ლამაზი ვოლვარიელა

ლამაზი ვოლვარიელა (ლათ. Volvopluteus gloiocephalus) — სოკოს სახეობა ვოლვოპლუტეუსის გვარისა.

ლამაზი ვოლვარიელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  პლუტეუსისებრნი
გვარი:  ვოლვოპლუტეუსი
სახეობა:  ლამაზი ვოლვარიელა
ლათინური სახელი
Volvopluteus gloiocephala (DC.) Vizzini, Contu & Justo (2011)

დაბალი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. იზრდება ნიადაგზე, საძოვრებზე, პარკებში და ბაღებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვეიცარიელმა ბოტანიკოსმა ოგიუსტ პირამის დეკანდოლიმ 1815 წელს როგორც Agaricus gloiocephalus.[1] 2011 წელს შეყვანილი იქნა ვოლვოპლუტეუსის ახლად შექმნილ გვარში.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი 5—15 სმ-მდე აღწევს, გლუვია, მოთეთრო, იშვიათად — მორუხო-მოთეთრო ან მორუხო-მურა, ცენტრში უფრო მუქია, რუხი-ყავისფერი. ნორჩობაში ქუდი კვერცხისებრია, მოგვიანებით ზარისებრია, დაშვებული კიდეებით, შემდეგ — ამოზნექილი და გაშლილი. განიერი ბორცვაკით ცენტრში. ნესტიან ამინდში ლორწოვან-წებოვანი, მშრალ ამინდში — აბრეშუმისებრი, მბრწყინავი.

რბილობი — თხელი, თეთრი, გაჭრისას ფერს არ იცვლის. არაგამოხატული, ან კანგაცლილი კარტოფილის ან ბოლოკის მსგავსი სუნითა და გემოთი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სიგანე — 8-12 მმ, ხშირი, განიერი, ფეხთან თავისუფალი, კიდეებთან მომრგვალებული, ჯერ თეთრი, შემდეგ კი ვარდისფერი.[3]

ფეხის სიგრძე — 5-20 სმ-მდე, სიგანე — 1-3 სმ, ცილინდრული, ძირში გასქელებული, თეთრი ან რუხი-ყვითელი. ნორჩობაში ქეჩისებრია, მოგვიანებით — გლუვი. საყელო არ გააჩნია. ვოლვა — თავისუფალი, ტომრისებრი, თხელი, მოთეთრო ან მორუხო.

სპორების ფხვნილი — მოვარდისფრო-ყავისფერი. სპორები — 12-21х7-12 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი, ღია მოვარდისფრო.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, დარღვეულ ნეშომპალიან ნიადაგებზე, როგორებიცაა ნაყანევი, ნაგვიანი, ნაკელისა და კომპოსტის გროვები, სანაგვეები, თივის ზვინები და ა.შ. აგრეთვე დაფიქსირებულია სათბურებშიც.[4]

არსებობს ცნობები, რომ ლამაზი ვოლვარიელა დაფიქსირებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

დაბალი ხარისხის პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება.[5] გამოიყენება ახალი (შენახვა არარეკომენდირებულია[6]) შემწვარი სახით. აგრეთვე ხმარობენ სუპებსა და სხვა სოკოებისგან მომზადებულ კერძებში.

ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს ამანიტას გვარის შხამიან წარმომადგენლებს. აშშ-ში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აზიელი ემიგრანტები ლამაზი ვოლვარიელას ნაცვლად შეცდომით აგროვებდნენ და ჭამდნენ შხამასოკოს.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (1815) Flore française: ou, Descriptions succinctes de toutes les plantes qui croissent naturellement en France, disposées selon une novelle méthode d'analyse, et précédées par un exposé des principes élémentaires de la botanique (fr), გვ. 52. 
  2. Justo A, Vizzini A, Minnis AM, Menolli Jr N, Capelari M, Rodríguez O, Malysheva E, Contu M, Ghignone S, Hibbett DS (2011). „Phylogeny of the Pluteaceae (Agaricales, Basidiomycota): Taxonomy and character evolution“ (PDF). Fungal Biology. 115 (1): 1–20. doi:10.1016/j.funbio.2010.09.012. hdl:2318/74776. PMID 21215950.
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 146, ISBN 99940-856-1-1.
  4. (1987) A Field Guide to Mushrooms: North America, Peterson Field Guides. Boston: Houghton Mifflin, გვ. 253–4. ISBN 978-0-395-91090-0. 
  5. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America, 1st, California: University of California Press, გვ. 192. ISBN 978-0-520-27108-1. 
  6. Burrows I. (2005). Food from the Wild. London: New Holland Publishers, გვ. 116. ISBN 978-1-84330-891-1. [მკვდარი ბმული]
  7. Marley G. (2010). Chanterelle Dreams, Amanita Nightmares: The Love, Lore, and Mystique of Mushrooms. White River Junction: Chelsea Green Publishing, გვ. 108. ISBN 978-1-60358-214-8.