ლემინგები[2] — ზაზუნასებრთა ოჯახის რამდენიმე გვარის კრებითი სახელწოდება. მათი სხეულის სიგრძეა 10–15 სმ, კუდისა — 2 სმ-მდე, მასა 70 გრამამდე; აქვთ პატარა თვალები, ბეწვით დაფარული ყურები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: მოყვითალო-ქვიშისფერი, ჟანგისფერ-ყვითელი, ყავისფერი ან ჭრელი, ხალებიანი და კარგად გამოხატული ღია საყელოთი, რუხი და ზურგზე ჟანგისფერ-ყავისფერი ლაქით; ზოგიერთი სახეობა ზამთარში ღიავდება ან თეთრდება.[3] სქელი და რბილი ბეწვი აქვთ. წინა კიდურების ბრჭყალები ეზრდება და „ჩლიქებს“ ქმნის.[2] მთელ ჰოლარქტიკაში — ტუნდრასა და პოლარულ კუნძულებზე — გავრცელებული არიან ჩლიქოსანი ლემინგები (Dicrostonyx). ნამდვილი ლემინგები (Lemmus) წარმოდგენილი არიან 4 სახეობით: ამურის ლემინგი (L. amurensis), რომელიც შორეული აღმოსავლეთის ტყეებში ცხოვრობს ჩუკოტკიდან მდინარე ამურამდე; ყვითელმუცელა ლემინგი (L. trimucronatus), რომელიც გავრცელებულია ჩუკოტკის, ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის არქტიკული არქიპელაგის კუნძულების ტუნდრაში; ციმბირული ლემინგი (L. sibiricus), რომელიც სახლობს მთელ ტუნდრის ზონაში თეთრი ზღვიდან მდინარე კოლიმამდე, აგრეთვე ახალი ციმბირის კუნძულებსა და ვრანგელის კუნძულზე; ნორვეგიული ლემინგი (L. lemmus), რომელიც სკანდინავიის ნახევარკუნძულის ბინადარია[3] და ორი შედარებით ახალი სახეობა — აღმოსავლეთციმბირული ლემინგი (L. paulus)[4] და ბერინგის ლემინგი (L. nigripes).[5] ტყის ლემინგების გვარი (Myopus) წარმოდგენილია ერთადერთი სახეობით — ტყის ლემინგი (M. schisticolor), რომელიც გავრცელებულია ევრაზიის ტაიგის ზონაში სკანდინავიიდან წყნარ ოკეანემდე. ჭაობის ლემინგების (Synaptomys) ორი სახეობა (S. borealis და S. cooperi) ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ბორეალური ზონის ტყიან რაიონებში.[3]

ლემინგები
აღწერა
ზაზუნასებრთა რამდენიმე გვარის საერთო სახელწოდება
სამეცნიერო სახელი
Lemmini (Gray, 1825)[1]
მშობლიური ტაქსონი
ზაზუნასებრნი
გვარები
სურათები ვიკისაწყობში
ვიქსიკონში არის სტატია «ლემინგი»

აქტიური არიან მთელი წელი.[2] ზოგიერთი ლემინგი საკუთარ სოროს თხრის და საკვებს იმარაგებს (მაგ., ჩლიქოსანი ლემინგები); ზოგიერთი თავშესაფარს პოულობს ყინვაბზარებში, იყენებს სხვების სოროებს ან მიწისზედა ბუდეს აშენებს; ზამთარში რამდენიმე ინდივიდმა შესაძლოა საერთო სამყოფელში მოიყაროს თავი. წელიწადში დედალი იძლევა 6-მდე თაობას, თითოეულ ჯერზე შობს 5–6 ნაშიერს; ხელსაყრელ წლებში გამრავლება იწყება თოვლის საფრის დადებამდე დიდი ხნით ადრე. დედლები სქესობრივად მწიფდებიან სიცოცხლის მეორე თვეს. ბუნებრივ პირობებში ლემინგები ცხოვრობენ 1–2 წელს. ზოგიერთ ადგილას ასრულებენ სეზონურ მიგრაციებს გამოზამთრების ადგილებიდან საზაფხულო სამყოფლისაკენ. წარმოდგენები ლემინგთა მასობრივი მიგრაციების შესახებ არ არის დამტკიცებული და შეცდომას წარმოადგენს. ყველა სახეობა მცენარეჭამიაა; რიცხოვნობის ზრდის დროს ისე ჭამენ მცენარეულობას, რომ კარგად შესამჩნევ ბალახეულობისგან მოტიტვლებულ ადგილებს ტოვებენ. ყველა სახეობას ახასიათებს რაოდენობის მნიშვნელოვანი რყევები: ხელსაყრელ წლებში მათი სიმჭიდროვე 1 ჰექტარზე 300 ინდივიდს აჭარბებს, დეპრესიის წლებში მათი აღმოჩენა საკმაოდ რთული ხდება. ლემინგები ჰოლარქტიკის ტუნდის ეკოსისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენს წარმოადგენენ. მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული არქტიკის მრავალი სახეობის ცხოველის არსებობა (მაგ., ყარსაღის მთავარი საკვებია). ავრცელებენ საშიშ ინფექციებს: ლეპტოსპიროზი, ფსევდოტუბერკულოზი, ტულარემია და სხვ. ყველა სახეობის ლემინგის რიცხოვნობა შიშს არ იწვევს.[3]

  1. Tribe Lemmini Gray 1825. Fossilworks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2021-11-14.
  2. 2.0 2.1 2.2 ლემინგები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 167.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Щипанов Н. А. Лемминги // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 217.
  4. Abramson, N I; Petrova, T V (2017-08-18). „Genetic analysis of type material of the Amur lemming resolves nomenclature issues and creates challenges for the taxonomy of true lemmings (Lemmus, Rodentia: Cricetidae) in the eastern Palearctic“. Zoological Journal of the Linnean Society. 182 (2): 465–477. doi:10.1093/zoolinnean/zlx044. ISSN 0024-4082.
  5. Spitsyn, Vitaly M.; Bolotov, Ivan N.; Kondakov, Alexander V.; Klass, Anna L.; Mizin, Ivan A.; Tomilova, Alena A.; Zubrii, Natalia A.; Gofarov, Mikhail Y. (2021-03-17). „A new Norwegian Lemming subspecies from Novaya Zemlya, Arctic Russia“. Ecologica Montenegrina (ინგლისური). 40: 93–117. doi:10.37828/em.2021.40.8. ISSN 2336-9744.