ლაზერ შანტოია
ლაზერ შანტოია (ალბ. Lazër Shantoja; დ. 7 ივლისი, 1891, შკოდერი — გ. 5 მარტი, 1945, ტირანა) — ალბანელი პუბლიცისტი, პოეტი, სატირიკოსი და მთარგმნელი, ალბანეთის პირველი ესპერანტისტი;[2] ერთ-ერთი პირველი კათოლიკე მღვდელი, რომელიც ალბანეთის კომუნისტურმა რეჟიმმა დააპატიმრა[3] და პირველი ალბანელი მღვდელი, რომელიც დახვრეტით დასაჯეს. 2016 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ის ალბანეთის 38 მოწამეთა შორის დაასახელა.[4]
ლაზერ შანტოია | |
---|---|
დაბადების თარიღი | სექტემბერი, 1892 |
დაბადების ადგილი | შკოდერი |
გარდაცვალების თარიღი | 5 მარტი, 1945[1] (52 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ტირანა |
საქმიანობა | კათოლიკე მღვდელი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
ალმა-მატერი | Albanian Pontifical Seminary |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1891 წლის 7 ივლისს (ზოგიერთი ბიოგრაფის მიხედვით 1892 წლის 2 სექტემბერს) შკოდერში (მაშინდელი ოსმალეთის იმპერია), ამავე სახელწოდების ვილაიეთში, კელ შანტოიასა და ლუჩე ბლინიშტის ოჯახში.[5][6] თავის ნაწარმოებში „შანტოიანა - შანტოიას ოჯახის ისტორია“, ის წერდა, რომ მისი ოჯახი წარმომავლობით ვიერდა-ე-ვიეტერის დასახლებიდან იყო.[7] შანტოიამ დაწყებითი და საშუალო განათლება ალბანეთის პონტიფიკალურ სემინარიაში მიიღო, შემდეგ კი, 1912–1914 ინსბრუკში თეოლოგიის შესწავლა განაგრძო. ავსტრიელი პროფესორები მის დიპლომში წერდნენ, რომ ის „ძალიან ნიჭიერი“ სემინარიელი იყო.[8]
1914 წელს შანტოია პირველად ეწვია ვენას. 1915 წლის 29 მაისს მღვდლად აკურთხეს. 1917 წლიდან რამდენიმე ალბანური სოფლის მღვდლად მსახურობდა.[5] ერთ-ერთ მათგანში მან სოფლის პირველი ალბანურენოვანი სკოლაც გახსნა.[6] 1922 წელს გახდა შკოდერის მთავარეპისკოპოსის, ლაზერ მიედას მდივანი. ამ რანგში ის 1923 წლის 17 აპრილს ვენაში ავსტრიის ფედერალურ კანცლერს, იგნაც ზაიპელს შეხვდა.
როდესაც მღვდელმა ანტონ ჰარაპიმ კათოლიკური პერიოდული ჟურნალის „მთიანელთა ბედი“ (ალბ. Ora e Maleve) გამოცემა დაიწყო, შანტოია და ლუიდ გურაკუჩი მისი პირველი თანაავტორები გახდნენ. მოგვიანებით ჰარაპი წერდა, რომ შანტოიას მამა ერთადერთი იყო, ვინც მას ჟურნალთვის წერაში ეხმარებოდა. 1924 წლის მაისში შანტოიამ გამომცემლობა დატოვა.[5] ის მხარს უჭერდა ალბანური ენის ერთიანობის საზოგადოებას. 1924 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც აჰმედ ზოგუმ ალბანეთში ძალაუფლება დაიბრუნა, შანტოია, როგორც ივნისის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი, დააპატიმრეს.[5] რამდენიმეთვიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ იგი შეიწყალეს, რის შემდეგაც იუგოსლავიაში გადავიდა. 1925 წლის 2 ოქტომბერს, ბელგრადში ყოფნისას, მან ჟურნალში „ეროვნული თავისუფლება“ (ალბ. Liria Kombëtare) შემაშფოთებელი სტატია გამოაქვეყნა ლუიდ გურაკუჩის მოულოდნელი მკვლელობის შესახებ.
1928 წელს შანტოია იუგოსლავიიდან ვენაში გადავიდა, სადაც პერიოდული გამოცემა „ალბანეთის ბედი“ (ალბ. Ora e Shqipnisë) დააარსა. გამომცემლობას პოლიტიკოსი და აჰმედ ზოგუს მოწინააღმდეგე ჰასან პრიშტინა აფინანსებდა. მოგვიანებით შანტოია შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ბილის, შემდეგ კი ლა მოტის მღვდლად მსახურობდა. შვეიცარიაში 1939 წლამდე დარჩა. იქ ყოფნისას ისარგებლა შესაძლებლობით, გაეუმჯობესებინა ფრანგული ენის ცოდნა.
ალბანეთში იტალიის შემოჭრისთანავე შანტოია სამშობლოში დაბრუნდა და შკოდერის წმინდა სტეფანეს ტაძარში წირვა აღავლინა. 1939 წლის 28 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა ალბანეთის ახალი ფაშისტური დროშის მიღებასთან დაკავშირებით და იმავე წელს დედასთან ერთად ტირანაში გადავიდა. 1940 წლის 12 მარტს შანტოია ნეაპოლს, შემდეგ კი ეგვიპტეს ეწვია,[5] სადაც ადგილობრივ ალბანურ თემს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა, რამაც კაიროსა და ალექსანდრიაში პირველი ალბანური ფაშისტური დაჯგუფებების ჩამოყალიბება განაპირობა. 1940 წლის 8 ნოემბერს ჟურნალ Tomorri-მ შანტოიას შკოდერში ვიზიტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.[9]
1941 წელს ლაზერ შანტოიამ ერნესტ კოლიკის, მუსტაფა მერლიკა-კრუიას, ჯუზეპე ვალენტინის, კარლ გურაკუკის, ცევატ კორტშასა და სხვებთან ერთად, ალბანეთის მეცნიერებათა ინსტიტუტი დააარსა. იგი მხარს უჭერდა მუსტაფა კრუიას მთავრობას და მასში გურაკუკის პოლიტიკური იდეების მიმდევარს ხედავდა. 1943 წელს შანტოია ტირანაში კომუნისტების მიერ მოკლული ნდოკა გელოშის დაკრძალვას დაესწრო. 1943 წლის სექტემბერში, იტალიის კაპიტულაციის შემდეგ, მან პოლიტიკა დატოვა.[5]
შანტოია კომუნისტური რეჟიმის დევნისგან თავის დაღწევას შელდტის მთებში ცდილობდა. 1944 წლის დეკემბერში იგი კომუნისტმა აგენტებმა მაინც იპოვეს და დააპატიმრეს.[3] 1945 წლის 29 იანვარს სახელმწიფო პროკურორმა ჯონუზ მერსინმა მას ომის დანაშაულში დასდო ბრალი, თუმცა შანტოია თავს უდანაშაულოდ თვლიდა. ციხეში მას აწამებდნენ. მთავარეპისკოპოსი ზეფ სიმონი თავის მოგონებებში წერდა, რომ, გარდა ძვლების დამტვრევისა, შანტოიას წამება მოიცავდა რკინის ცხელი ჯოხებით ფეხებიდან კანის მოწყვეტას და შიშველ ხორცზე მარილის მოყრას. შანტოიას დედა ციხის მცველებს ევედრებოდა, მოეკლათ იგი, რათა ბოლო მოღებოდა მის ტანჯვას.[10].
1945 წლის 31 იანვარს შანტოიას სამხედრო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1945 წლის 2 თებერვალს, ომის დანაშაულთა ცენტრალურმა საგამოძიებო კომიტეტმა, იუსუფ ალიბალის ხელმძღვანელობით, მხარი დაუჭირა შკოდერის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 1945 წლის 9 თებერვალს ტირანის უმაღლესმა სამხედრო სასამართლომ ეს წინადადება უარყო, თუმცა შანტოია სიკვდილით მაინც დასაჯეს, 1945 წლის 5 მარტს, ტირანის გარეუბანში.[11] ენვერ ხოჯა პირადად ესწრებოდა შანტოიას დახვრეტას.[5][10]
ნაშრომები
რედაქტირებაშანტოიას ნაშრომები მოიცავს სატირულ ნაწარმოებებს და სტატიებს სამეცნიერო-კულტურულ თემებზე. წერდა ლექსებსაც სხვადასხვა ენებზე. მისი ნაშრომების სრული კრებული 2005 წელს გამოიცა.[8][12]
პუბლიცისტიკა
რედაქტირება„პინოქიოს“ ალბანურ ენაზე მთარგმნელი და ცნობილი ესპერანტისტი, ცუკ სიმონი შანტოიას პირველ ალბანელ ესპერანტისტად თვლიდა. 1914 წელს ჟურნალ „ესპერანტოს“ მეორე ნომერში შანტოიას სტატია „La albana lingue“ გამოქვეყნდა.
შანტოიამ 1919 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების კრებული „Për natë kazanash“. 1922 წელს გამოიცა მისი კვლევა „ქალი“, 1927 წელს კი ბოგდანის მხატვრულმა ასოციაციამ დადგა მისი მონოლოგი „თევზი წყალში და ტაფა გაზქურაზე“.
1915 წლის 22 დეკემბერს შანტოიამ გამოაქვეყნა ლექსი „Çinarët“ და ნაწარმოებები „მთების მღვდელი“, „სამყაროს სიმღერა“ და „ჰასან რიზა-ფაშა“. 1927 წელს დაწერა მოკლე დრამატული პოემა „მოწამეთა შეხვედრა“. 1934 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული სათაურით „მხოლოდ ერთი კოცნა“.
თარგმანები
რედაქტირებანათარგმნი აქვს ოსკარ უაილდის, შილერის, იენს იორგენსენის, ალფრედ დე მიუსეს, ვებერის, კარლ იმერმანის, ჯუზეპე ფონტანელის, ჯაკომო ლეოპარდისა და გაბრიელე დ'ანუნციოს ნაწარმოებები.[13] 1915 წელს, როცა ჯერ ისევ სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო, შანტოიამ ალბანურად თარგმნა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „მომლოცველები კევლარში“.
1938 წელს ჟურნალ „ლეკაში“ დაიბეჭდა მისი თარგმანი გოეთეს პოემისა „ჰერმანი და დოროთეა“, ხოლო 1940 წელს ჟურნალ Shkëndija-ში გამოიცა „ფაუსტის“ პირველი ნაწილის თარგმანი, რომელიც 1944 წელს ხელახლა გამოუშვეს Hylli i Dritës-ში.[13]
ლიტერატურა
რედაქტირება- Çefa, Kolec, Grupi "Ora e Maleve" dhe publicistika e tij, Tiranë: Gjergj Fishta, 2013. — გვ. 186-189, ISBN 9789928161215.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ GCatholic.org — 1997.
- ↑ Zef Simoni, Letërsia shqipe e pame ndryshe, Shkodër: Botime Françeskane, 2006. — გვ. 89—90, ISBN 9994386336.
- ↑ 3.0 3.1 Qazimi, Azem, Procesi i asgjësimit të fesë në komunizëm, Instituti i Studimit të Krimeve dhe Pasojave të Komunizmit, 2012. — გვ. 79, ISBN 9789928168030.
- ↑ Flocchini, Emilia. „Beati Martiri Albanesi (Vincenzo Prennushi e 37 compagni)“. Santiebeati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-21. ციტირების თარიღი: 2019-03-16.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 Marku, Arben, Bio-bibliografi, Shkodër: Botime Françeskane, 2005. — გვ. 18—19, ISBN 9994369644.
- ↑ 6.0 6.1 Çefa 2013, p. 186, 189
- ↑ Shantoja, Lazër, Vepra / Marku, Arben, Shkodër: Botime Françeskane, 2005. — გვ. 276—328, ISBN 9994369644.
- ↑ 8.0 8.1 Peters, Markus W. E., Shtëpia botuese më e vjetër e Shqipërisë dhe kontributi i saj për Lëvizjen Kombëtare, arsimimin dhe kulturën, Tiranë: Qendra Botuese Shoqata e Jezuitëve, 2016. — გვ. 505—511, ISBN 9789928433312.
- ↑ Juka, Gëzim H., Shkodranët e 7 prillit dhe të 29 nëntorit, Tiranë: Reklama. — გვ. 49, ISBN 9789928440358.
- ↑ 10.0 10.1 Mapo (2018-09-28). „E donte të vdekur vetë Enver Hoxha”: Si e torturuan Dom Lazër Shantonë“. Mapo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-06. ციტირების თარიღი: 2019-03-16.
- ↑ Radovani, Fritz, Një monument nën dhé, Melbourne: Misioni Katolik Shqiptar në Kroaci, 2004, ISBN 9789539917430.
- ↑ Lazër Shantoja në Enciklopedinë Treccani. ციტირების თარიღი: 2019-03-16
- ↑ 13.0 13.1 Çefa 2013, p. 186, 197-199