ლუგარის კვლევითი ცენტრი

კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია)
(გადამისამართდა გვერდიდან ლუგარის ცენტრი)

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისაქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია), რომელიც 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.[1] ლუგარის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა რეგიონში ბიოსამედიცინო სფეროში და ბიოუსაფრთხოებაში სამეცნიერო კვლევებისათვის და სტუდენტების, მაგისტრების და დოქტორების მოსამზადებლად. კვლევითი ცენტრი მდებარეობს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე.

ლუგარის კვლევითი ცენტრი

ლუგარის ლაბორატორიის შენობა
დაფუძნდა 2011
ხელმძღვანელი პაატა იმნაძე
მისამართი კახეთის გზატკეცილი №99
მდებარეობა თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
41°41′22″ ჩ. გ. 44°56′41″ ა. გ. / 41.68944° ჩ. გ. 44.94472° ა. გ. / 41.68944; 44.94472
0198
კამპუსი 8000 მ²
შედის საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მმართველი სააგენტო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
რუკა
ლუგარის კვლევითი ცენტრი — თბილისი
ლუგარის კვლევითი ცენტრი

ლუგარის კვლევითი ცენტრი (ლაბორატორია) საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წლიდან მოექცა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციებმა ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკეს და დაადანაშაულეს დაავადებების გავრცელებაში, რაც თითქოს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები, როგორიცაა თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩაზე არსებული „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგური“, რომელიც დღეს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრად“ არის გადაკეთებული, სადაც თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ.[2] კიდევ ერთი ასეთი უწყება იყო ტაბახმელას ბიოლოგიური კომბინატი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა საიდუმლო გეგმის შესაბამისად მას 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვებაც დაეწყო.

მიმდინარე ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ-ის მთავარობასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2002 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების სრული სახელწოდება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ იყო. აშშ-ის ხელისუფლებას არ სურდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ძნელად კონტროლირებად ქვეყნებში, ირანში ან ჩრდილოეთ კორეაში წასულიყვნენ, ასევე ცდილობდნენ საქართველოდან არ გასულიყო ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოდ დაცული ყველა ის პათოგენი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოში.[2]

ლუგარის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, თუმცა, სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში განხორციელდა და ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 2018 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის.

ლუგარის კვლევითი ცენტრი, მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

საქმიანობა

რედაქტირება

ლუგარის კვლევით ცენტრში განლაგებულია თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე–2 და მე–3 დონის ლაბორატორიები, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით. კვლევით ცენტრში ასევე განლაგებულია პათოგენების ეროვნული საცავი, სადაც უსაფრთხოდ დაცულია ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენები.

კვლევით ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (გაეროს ქვე-ორგანიზაცია) მიერ აკრედიტებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია.

ბრალდებები

რედაქტირება

ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა — ეს ბრალდებები უკვე წლებია, ლაბორატორიის გახსნის მომენტიდან, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია საშუალებები ლუგარის კვლევითი ცეტრის მიმართ აჟღერებენ.[3] 2016 წელს, BBC-ის რუსული სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, „როსპოტრებნადზორის“ ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენადი ონიშენკო განაცხადა, რომ 2012 წლიდან აფხაზეთში ზიკას გადამყვანი მწერები გამოჩნდნენ, რაც პირდაპირ უკავშირდება ამერიკულ ლაბორატორიას, რომელიც თბილისში მდებარეობს.[4]

ასევე, რუსეთის ოფიციალური პირები ლაბორატორიას ბიოლოგიური ომის წარმოებაში ადანაშაულებენ, აგრეთვე აცხადებენ, რომ ლაბორატორია რუსი მეცნიერებისთვის დახურულია. თუმცა, ლაბორატორიის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე უარყოფს რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებას და დასძენს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო არაერთხელ მიიწვია ლუგარის ცენტრში, მაგრამ მათ დღემდე არ გამოუხატავთ ჩამოსვლის სურვილი. მისივე თქმით, ლუგარის ცენტრში რუსი მეცნიერები არაერთ პროექტზე მუშაობდნენ.

ოფიციალური მოსკოვის მიუხედავად, რუსული მედია ლაბორატორიით არაერთხელ დაინტერესდა. რუსული მედიის მოთხოვნის საფუძველზე, მედიის წარმომადგენლები ლაბორატორიაში სამჯერ იყვნენ. „მათ გადაიღეს სამუშაო პროცესი, ჩაწერეს ინტერვიუები, მაგრამ მხოლოდ ერთმა არხმა — „როსია 24“-მა გადასცა სიუჟეტი“ — განაცხადა გამყრელიძემ.[5]

2018 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბტიკ-ის მონაწილე სახელმწიფოებისათვის გაგზავნილი წერილით მოიწვია ყველა დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფო თბილისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ჯანდაცვის კვლევით ცენტრში დაგეგმილ გამჭვირვალობის კოლეგიური შეფასების ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად. 2018 წლის 14-15 ნოემბერს განხორციელდა ექსპერტების ვიზიტი და 15 ნოემბერს, ვიზიტორთა გუნდმა დასკვნითი ანგარიში მოამზადა. გამჭვირვალობის ვიზიტმა აჩვენა საქართველოს და ლუგარის ცენტრის მიერ ბტიკ-ის დებულებებისა და ვალდებულებების სათანადო განხორციელება.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-13. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
  2. 2.0 2.1 რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?. kvirispalitra.ge (29 აპრილი, 2013). ციტირების თარიღი: 2019-01-14.
  3. ლუგარის ლაბორატორია თბილისში და „შეშფოთებული“ რუსეთი. რადიო თავისუფლება (15 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 2019-01-14.
  4. Онищенко: американцы могут намеренно заразить комаров вирусом Зика. Би-би-си (15 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 2019-01-14.
  5. თბილისში მდებარე ამერიკული ლაბორატორია რუსეთს ბიო-იარაღით ებრძვის?. ამერიკის ხმის ქართული სამსახური (06 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 2019-01-14.
  6. გამჭვირვალობის კოლეგიური შეფასების ვიზიტი ლუგარის ცენტრში, საქართველო. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (2018). ციტირების თარიღი: 2019-01-14.[მკვდარი ბმული]