერ დაბრუნდა იტალიელი მკვლევარის უმბერტო ნობილეს პოვნისა და გადარჩენის ექსპედიციიდან, რომელიც დირიჟაბლით მოგზაურობისას არქტიკაში დაიკარგა. ლუიზამ თავისი დახმარება და გემი შესთავაზა ნორვეგიის მთავრობას ამუნდსენის მოსაძებნად და თქვა: „როგორ შემეძლო გასართობად წასვლა, როცა ეს 22 სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო?“ მიუხედავად იმისა, რომ მან გაიარა დაახლოებით 16,100 კილომეტრი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, ვერ იპოვა მისი კვალი. ნორვეგიის მთავრობამ მას წმინდა ოლავის ორდენის ჯვარი მიანიჭა. „ის იყო პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო ორდენი და მესამე ქალი მსოფლიოში, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად“.
ბოიდი ძირითადად ცნობილია 1930-იან წლებში გრენლანდიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებზე სამეცნიერო ექსპედიციების სერიის ხელმძღვანელობით. ლუიზმა გადაიღო, გამოიკვლია და შეაგროვა ასობით ბოტანიკური ნიმუში, მისი კარგი მეგობრის (კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიიდან), ალისა ისტვუდის მეთვალყურეობის ქვეშ. ამერიკულმა გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა მისი აღმოჩენები და ფოტოები 1933 და 1935 წლების ექსპედიციებიდან წიგნში სახელწოდებით The Fiord Region of East Greenland. ჟერარ დე გერის მყინვარის მახლობლად მდებარე ტერიტორიას მოგვიანებით ლუიზ ბოიდის მიწა ეწოდა. ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო მუშაობისთვის ბოიდი 1938 წელს ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების პრესტიჟული მედლით დაჯილდოვდა.
1934 წლის აგვისტოში, ვარშავაში, პოლონეთში, საერთაშორისო გეოგრაფიული კონგრესის დელეგატად არჩევის შემდეგ, ლუიზა გაემგზავრა 3 თვიანი ექსპედიციით პოლონეთის სოფლად, გადაიღო და ჩაწერა ეთნიკური პოლონელების, უკრაინელების, ლიეტუველებისა და ბელორუსების წეს-ჩვეულებები, ჩაცმულობა, ეკონომიკა და კულტურა. მოგზაურობამ მანქანით, რკინიგზით, ნავით და ფეხით წაიყვანა იგი ჯერ ლვივიდან კოველში (ეს ქალაქები დღეს უკრაინაშია), შემდეგ კი კობრინში, პინსკში, კლეცკში, ნესვიჟში და სლონიმში (ეს ქალაქები დღეს ბელარუსშია). მან მოგზაურობა ვილნიუსში დაასრულა. მისი მოგზაურობის ნარატივს დაემატა 500-ზე მეტი ფოტო და გამოქვეყნდა ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების მიერ 1937 წელს.[1]
მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად, ცოდნა, რომელიც მან მიიღო გრენლანდიასა და არქტიკაში წინა ექვსი ექსპედიციის დროს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ომისთვის. შეერთებული შტატების მთავრობამ მოითხოვა, რომ არ გამოექვეყნებინა წიგნი, რომელსაც წერდა 1937 და 1938 წლების ექსპედიციების შესახებ და სთხოვა, გეოფიზიკური ექსპედიცია გაემართა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროზე, ბაფინის მიწის სანაპიროზე და ლაბრადორის ნახევარკუნძულზე კომერციისა და სტანდარტების დეპარტამენტის ეროვნული ბიუროსთვის. იგი დაინიშნა ბიუროს საკონსულტაციო ექსპერტად. საკუთარი ხარჯებით მან დაიქირავა და მოაწყო გემი სახელად Effie M. Morrissey. ეს შუნერის ტიპის გემი, რომელიც ეკუთვნოდა კაპიტან რობერტ ბარტლეტს, წარმატებით აწარმოებდა ყოველწლიურ სამეცნიერო ექსპედიციებს არქტიკაში 1926 წლიდან. 1941 წლის სტანდარტების ბიუროს ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო რადიოტალღების გადაცემის მონაცემების მოპოვება არქტიკულ რეგიონებში. შეისწავლეს იონოსფერო, გეომაგნეტიზმი და ავრორა. Effie M. Morrissey დაიძრა ვაშინგტონიდან 1941 წლის 11 ივნისს. ლუიზა ბოიდი ხელმძღვანელობდა ოთხკაციან სამეცნიერო ჯგუფს (მათ შორის ექიმის ჩათვლით), ხოლო ბარტლეტი თერთმეტკაციან ეკიპაჟს. ექსპედიცია დაბრუნდა ვაშინგტონში 1941 წლის 3 ნოემბერს, საკმაოდ ღირებული მონაცემებით.[2]
ომის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ბოიდი მუშაობდა საიდუმლო დავალებებზე აშშ-ის არმიის დეპარტამენტისთვის და 1949 წელს მიენიჭა არმიის დეპარტამენტის მადლობის სერთიფიკატი.[3]
მისი ადრინდელი წიგნი, რომელიც ომის დროს არ ქვეყნდებოდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიის სანაპირო, გამოიცა ომის შემდეგ, 1948 წელს.
მოგვიანებით, ლუიზა ბოიდი იყო აქტიური და ცნობილი მოღვაწე და სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მან ასევე დააგროვა მრავალი აკადემიური ჯილდო, მიიღო საპატიო სამართლის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ბერკლიდან და მილსის კოლეჯიდან. 1960 წელს ლუიზა გახდა პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების საბჭოში. მას ასევე მიენიჭა კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის სტატუსი. სიცოცხლის ბოლოს, ლუიზას მძიმე ფინანსური პერიოდი ჰქონდა, რადგან თავისი ქონების დიდი ნაწილი დახარჯა მრავალი კვლევისთვის. საბოლოოდ, მას მოუწია გაეყიდა საოჯახო სახლი სან რაფაელში და გადასახლდა სან-ფრანცისკოში. ლუიზა გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში 1972 წლის 14 სექტემბერს, 85 წლის იუბილემდე ორი დღით ადრე.
პუბლიკაციები
რედაქტირება- (1935) The Fiord Region of East Greenland. New York, N. Y.: American Geographical Society, გვ. 369.
- (1937) Polish Countrysides. New York: American Geographical Society, გვ. 235.
- (1948) The coast of northeast Greenland, with hydrographic studies in the Greenland Sea. New York: American Geographical Society, გვ. 339.
ლიტერატურა
რედაქტირება- Giffuni, Cathy. "A Bibliography of Louise Arner Boyd," Bulletin: Geography and Map Division, Special Libraries Association, No. 146, December 1986.
- Fletcher, Scott. Librarian, San Domenico School, San Anselmo, CA.
- Kafarowski, Joanna. The Polar Adventures of a Rich American Dame: A Life of Louise Arner Boyd. Dundurn Press, 2017.
- Louise Arner Boyd - American Polar Society Luminary. American Polar Society. ციტირების თარიღი: January 14, 2015
- Fagg Olds, Elizabeth (1985) Women of the Four Winds, 1st Mariner Books, Boston: Houghton Mifflin. ISBN 9780395361993.
- Kafarowski, Joanna (2018). „'From Boots On 'Til Boots Off': Collecting Greenland with Explorer Louise Arner Boyd“. Collections: A Journal for Museum and Archives Professionals. 14 (4): 475–494. doi:10.1177/155019061801400406. S2CID 198801775. ციტირების თარიღი: 22 March 2019.
- Kafarowski, J. (2018). La vida de Louise Arner Boyd დაარქივებული 2021-11-12 საიტზე Wayback Machine. (Spanish edition). Madrid: Ediciones Casiopea.
- Kafarowski, J. (2019). "Remembering the 20th Century's Leading Female Arctic Explorer." July/August, 2019. Saturday Evening Post.
- Kafarowski, J. (2021). "Searching for Amundsen: Louise Arner Boyd aboard the Hobby." Winter issue. No. 177: 12-17. Sea History.
- Kafarowski, J. (2022). "Greenland Beckons: Explorer Louise Arner Boyd aboard the Veslekari." Winter issue. No. 181: 24-29. Sea History.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ American Geographical Society Special Publication No. 20 “Polish Countrysides” Photographs And Narrative by Louise A. Boyd with a contribution by Stanislaw Gorzuchowski, New York, American Geographical Society Broadway at 156th Street, 1937
- ↑ U.S. Department of Commerce, Technical News Bulletin of the National Bureau of Standards, Washington, December 1941, Number 296.
- ↑ „Woman Explorer Honored by Army. Miss Boyd Gets Award for Her Work as Consultant During the War's 'Critical Days'“. New York Times. March 19, 1949. ციტირების თარიღი: 2011-11-02. ციტატა: „Miss Louise Arner Boyd, explorer, writer and lecturer, added another decoration to her long list yesterday when she received the Department of Army "Certificate of Appreciation." Maj. Gen. Roscoe B. Woodruff, commander of the First Army, made the presentation in his office at Governors Island. ...“