კორდომიანის ეკლესია

კორდომიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის სამხრეთ–დასავლეთით 2–2,5 კმ–ზე, ხშირ ტყეში. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.

ძეგლი სამეკლესიიან ბაზილიკათა ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ გეგმის დაკვალვითა და ხუროთმოძღვრულფორმათა აღნაგობის თვალსაზრისით ნიშანდობლივ თავისებურებებს შეიცავს. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (13,8x10,5 მ) ჩაწერილია ჯვრისებრი გეგმის ეკლესია სამნაწილიანი საკურთხევლით და ცენტრალური სივრცის დასავლეთ ნაწილის ირგვლივ არსებული სამმხრივი გარშემოსასვლელი, რომლის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ.

ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია შუა ეკლესიის კამარა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ზედა ნაწილები, განგრეულია საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელი (საკურთხევლის სარკმლის წირთხლების მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი). ჩამონგრეულია შუა ეკლესიის ჩრდილოეთ უბის და გარშემოსასვლელის კამარების მნიშვნელოვანი ნაწილი. ინტერიერი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ჩამონაშალი ქვებით. ნანგრევებადაა ქცეული ეკლესიის სამხრეთ მინაშენი.

შუა, მთავარი ეკლესია არატრადიციულადაა აგებული. იგი წარმოადგენს მაღალ და გრძელ დარბაზს, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთვის შედარებით დაბალი და საკმაოდ ღრმა თითო უბე. უბეები სიღრმის წყალობით ქმნიან განივ ღერძს, რომელიც მთავარი ღერძის პერპენდიკულარულია. უბეები საგრძნობლად დაბალია, რის გამოც გეგმის ჯვრული მოხაზულობა სივრცეში, არასრულფასოვნადაა გამოვლენილი. შუა ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს:სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარს შიგნით ნალისებრი თაღი აქვს, ხოლო გარედან მოზრდილი ქვის ზღუდრითაა გადახურული– თარაზულად.

საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნალისებრი ფორმისაა. იგი განათებული იყო ფართო და მაღალი სარკმლით (ამჟამად საკურთხევლის კედელი ამ ადგილას განგრეულია და სარკმლიდან მხოლოდ წირთხლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი). საკურთხეველში ერთმანეთის სიმეტრიულად ერთი სწორკუთხა და ერთი ნალისებრთაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. თითოეულ მათგანშში შესასვლელი დასავლეთიდანაა –შესაბამისი უბიდან. ორივე გეგმით სწორკუთხა, კამაროვანი სათავსოა, აქვთ თითო მოზრდილი ნიშა სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში და თითო პარალელურწირთხლებიანი სარკმელი აღმოსავლეთით. ამჟამად ორივე სარკმელს, ისე როგორც სამკვეთლოს შესასვლელს, თავი ჩამოშლილი აქვს.

შუა ეკლესიის ორივე უბე გადახურულია ქვის კამარით. იგი შედგება ორი კამარისგან, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით კვეთენ. ორივე უბე ეკლესიის სივრცეს ნალისებრი თაღით ერთვის. თაღი დაყრდნობილია შირიმის თლილი ქვის იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ამჟამად ჩრდილოეთ უბის კამარას მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. საკურთხევლის სარკმლის გარდა, დასავლეთ კედელში ერთი ფართო, მაღალი სარკმელია – პარალელური წირთხლებითა და ბრტყელი გადახურვით.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ეკლესიები ერთმანეთის ანალოგიურია. აღმოსავლეთით ისინი სწორი კედლითაა დასრულებული, ორივეში თითო ნალისებრთაღოვანი ბრტყელი ნიშაა, რომელიც აფსიდის მაგივრად გამოიყენებოდა. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელში ფართო, თაღიანი შესასვლელია. თაღი ნალისებრია.

ორივე ეკლესია გადახურულია სხმული კამარით. კამარა ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს, რომელთაგანაც ერთი აღმოსავლეთ კედელთანაა, ხოლო მეორე – მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე.

დასავლეთ გარშემოსავლელს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს (შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ წირთხლის ნაწილი). გარშემოსავლელის კამარის დიდი ნაწილი ჩამოშლილია. აღმოსავლეთით, იგი დაყრდნობილი იყო მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლიდან გამოშვეილ თაროზე, ხოლო დასავლეთით– დასავლეთ კედელზე. მოგვიანებით დასავლეთ გარშემოსავლელის კამარის გამაგრების მიზნით, კამარის სამხრეთ კედელსი, პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი მოუწყვიათ. შესაძლოა მსგავსი თაღი კამარის ჩრდილოეთ კიდეშიც იყო მოწყობილი.

ეკლესიას ორსაფეხურიანი, თაროსებრი ლავგარდანი ჰქონია, რომლის მცირე ნაწილი სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მოზრდილი, გეგმით სწორკუთხა ნაგებობა (7,9x5 მ) მიუშენებიათ, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

ბაზილიკის აღმოსავლეთით, ოცდაათიოდე მეტრზე, საძვალეა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მიწაშია მოქცეული. ნაწილი (სიმაღლე დაახლოებით 1,5 მ) მიწის ზემოთაა და მიწითა და მცენარეულობით იმდენადაა დაფარული, რომ ქვის გროვას წააგავს. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ნაგებია მსხვილი რიყის ქვითა და კისრის დუღაბით. წყობაში ალაგ–ალაგ ლოდებიცაა ჩართული. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. შიგნით გრძივ ღერძზე აგებული დაბალი (სიმაღლე 20–25სმ ) და განიერი (სიგანე დაახლოებით 60სმ) კედლით საძვალე გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. კედელი დასავლეთ ბოლოში ორი საფეხურით მაღლდება და ადგება დასავლეთ კედელში მოწყობილ განიერ, ღრმა ნიშას. ინტერიერი გადახურულია ბრტყელგვერდებიანი სხმული კამარით.

ლიტერატურა რედაქტირება