კოპალე
კოპალე — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ორიოდე კილომეტრზე, მთაზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა. ნაგებია ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის ხსნარით. გარეთა კუთხეებში და არქიტექტურული ელემენტების წყობაში მოზრდილი, მეტ-ნაკლებად წესიერი ფორმის ქვებია გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი მიწიდან ორმოცდაათიოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდია, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან განიერი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში მაღალი, გარეთკენ უმნიშვნელოდ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი, რომლის თავი კონქის ქუსლის დონეზეა. სარკმელი ორი თხელი ქვით თარაზულადაა გადახურული. საკუთრივ კონქიდან სარკმლის თავზე არსებული ნაწილი - წვრილი, ნატეხი ქვების წყობის ხუთი რიგითაა (სიგრძე დაახლოებით - 1,8 მეტრი) შემორჩენილი. სარკმლის ქვემოთ, კედელში, რამდენიმე კრამიტია ჩატანებული. აფსიდის ჩრდილო გვერდში ერთი ოთხკუთხა ნიშია. მსგავსი თითო ნიში დარბაზის გრძივი კედლების შუაშიცაა. 1990-იანი წლების მიწურულს, ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია თვითნებურად გაურემონტებია, რის გამოც ისტორიული ღირებულება ეკლესიას დაკარგული აქვს. რემონტის დროს აღუდგენიათ დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი და შესასვლელი, რომელიც ვენახის შესამაგრებელი რკინა-ბეტონის სარებითაა გადახურული. ეკლესია დაბურულია შიფრის, ორკალთა სახურავით, რომელიც ხის ნივნივებზეა დაწყობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 175-176.