ლაშარ ფულარიანი
ლაშარ ფულარიანი (დ. 23 მარტი, 1935, თბილისი — გ. ივნისი, 2020) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი.
ლაშარ ფულარიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1935 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 2020 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომ-გეოგრაფის სპეციალობით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ყაზბეგის მაღალმთიან სადგურში ჯერ ჰიდროლოგად და აქტინომეტრისტად, ხოლო შემდეგ სადგურის უფროსად. 1962 წელს გადაყვანილ იქნა ალაზნის სეტყვასაწინააღმდეგო ექსპედიციაში ინჟინერ-აეროლოგად, ხოლო ერთი წლის შემდეგ — საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თბილისის აეროლოგიური სადგურის უფროსად. 1974 წლიდან მონაწილეობდა მეოცე საბჭოთა ანტარქტიკულ ექსპედიციაში ინჟინერ-აეროლოგად. სამი თვის განმავლობაში ანტარქტიკაში მიმავალ სამეცნიერო-საექსპედიციო გემზე და ერთი წლის განმავლობაში ობსერვატორია „მირნიში“ და სადგურ „ვოსტოკზე“ გატარებულმა დღეებმა დიდი გამოცდილება შესძინა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ მოზამთრეზე, რაც, სხვა ცხოვრებისეული მასალებით გამდიდრებული, მოგვიანებით საფუძვლად დაედო მის გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ წიგნს — „ანტარქტიდა — სამხრეთის იდუმალი მიწა“. 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს ჰიდრომეტეოლოგიისა და გარემოს დაცვის რესპუბლიკური სამმართველოს აპარატში. 1978-1988 წლებში ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1988-1992 წლებში იგი მოღვაწეობდა საზღვარგარეთ კუბის მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის დარგში. კუბაში მოღვაწეობის პერიოდში მან მოიარა ქვეყნის ყველა პროვინცია და დეტალურად გაეცნო კუბის ჰიდრომეტეოროლოგიასა და გარემოს კონტროლის სისტემას, რის შედეგადაც გამოიმუშავა და კუბის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა რეკომენდაციები სისტემის რეორგანიზაციისა და სრულყოფის მიზნით. ამ რეკომენდაციების რეალიზაცია ჯერ კიდევ მისი კუბაში მოღვაწეობის დროს დაიწყო. 1992 წლიდან თავისი მოღვაწეობა მან ბიზნესს დაუკავშირა. კოლეგებთნ ერთად, 1994 წელს ჩამოაყალიბა სააქციო საზოგადოება „სათავე“, იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეოცე საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიციის მონაწილე (1974-1976 წლები), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996-2004 წლები), საზოგადოების დამფუძნებელი, საპატიო წევრი და სამეცნიერო საბჭოს წევრი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ანტარქტიდა — სამხრეთის იდუმალი მიწა, თბ., ინტელექტი, 2017, გვ. 301 ISBN 9992887125
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 251-252