ლოხ-დერგი (ირლ. Loch Deirgeirt; ინგლ. Lough Derg) — მტკნარწყლიანი ტბა ირლანდიაში. მდებარეობს მდინარე შენონის ხეობაში, ზღვის დონიდან 33,5 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 130 კმ², საშუალო სიღრმე 7,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 36 მ.[1] სამხრეთ-დასავლეთით აკრავს კლერის საგრაფო, ჩრდილო-დასავლეთით გოლუეის საგრაფო, ხოლო აღმოსავლეთით ტიპერარის საგრაფო. გრძელი და ვიწრო ტბაა. გადაჭიმულია დაახლოებით 40 კმ სიგრძეზე.[2]

ლოხ-დერგი
ტბა ლოხ-დერგი
ტბა ლოხ-დერგი
კოორდინატები: 52°59′ ჩ. გ. 8°19′ დ. გ. / 52.983° ჩ. გ. 8.317° დ. გ. / 52.983; -8.317
მდებარეობა ირლანდიის დროშა ირლანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 33,5 
სიგრძე 38,6 კმ
სიგანე 12,9 კმ
ფართობი 130 კმ²
საშუალო სიღრმე 7,6 
მაქსიმალური სიღრმე 36 
ჩამდინარე მდინარეები შენონი
გამომდინარე მდინარე შენონი
ლოხ-დერგი (შენონი) — ირლანდიის რესპუბლიკა
ლოხ-დერგი (შენონი)
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ლოხ-დერგი მდინარე შენონის აუზის სამი მთავარი ტბიდან ყველაზე სამხრეთით მდებარე ტბაა. ტბაზე გაედინება მდინარე შენონი, რომელიც მას ჩრდილოეთიდან ერთვის, ხოლო სამხრეთიდან გამოედინება.[3]

ნაპირები უმეტესწილად დაბალია, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბო და კლდოვანი. იქ, სადაც მდინარე შენონი ლოხ-დერგს უერთდება მდებარეობს დუნასის ჩანჩქერი. სიახლოვესაა არდნაკრუშის ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობა დაიწყო 1925 წელს და იმ დროს უდიდესი იყო მსოფლიოში.[4][5] XIX საუკუნეში ლოხ-დერგი იყო მნიშვნელოვანი არტერია ლიმერიკის პორტიდან დუბლინამდე. ტბა სრულად, 40 კმ სიგრძეზეა სანაოსნოდ ვარგისი. დღეს პოპულარულია კრეისერებისა და ზომამცირე გემებისათვის. განვითარებულია ნავით სეირნობა და თევზჭერა. გვხვდება თევზის მრავალი სახეობა. ფართოდ არის გავრცელებული ყავისფერი კალმახი ანუ კუმჟა[6] და ქარიყლაპია.[7]

ლიმერკის უნივერსიტეტს კილალოს ჩრდილოეთით ტბაზე გააჩნია საქმიანობის ცენტრი, სადაც წარმოდგენილია კანოე, კაიაკი, ვინდსერფინგი და სხვა სარეკრეაციო საშუალებები. 2012 წელს ლოხ-დერგის კუნძულზე პირველად შენიშნეს თეთრკუდა ფსოვი. 2016 წელს ირლანდიაში პირველად ლოხ-დერგის ტბაში იყო რეგისტრირებული წყალმცენარე Nitellopsis obtusa. ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო კონსერვაციის სპეციალურ ზონას წარმოადგენს.[8]

ტბაში არის კუნძულები, რომელთაგან აღსანიშნავია ჰოლი-აილენდი, რომელზედაც შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები.[2] მნიშვნელოვანია აგრეთვე კუნძული სტეიშნ-აილენდი, რომელიც მომლოცველების ადგილი იყო და რომელიც უძველესი დროიდან მოყოლებული ცნობილია როგორც წმინდა პატრიკის სალხინებელი.[9] ტბის სახელწოდება აღმოცენდა ირლანდიური „Loch Deirgdheirc“-დან, რომელიც იყო ირლანდიური მითოლოგიის ღვთაების — დაგდას ერთ-ერთი სახელწოდება, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „წითელ თვალს“.[10] ტბასთან გაშენებულია შემდეგი სოფლები და ქალაქები: პორტამნა, კილალო, ბალინა, დრომინირი, ტერიგლასი, მაუნტშენონი და გარიკენედი.

სქოლიო რედაქტირება

  1. International Lake Environment Committee Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
  2. 2.0 2.1 www.discoverloughderg.ie
  3. Lough Derg | Encyclopedia Britannica
  4. The Building of the Shannon Hydro-Electric Scheme
  5. Lough Derg - Ask About Ireland
  6. Fishing in Ireland // Lough Derg
  7. Lough Derg fishing - Shannon Breeze B&B. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-24. ციტირების თარიღი: 2019-02-25.
  8. Conservation objectives for Lough Derg (Shannon)
  9. St. Patrick's Purgatory
  10. MacKillop, James. Myths and Legends of the Celts. Penguin, 2006. p. 137