ლუდმილა ალექსეევა

ლუდმილა ალექსეევა (რუს. Людми́ла Алексе́ева; დ. 20 ივლისი, 1927, ევპატორია, რსფსრ, სსრკ — გ. 8 დეკემბერი, 2018, მოსკოვი, რუსეთი) — ადამიანის უფლებათა დამცველი და საბჭოთა დისიდენტი. ალექსეევა ცნობილია, როგორც მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.[1] 1970-იანი წლებიდან ლუდმილა ალექსეევა მონაწილეობდა სსრკ-ში დისიდენტურ მოძრაობაში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1993 წელს კი დაბრუნდა რუსეთში და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.[2] რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ ალექსეევა რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის პროგრამებში იღებს აქტიურ მონაწილეობას, უტარებს კონსულტაციებს უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ეწინააღმდეგება ერაყის ომს, „დიმა იაკოვლევის კანონს“ და აქტიურად მონაწილეობს აქციაში „სტრატეგია 31“, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლის შეკრების თავისუფლების დაცვისთვის. მოგვიანებით იგი რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ხდება (2018).

სიცოცხლის უკანსკნელ წლებში იგი უფრო წერით სამუშაოებს უძღვნიდა დროს. ადამიანის უფლებების საკითხებზე 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორია.[3]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოჯახი და ბავშვობა

რედაქტირება

ლუდმილა ალექსეევა დაიბადა 1927 წელს 20 ივლისს, ყირიმის დასავლეთით საკურორტო ქალაქში, ევპატორიაში. როდესაც ლუდმილა ბავშვი იყო, ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხორვებლად. დედა — ვალენტინა ეფიმენკო, ბაუმანის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, ხოლო მამა — მიხაილ სლავინსკი, „ცენტროსოიუზის“ თანამშრომელი. ალექსეევა იზრდებოდა „საბჭოთა“ ბავშვად ოჯახის წევრთა კომუნისტური შეხედულებების გარემოში, ამიტომ პატარაობიდანვე იგი დარმწუნებული იყო თავისი ქვეყნის თავისუფლებაში და სამართლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ სტალინის რეპრესიები ბავშვის თვალწინ ხდებოდა — მიხაილ სლავინსკის თანამშრომლები მოხვდნენ ამათ რიცხვში, ალექსეევას მოგონებების თანახმად, ჯამში 297 ადამიანი გაიგზავნა ბანაკებში. თვითონ მამამისი გამოძიების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ საბოლოოდ არ მომხდარა მისი რეპრესირება.

1941 წლის 14 ივლისს მიხაილ სლავინსკი ფრონტზე წავიდა, ხოლო ლუდმილა ყაზახეთში გადაასახლეს. 1943 წელს გარდაიცვალა მიხაილ სლავინსკი. ევაკუაციიდან დაბრუნებულმა, ლუდმილა ალექსეევამ გადაწყვიტა, სკოლაში აღარ დაბრუნებულიყო, მაგრამ ითხოვა ფრონტზე ან თავდაცვის საწარმოში გაგზავნა. შემდეგ იგი სტალინსკაიას მეტროსადგურის მშენებლობაში გაგზავნეს. ის, რაც მან ომის დროს ნახა, დიდწილად განსაზღვრა მისი ცხოვრება და ნაწილობრივ უბიძგა ადამიანის უფლებების დაცვაში დაეწყო საქმიანობა.

როგორც თავად ალექსეევა იხსენებდა, მრავალი ქარხნის ევაკუაცია განხორციელდა პატარა იჟევსკში, მაგრამ არც ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა იქ მოსული ხალხისთვის. მთავარი, რაც დაინახა — ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა. ხალხი, ვინც ომს გადაურჩა და გამარჯვება მოიპოვა, იმსახურებოდა ადამიანურ დამოკიდებულებას. ამ რწმენამ უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის უფლებებზე შემდგომი მუშაობისას.[4]

განათლება და პარტია

რედაქტირება

1945 წელს ლუდმილა ალექსეევა ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა ალექსეევას შეხედულებებზე — სტუდენტები - ფუნქციონერები, კომსომოლის ორგანიზატორები, სწავლის წლებში აშენებდნენ თავიანთ მომავალ კარიერას როგორც პარტიის ლიდერები, ხშირად აწარმოებდნენ „პირად საქმეებს“ ყოველგვარი მცირე და უმნიშვნელო „არასწორი ქმედებისთვის“, რამაც დაბადა ალექსეევას პირველი ეჭვი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრების მორალურ პრინციპებში.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მოსკოვის ეკონომიკისა და სტატისტიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ალექსეევამ ისტორიის სწავლება მოსკოვის პროფესიულ სკოლაში დაიწყო, იყო თავისუფალი ლექტორი კომსომოლში. 1952 წელს ალექსეევა შეუერთდა სკკპ-ს, მაგრამ მალე მისი შეხედულებები შეიცვალა, იგი იმედგაცრუებული დარჩა და უარი თქვა სკკპ-ს ისტორიის საკუთარ საკანდიდატოს დაცვაზე და სამეცნიერო კარიერაზე. შემდეგ სამეცნიერო საქმიანობა დაიწყო გამომცემლობაში „ნაუკა“ არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის რედაქციაში. 1970-1977 წლებში კი იყო სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის თანამშრომელი.

ხრუშჩოვის დათბობა — ადამიანის უფლებების დაბადების დროა. ალექსეევა აღმოჩნდა უფლებადამცველებისა და საბჭოთა დისიდენტების რიგებში. შემდეგ მისი ბინა გახდა მოსკოვის ინტელიგენციის და დისიდენტების შეხვედრის ადგილი.[5]

დისიდენტობა და მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი

რედაქტირება

ალექსეევას პირველი ნაბიჯები უფლებათა დაცვაში მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დაარსებამდე ათი წლით ადრე დაიწყო. 1966 წელს სხვა დისიდენტებთან ერთად დაიცვა მწერლები იული დანიელი და ანდრეი სინიავსკი, რომლებსაც მათი ნამუშევრების საზღვარგარეთ გამოქვეყნება სცადეს საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლით. ათწლეულის ბოლოს მან მონაწილეობა მიიღო გამოსვლებში „სამიზდატის“ აქტივისტების პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგ, ჟურნალისტი ალექსანდრე გინზბურგი და პოეტი იური გალანსკოვი, რომლებსაც აბრალებდნენ ანტისაბჭოთა პროპაგანდას და აგიტაციას. იმავე პერიოდში ლუდმილამ პოლიტპატიმრების თემაც წამოწია და მათი და მათი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევის ერთ-ერთი ინიციატორი გახდა.[6]

ეს ყველაფერი მისთვის მთავრდება პარტიიდან განდევნით და სამსახურიდან გარიცხვით 1968 წელს. მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა აქ არ მთავრდება: იგი ხელს აწერს დისიდენტური მოძრაობის დოკუმენტებს. ამ პერიოდში ალექსეევა ხვდება და გაიცნობს ყველაზე ცნობილ საბჭოთა უფლებადამცველ დისიდენტს, ანდრეი სახაროვს. ამავდროულად ალექსეევას ცხოვრება სისტემატური ჩხრეკის და დაკითხვის რეჟიმში გრძელდებოდა, სანამ 1974 წელს ლუბიანკაში დაიბარეს და გააფრთხილეს 70-ე მუხლის შესაბამისად ანტისაბჭოთა აგიტაციის ან პროპაგანდის საქმის გამზადებაზე, თუკი ალექსეევა ამ საქმიანობის გააგრძელებდა.[7]

1976 წელს ლუდმილა ალექსეევა ხდება ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციის „ჰელსინკის შეთანხმებების განხორციელებაში დახმარების გაწევის სსრკ-ის საზოგადოებრივი ჯგუფის“ (მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი) ერთ-ერთი დამაარსებელი იური ორლოვთან, ელენა ბონერთან, პეტრ გრიგორენკოსთან და ანატოლი შარანსკისთან ერთად. ჯგუფი შეიქმნა 1975 წელს ჰელსინკიში 35 ქვეყნის, მათ შორის სსრკ-ის მიერ, ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კონფერენციის საბოლოო აქტის ხელმოწერით. დოკუმენტში გამოცხადებული იყო ადამიანების უფლებების პატივისცემა და ძირითადი სამოქალაქო თავისუფლებები, როგორც აზრის, სინდისის, რელიგიის და რწმენის პატივისცემა. ლუდმილა ალექსეევა იყო მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის მასალების/დოკუმენტების რედაქტორი, პირველ 19 დოკუმენტს მოაწერა ხელი, დევნილ კათოლიკე მღვდელთა საკითხებზე იმოგზაურა ლიტვაში და ა. შ. 1996 წლის მაისიდან და სიცოცხლის ბოლომდე ალექსეევა იყო „შეთანხმებების განხორციელებაში დახმარების გაწევის“ ჯგუფის თავმჯდომარე (მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი). 1998-2004 წლებში ლუდმილა ალექსეევა იყო ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.

როგორც ალექსეევასთვის, ისევე მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის აქტივისტებისთვის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და ინფორმირება სსრკ-ის ჰელსინკის შეთანხმებების მთავარი დებულებების დარღვევის შესახებ. ასევე ჯგუფის მთავარ ამოცანებს შორისაა: ადამიანის უფლებების დარღვევების ინფორმაციის შეგროვება, შეჯამება და ანალიზი და იურიდიულ გარემოზე და ამ ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოების მეთაურებამდე, რომლებმაც ხელი მოაწერეს 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულებებს, ადამიანის უფლებების იდეების პოპულარიზაცია, ეთნიკური თანამშრომლობის განვითარება, იდენტურობის შენარჩუნება და დაცვა, კულტურის, ენებისა და ტრადიციების დაცვა.

გადაწყდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის განადგურება. გარე დამკვირვებლისთვის გაუგებარი კრიტერიუმების თანახმად, მისი ზოგიერთი მონაწილე ბანაკებში გაგზავნეს, ზოგი კი იძულებით ემიგრაციაში.[8]

ემიგრაცია

რედაქტირება

1977 წელს ლუდმილა ალექსეევას ბინაში მორიგი ჩრეკის დროს მოძებნეს და ამოიღეს უცხოური ლიტერატურა ადამიანების უფლებებზე. დაპატიმრობის საფრთხის პირობებში ლუდმილა თავის ქმართან ნიკოლაი უილიამსონთან და უმცროს ვაჟიშვილთან იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, დასახლდა აშშ-ში, სადაც გახდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის საგარეო წარმომადგენელი, „ამერიკის ხმის“ და „თავისუფლების“ რადიოსადგურებზე ატარებდა გადაცემებს ადამიანის უფლებებზე. იყო უფლებათა დამცველი ორგანიზაციების და პროფესიული კავშირების კონსულტანტი, დროთა განმავლობაში მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და სამშობლოში დაბრუნდა მხოლოდ 1993 წელს, არა საბჭოთა კავშირში, არამედ რუსეთში. ემიგრაციის წლებში მან მოახერხა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დოკუმენტების გამოქვეყნება, აშშ-ში მან გამოაქვეყნა თავისი მოგონებები „დათბობის თაობა“ და მონოგრაფია „სსრკ-ს უთანხმოების ისტორია. უახლესი პერიოდი“, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, როგორც მითითება სსრკ-ში დისიდენტურ მოძრაობაზე, მაგრამ საბოლოოდ ნამუშევარი გადაიზარდა ნამდვილ კვლევით სამუშაოში. ალექსეევა გახდა დისიდენტური მოძრაობის პირველი რუსი მკვლევარი სსრკ-ში. 1980-იან წლებში, როგორც აშშ-ს დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფერენციებში (რეიკიავიკი, პარიზი).[9][10]

რუსეთის უფლებათადამცველი

რედაქტირება

რუსეთში დაბრუნებისას ლუდმილა ალექსეევამ 1996 წელს მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, 1998-2004 წლებში კი ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი. 2002-2004 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი.

2004 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაქვემდებარებული საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების განვითარების ხელშემწყობი. 2012 წლის 22 ივნისს მან გამოაცხადა საბჭოდან გამოსვლა მისი შექმნის ახალ პროცედურასთან უთანხმოების გამო. ლუდმილა ალექსეევას განცხადებით, საბჭოს წევრების არჩევა ინტერნეტის საშუალებით ხმის მიცემის გზით იყო პროცესი, რომელიც „მიზნად ისახავდა საბჭოს განადგურებას, როგორც აქტიურ უფლებადამცველ ორგანიზაციას“.

2009–2010 წლებში, ოპოზიციური პარტიის ლიდერ ედუარდ ლიმონოვთან ერთად, მან მოსკოვის ტრიუმფალნაიას მოედანზე უნებართვო ქმედებები მოაწყო რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლის დაცვა (შეკრების თავისუფლების შესახებ). 2010 წლის 31 ოქტომბერს მან გამართა საკუთარი მიტინგი ტრიუმფალნაიას მოედანზე, კოორდინირებული მოსკოვის ხელისუფლებასთან, რისთვისაც იგი სხვა რუსეთის წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს "საერთო ბრძოლას ღალატში". 2015 წლის 26 მაისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ლუდმილა ალექსეევა კვლავ შევიდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოში.[11]

გარდაცვალება

რედაქტირება

ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა მოსკოვში 2018 წლის 8 დეკემბერს 92 წლის ასაკში. მოსკოვში მოხდა ალექსეევას კრემაცია, 2019 წლის 6 აპრილს ფერფლი დაკრძალეს ვაშინგტონში, როკ-კრიკის სასაფლაოზე.[12]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე იყო ვალენტინ ალექსეევი, საჰაერო ძალების საინჟინრო აკადემიის მასწავლებელი. მეორე მეუღლე — ნიკოლაი უილიამსი, დისიდენტური მოძრაობის წევრი, პოლიტპატიმარი, მათემატიკის პედაგოგი მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის ინსტიტუტში. პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავდა: სერგეი და მიხეილი.[13]

სტრატეგია-31

რედაქტირება

2009 წლის 31 აგვისტოდან, ლუდმილა ალექსეევამ აქტიური მონაწილეობა მიიღო „სტრატეგია-31“-ში. ეს იყო მოქალაქეების რეგულარული გამოსვლები მოსკოვის ტრიუმფალნაიას მოედანზე, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლის (შეკრების თავისუფლების შესახებ) დაცვის გამო. მიტინგი შეთანხმენული იყო ხელისუფლებასთან, მოსკოვის მერის ოფისში მიიღეს უფლებადამცველების ლუდმილა ალექსეევას, ლევ პონომარევისა და „მარცხენა ფრონტის“ კოორდინატორ სერგეი უდალცოვის მოთხოვნა.[14]

2009 წლის 31 ოქტომბრიდან ალექსეევა გამოსვლების ერთ-ერთი რეგულარული ორგანიზატორია. 2009 წლის 31 დეკემბერს, ტრიუმფალნაიას მოედანზე მორიგი აქციის ჩატარების მცდელობისას, ლუდმილა ალექსეევა დააკავეს სპეცრაზმელებმა და, ათეულობით სხვა დაკავებულს შორის, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთში და საზღვარგარეთ. დაკავებულთა შორის იყვნენ კოალიცია „სხვა რუსეთის“ ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ ლიმონოვი, მემარცხენე ფრონტის წევრი კონსტანტინე კოსიაკინი და სოლიდარობის მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ილია იაშინი.[15]

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ჯერი ბუზეკმა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღშფოთება გამოთქვეს ცნობილი ადამიანის უფლებების აქტივისტის დაპატიმრების გამო, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა გამოხატა შეშფოთება ლუდმილა ალექსეევას დაკავების გამო, New York Times-მა წინა გვერდზე გამოაქვეყნა სტატია ამ საპროტესტო აქციის შესახებ: „რუსი დისიდენტების ენთუზიაზმი გაუძლებს ნებისმიერ გამოცდას“.[16]

2010 წლის ბოლოს ლუდმილა ალექსეევას და ედუარდ ლიმონოვს შორის უთანხმოება მოხდა „სხვა რუსეთის“ ლიდერის გამოსვლების ჩატარების ტაქტიკის გამო, რამაც გამოიწვია ალექსეევას მიერ „სტრატეგია-31“-ს დატოვება.[17]

ჯილდოები

რედაქტირება
  • რუსეთის ფერედარაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის შესანიშნავი მიღწევებისთვის (2017 წელი 10 დეკემბერი)
  • ღირსების ლეგიონის ორდენები (საფრანგეთი, 2007 წელი)
  • „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის მომსახურებისთვის“ (2009 წელი)
  • ლიტვის დიდი ჰერცოგის გედემინასის (ლიეტუვა, 2008 წელი)
  • „მარიამას ჯვრის“ III ხარისხის ორდენი (ესტონეთი, 2012 წელი)
  • ულოფ პალმეს პრემიის ლაურეატი (შვედეთი, 2004 წელი)
  • „დემოკრატიის პრემია“ დემოკრატიის ეროვნული დახმარების ფონდი (აშშ, 2004 წელი)
  • პრემია „წლის ადამიანი - 5765“ რუსეთის ებრაელი საზოგადოების ფედერაციის ადამიანის უფლებათა საქმიანობის ნომინაციაში (2005 წელი)
  • ანდრეი სახაროვის სახელობის „აზრის თავისუფლებისთვის“ (ევროპარლამენტი, 2009 წელი)
  • ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამანის უფლებების სფეროში (2015 წელი)
  • 2012 და 2013 წლებში დასახელდა ნობელის მშვიდობის პრემიაზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Lyudmila Alexeyeva's blog on LiveJournal
  • The Alexeyeva File, National Security Archive Electronic Briefing Book, 20 July 2012
  • Schepp, Matthias (4 June 2010). „Rights in Russia: Putin pushes new law to curtail opposition“. Der Spiegel.
  • Alexeyeva in the 2011 four-part British documentary television series Putin, Russia and the West კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში

აუდიოვიზუალური მასალა

რედაქტირება