კოპალას სათემო ხატი

საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უძილაურთის დასავლეთით, მთის ფერდობზე. ხატის კომპლ

კოპალას სათემო ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უძილაურთის დასავლეთით, მთის ფერდობზე. ხატის კომპლექსს გარს არტყია ხეები და შუაში ხევი ჩამოუდის. რიყის ქვის გალავანი, რომელიც ხატს ირგვლივ ევლებოდა, დღეს მთლიანად დანგრეულია.

კომპლექსში შედის „საყეინოს საბძანისი“, სასანთლე, დარბაზი, საზარეები, საბერო, მარანი, სალუდე, ბეღელი. „საყეინოს საბძანისი“ დგას იფნის ხის ძირში. იგი ფიქლით მშრალად ნაშენი კოშკისებრი მასიური ნაგებობაა. ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. სასანთლე „საყეინოს საბძანისის“ მსგავსი ნაგებობაა, დგას მის მახლობლად, წმინდა ხეებს შორის. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. სამხრეთით ოთხკუთხა თახჩა აქვს მოწყობილი. გადახურულია პირამიდული ფორმის საფეხუროვანი სახურავით. დარბაზი, საბერო, ძველი და ახალი საზარეები ქვის მშრალი წყობით ნაგებ ერთ შენობაშია გაერთიანებული, რომელიც სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან გამაგრებულია მორებით და საყრდენი კედლით. მის წინ დარბაზის კარია (ღორღითა და მიწის ხელოვნურად ამაღლებული მოედანი). ნაგებობის ცენტრალურ ნაწილში ნაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის დარბაზს უჭირავს, რომელიც დანარჩენ სათავსებზე მოზრდილია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. ნაგებობის გრძივ ღერძზე სამი ხის ბოძია დადგმული, რომლებსაც გადახურვა ეყრდნობა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოწყობილია ფიქლის ქვისგან მშრალად ნაგები კუბური ფორმის სასანთლე - ორრიგად განლაგებული თახჩებით. მოგვიანებით დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ახალი სასანთლე მოუწყვიათ. დარბაზს აღმოსავლეთის მხრიდან ძველი საზარე ეკვრის. იგი ფიქლით ნაშენი, გეგმით არასწორი ოთხკუთხედის ფორმის ფანჩატურია, რომელიც საფეხუროვანი სახურავითაა გადახურული. მოგვიანებით დარბაზის დასავლეთით სპილენძის ფანჩატურიანი ახალი საზარე მოუწყვიათ. დარბაზს ჩრდილო-დასავლეთიდან საბერო ეკვრის. იგი დარბაზს სწორკუთხა კარით უკავშირდება. საბერო ბნელი სათავსია, რომლის შუაში გადახურვის საყრდენი ხის ბოძია დადგმული. კედლების გასწვრივ ხის სკამებია. დარბაზს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. კვრივი მდებარეობს დარბაზიდან ჩრდილოეთით. იგი ქვით ნაგები მცირე ზომის ოთხკუთხა სვეტია, რომლის ზედა ნაწილი ოთხივე მხარეს სწორკუთხა ღიობებითაა გახსნილი. გადახურულია საფეხურებიანი პირამიდისებრი სახურავით. მარანი მდებარეობს დარბაზიდან დასავლეთით, ხევის პირას. ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. გეგმით სწორკუთხაა, შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. სათავსის შუაში გადახურვის ხის ორი ბოძია დადგმული. იატაკი მიწურია. აღმოსავლეთ კედელში ერთი თახჩაა. ჩრდილო კედელში თაროა მოწყობილი, კედლის გასწვრივ კი - მასიური ხის მერხი.

გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით. სალუდე მდებარეობს მარნის დასავლეთით. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იატაკი მიწურია. მოგვიანებით სათავსის შუაში ფიქლით ნაგები ბოძი - კულა აუგიათ. კარის გვერდით საქვაბეა. სათავსის ჩრდილო ნაწილში მეკვლეთა სამყოფია. მასში კერაა მოწყობილი. სამხრეთ და დასავლეთ კედლების გასწვრივ ხის სკამებია, ხოლო დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო მცირე ზომის თახჩაა. ნაგებობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს. ბეღელი დარბაზის ჩრდილო-დასავლეთითაა, იგი კირის ხსნარზე ფიქლითა და კირის ხსნარით ნაგები ოთხკუთხა გეგმის სათავსია. კედლები გარედან კირითაა შელესილი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა, მის წინ მიწა ხელოვნურად მოსწორებული და დატკეპნილია. კარის ზემოთ თაროა. სათავსის იატაკი ფიქლითაა მოგებული. ჩრდილო კედლის გასწვრივ აგებულია ხის სამგანყოფილებიანი ამბარი. ნაგებობა გადახურულია ცამეტსაფეხურიანი პირამიდისებრი სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება