ლაქის ცრუფარიანა (ლათ. Kerria lacca) — მწერი კოკციდების ქვერიგისა. დედლის სხეულის სიგრძეა 4-9 მმ, მამლისა — 2 მმ, დედლები მჭიდრო კოლონიებად სახლდებიან მცენარეების ტოტებზე. გამოყოფენ მოყვითალო, ფისის მსგავს ნივთიერებას, რომელთაც მთლიანად იფარება მათი სხეული, უერთდება სხვა დედლების გამონაყოფს და მთელი კოლონია ერთიანდება. დედალი შობს 400-1000 მატლს. წლის განმავლობაში ვითარდება ორი თაობა. ლაქის ცრუფარიანას სამშობლოა ინდოეთი. მისი გამონაყოფი უძველესი დროიდან იხმარებოდა როგორც საუკეთესო ლაქი. სამხრეთ აზიის ქვეყნებში იყენებენ ხის სასახლეების, გემების, ავეჯის და სამკაულების დასაფარად. XIX საუკუნიდან მისგან ამზადებენ შელაქს, რომელსაც ახლაც ფართოდ იყენებენ წარმოების სხვადასხვა დარგში (საუკეთესო ელექტრო- და თერმოიზოლატორი).
საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე და აზერბაიჯანში, 1962 წლიდან 1973 წლამდე აკლიმატიზაციის მიზნით ლაქის ცრუფარიანა შემოჰყავდათ ჩინეთიდან, ვიეტნამიდან და ინდოეთიდან.