კონფლიქტის პრევენცია
კონფლიქტის პრევენცია — ნებისმიერი ტიპის სტრუქტურული საშუალება, რათა მოხდეს ქვეყანათშორისი ან ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბულობის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის საშიშროების თავიდან არიდება. მისი მიზანია კონფლიქტის პოტენციური მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა გაჩნდეს კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების რესურსი და გადაიჭრას ის პრობლემები, რაც დაპირისპირებისა და დაძაბულობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
კონფლიქტის პრევენცია გულისხმობს საზოგადოების მდგრადობის ზრდას ძალადობრივი კონფლიქტის მიმართ და ადგილობრივი სამშვიდობო რესურსების გაძლიერებას. იგი კონფლიქტის გადაწყვეტის უპირველესი მიზანია და გულისხმობს, რომ განსხვავებული პოზიციების არსებობა არ უნდა გადაიზარდოს ღია, ძალადობრივ დაპირისპირებაში.
თეორიული და გამოყენებითი კვლევები
რედაქტირებაკონფლიქტის პრევენციის თეორიული და გამოყენებითი კვლევები 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს. თუმცა კონფლიქტის პრევენციის საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო მექანიზმები 1990-იანი წლებიდან გაფართოვდა.
კონფლიქტის პრევენცია არ არის ახალი კონცეფცია საერთაშორისო დიპლომატიაში. ადრეულ ევროპულ სტრუქტურებს,ერთა ლიგას, გაეროს ,ყველას აერთიანებდათ მიზანი, რომ პრევენციის კოლექტიური მექანიზმები შეემუშავებინათ და მშვიდობა უზრუნველეყოთ. თუმცა, პრევენციას განსაკუთრებული ყურადღება ცივი ომის შემდგომ ეპოქაშიდაეთმო. ამის მიზეზები შემდეგია:
- ცივი ომის შემდგომ პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში შეთანხმებული მოქმედების შესაძლებლობა;
- შიდასახელმწიფოებრივი ომებისა და სახელმწიფოთა დაშლის მზარდი რიცხვი;
- სამშვიდობო ინტერვენციებთან დაკავშირებული პოლიტიკური წინააღმდეგობები;
- საინფორმაციო ტექნოლოგიების და გლობალიზებული მედიის განვითარება;
- სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე საზოგადოების ზეწოლა დროული ჩარევის, გენოციდის, ომის დანაშაულისა და ძალადობრივი კონფლიქტების შეჩერების მიზნით.
პრევენციული დიპლომატიის შესახებ
რედაქტირებაპრევენციული დიპლომატიის შესახებ გაეროში პირველად 1992 წელს გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის ცნობილ ანგარიშში „დღისწესრიგი მშვიდობისთვის“ გაცხადდა. ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციაზე პასუხს წარმოადგენდა და გაეროს პრევენციული დიპლომატიისა და სამშვიდობო შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობდა. ანგარიშში პრევენციული დიპლომატია მოხსენიებულია, როგორც „კონფლიქტის მართვის ყველაზე სასურველი და ეფექტიანი საშუალება და იდენფიცირებულია რამდენიმე არსებითი ინსტრუმენტი: ნდობის მშენებლობა, ადრეული გაფრთხილებისა და ფაქტების დამდგენი მექანიზმები, სწრაფი პრევენციული დიპლომატია“. მას შემდეგ, კონფლიქტის პრევენციის მნიშვნელობის თაობაზე გაეროს არაერთ რეზოლუციაში ხაზგასმით აღინიშნა.
კონფლიქტის პრევენცია, როგორც ზოგადი პრინციპი, მხარდაჭერილია საერთაშორისო ფორუმებზე, ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტებსა და აკადემიურ ლიტერატურაში. ფართოდ არის აღიარებული, რომ „უმჯობესია პრევენცია, ვიდრე მკურნალობა“. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის პრევენციას პრაქტიკაში სათანადო ყურადღებაარ ექცევა.პრობლემის ნაწილს წარმოადგენს ის, რომ რიტორიკულ მხარდაჭერასა და ხელშესახებ ვალდებულებას შორის მნიშვნელოვანი უფსკრულია.
დისკუსია კონცეფციის დეფინიციის თაობაზე
რედაქტირებაკონფლიქტის პრევენციის უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. ავტორები სხვადასხვა ტიპოლოგიას იყენებენ ისეთი კონცეფციების აღსანიშნად, როგორებიცაა, კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის რეზოლუცია, კონფლიქტის მენეჯმენტი, კრიზისის პრევენცია, პრევენციული დიპლომატია, მშვიდობის შენარჩუნება და მშვიდობის მშენებლობა .ზოგი ავტორი დასახელებული კონცეფციების სხვადასხვა განმარტებას გვთავაზობს, მაშინ როცა, სხვები მათ შორის დიდ განსხვავებაზე მიუთითებენ. ავტორთა ნაწილი კონფლიქტის პრევენციას ძალიან ფართო დატვირთვას აძლევს და მასში მოიაზრებს განვითარების პოლიტიკასა და პოსტ-კონფლიქტური მშვიდობის მშენებლობას. ავტორთა ნაწილი კი, კონფლიქტის პრევენციის ვიწრო დეფინიციას იყენებს.
მკვლევრები და მეცნიერები განასხვავებენ შეიარაღებული კონფლიქტის მაპროვოცირებელ და საფუძველმდებარე მიზეზებს. ყველა თანხმდება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის ანალიზი შეუძლებელია მისი საფუძვლების ანუ სტრუქტურული მიზეზების შესწავლის გარეშე. ყველაზე ხშირად, ძალადობრივი კონფლიქტის სტრუქტურულ მიზეზებად სახელდება სიღარიბე, შემოსავლების უთანასწორობა, ჭარბი პოპულაცია და რესურსების სიმცირე, პოლიტიკური რეპრესია და ავტორიტარიზმი,უმცირესობათა ჯგუფების უფლებების შელახვა, კორუფცია, და ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ფაქტორების იგნორირების შემთხვევაში, პოლიტიკა მიმართული იქნება კონფლიქტის სიმპტომების და არა მისი მიზეზების აღმოფხვრაზე. დიპლომატები, აქტივისტები და ანალიტიკოსები, ვინც იზიარებს მოსაზრებას, რომ ძალადობრივკონფლიქტებს აქვთ სტრუქტურული მიზეზები, ადვოკატურებას უწევენ პრევენციულ სტრატეგიას და კონფლიქტის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრას.
თუმცა, არ არის უნივერსალურად აღიარებული, რომ კონფლიქტის პრევენციის ისეთი ფართო დეფინიცია, რომელიც მოიაზრებს განვითარებისა და მმართველობის საკითხებს, მიზანშეწონილია. თუ კონფლიქტის პრევენციას გავუთანაბრებთ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრასა და ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, კონფლიქტის პრევენციააზრს კარგავს. ლუნდი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის სტრუქტურულ მიზეზებზე მეტისმეტი აქცენტირება არასწორია. სოციალური უთანასწორობა და რესურსების სიმცირე ყოველთვის არ იწვევს ძალადობრივ კონფლიქტს. ისინი შესაძლოა ჯანსაღი, არაძალადობრივი კონფლიქტის მაპროვოცირებლები გახდნენ. ლუნდის თანახმად, „ასეთი ფართო ფოკუსის დროს მხედველობიდან შეიძლება გამოგვრჩეს ძალადობრივი კონფლიქტის უფრო ახლო, ქცევითი წყარო, რაც, როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ტერიტორიებზე, თავისი ბუნებით, პოლიტიკურია“.
კონფლიქტის პრევენციის ფართო გაგება
რედაქტირებაკონფლიქტის პრევენციის კიდევ უფრო ფართო გაგება მოიცავს პოსტ-კონფლიქტურ რეაბილიტაციას და დიპლომატიურ ძალისხმევას. ამ პერსპექტივიდან, ეფექტიანი მედიაცია ახალი, უფრო დესტრუქციული კონფლიქტის პრევენციაა. ბუტროს ბუტროს-გალი (1992) კონფლიქტის პრევენციას ფართო დეფინიციას იყენებს და ანგარიშში „დღისწესრიგი მშვიდობისთვის“ მას შემდეგნაირად განსაზღვრავს:
კონფლიქტის პრევენციის მნიშვნელობა
რედაქტირებაკონფლიქტის პრევენციას მიმართავენ მშვიდობიან პერიოდში, როცა ფიზიკური დაპირისპირების ალბათობა იზრდება და გარკვეული ინდიკატორები დაპირისპირების გამწვავებას მოასწავებენ. პრევენციის ეფექტიანმა ზომებმა მოსახლეობას შესაძლოა თავიდან აარიდოს ომები, ადამიანთა იძულებითი გადაადგილებები, სიკვდილიანობა. ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებას თავიდან არიდებს პირდაპირი ჰუმანიტარული ინტერვენციისა და სამშვიდობო ოპერაციების ხარჯებს, ინტერვენციასთან დაკავშირებულპოლიტიკურ დაპირისპირებებს,შიდასახელმწიფოებრივი ომების ისეთ შედეგებს, როგორებიცაა ლტოლვილთა ნაკადი, იარაღის ტრეფიკინგი, ტრანსნაციონალური კრიმინალი და დაავადებების გავრცელება.
კონფლიქტის პრევენციის სტრატეგია
რედაქტირებაპრევენციის სტრატეგია ჯდება როგორც ლიბერალური ეთიკის, ისე რეალპოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების ლოგიკაში. მაიკ ლუნდი აღნიშნავს, რომ „პრევენციული დიპლომატია არის პროაქტიული შუა გზა უხეშ ინტერვენციონიზმსა და იზოლაციონიზმს შორის“. ცივი ომის შემდგომ ეპოქაში კონფლიქტის პრევენციას სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკებში. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ის კატასტროფული შედეგებია, რაც მოჰყვა კონფლიქტს რუანდაში, იუგოსლავიის დაშლას, და სხვა. ნაწილობრივ კი იმის გააზრება, რომ გაცილებით მარტივია კონფლიქტთან გამკლავება ადრეულ ეტაპზე, მანამ, სანამ შეიარაღებულ და ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზრდება. გარდა ამისა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ნაკლებ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, ვიდრე რეკონსტრუქცია და ძალადობრივი კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრა.
კონფლიქტის პრევენციის კრიტიკა
რედაქტირებაკონფლიქტის პრევენციის კრიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ძალადობრივი კონფლიქტი რიგ შემთხვევებში გარდაუვალია. თუმცა, პრევენციის მექანიზმებმა შეიძლება თავიდან აგვარიდოს ზოგიერთი კონფლიქტი, ან ხელი შეუშალოს მიმდინარე კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას. დონალდ კაგანი აღნიშნავს: „თუკი, საზოგადოდ, ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაინც შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ შევძლებთ ომის საფრთხის შემცირებას დროის დიდ მონაკვეთში, რომ თავიდან ავირიდებთ ზოგიერთ ომს, რომ გავატარებთ პოლიტიკას, რომელიც მშვიდობას შესაძლებელს და უფრო ხანგრძლივს გახდის“.
კონფლიქტის პრევენციის ეტაპები
რედაქტირებააკადემიურ ლიტერატურაში გამოჰყოფენ კონფლიქტის პრევენციის შემდეგ ეტაპებს:
- სტრუქტურული პრევენცია, რაც მოიცავს ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანის უფლებებს, მმართველობის საკითხებს და საერთაშორისო დონეზე „პრევენციის კულტურას“;
- ადრეულ პრევენციას - მიმართავენ, როდესაც ადრეული გაფრთხილების მექანიზმის მეშვეობით გამოვლინდება დავა, რასაც ლუნდი უწოდებს „არასტაბილურ მშვიდობას“;
- გვიანი პრევენცია - დიპლომატიური ძალისხმევა, როცა შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა აშკარაა;
- კონფლიქტის მენეჯმენტი - არსებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი გამწვავების პრევენცია;
- მშვიდობის მშენებლობა - შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ მისი ხელახლა განმეორების პრევენცია.
ეფექტიანი და ყოვლისმომცველი კონფლიქტის პრევენციის სტრატეგია მოიცავს ზემოაღნიშნულ სხვადასხვა ეტაპს და ყოველი ეტაპისთვის სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ადრეულ პრევენციაზე. კონფლიქტის პრევენციის ღონისძიებები სწორედ ამ ეტაპზე არის ყველაზე ეფექტიანი. მიუხედავად ამისა, პრევენციული დიპლომატია ყველაზე ნაკლებად არის განვითარებული და მას იშვიათდ მიმართავენ.
კონფლიქტის პრევენციის ტიპები და ინსტრუმენტები
რედაქტირებამსუბუქი და ღრმა პრევენცია
რედაქტირებამეცნიერები გამოყოფენ ორი ტიპის პრევენციას: ერთი, როდესაც შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტის ალბათობა აშკარაა და მოსალოდნელია მოკლევადიან პერსპექტივაში. ამ დროს არ ხდება კონფლიქტის საფუძვლების შესწავლა, არამედ, მნიშვნელოვანიასწრაფი რეაგირება, რათა, უპირველეს ყოვლისა, ომის თავიდან არიდება მოხდეს. ამას უწოდებენ „მსუბუქ“ პრევენციას (light prevention). მეორე ტიპის პრევენცია, „ღრმა პრევენცია“ (deep prevention), კიგულისხმობს კონფლიქტის სტრუქტურული მიზეზების აღმოფხვრას. ზოგი ავტორიიყენებს ტერმინებს „მოკლევადიან ინტერვენციას“ მსუბუქი პრევენციის სინონიმად, და „სტრუქტურულ ინტერვენციას“, რომელიც ღრმა პრევენციას გულისხმობს. მსუბუქი პრევენციამოიცავს შემდეგ მექანიზმებს: ოფიციალური დიპლომატია (მედიაცია, შერიგება, ფაქტების დადგენა, სამშვიდობო კონფერენციები, ცხელი ხაზები..), არაოფიციალურიდიპლომატია (კერძო მედიაცია, სამშვიდობო კომისიები, კონფლიქტის რეზოლუციის ტრენინგები, სემინარები და მრგვალი მაგიდები) და ადგილობრივი აქტიორებისაქტივობები(პოლიტიკოსთა შორის დებატები, პარტიათა შორის დისკუსიები, ფასილიტირებულიმოლაპარაკებები).
ღრმა პრევენციასახელმწიფოთაშორის დონზეგულისხმობს საერთაშორისო სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და ცალკეულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე კი, იგი მოიცავს განვითარების საკითხებს, კულტურის პოლიტიკას, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და საგანმანათლებლო აქტივობებს. სტრუქტურული ცვლილებები მიმართულია არა მხოლოდ პირდაპირი, უშუალო ძალადობის აღმოფხვრისკენ, რასაც ნეგატიური მშვიდობა ეწოდება, არამედ მისი მიზანია პოზიტიური მშვიდობის უზრუნველყოფა. დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებში კონფლიქტის პრევენციის საყრდენს წარმოადგენენძლიერი ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ქმედითი ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფლიქტის პრევენცია
რედაქტირებაფართოდ არის აღიარებული, რომ კონფლიქტის პრევენცია და კონფლიქტის გადაწყვეტა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები კონფლიქტების პრევენციაშიმნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია (ეუთო) ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ორგანიზაცია იყენებს „ღრმა“ და „მსუბუქი“ პრევენციის ინსტრუმენტებს და ფარავს საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ არეალს. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს საქმონობა მოიცავს კონფლიქტის პრევენციას. გაეროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტებსაც კონფლიქტის პრევენცია წარმოადგენს.
კონფლიქტის პრევენცია არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი საერთაშორისო დონორებისთვის; მისი მნიშვნელობა დიდია განვითარების პერსპექტივიდანაც, ვინაიდან ძალადობრივი კონფლიქტები სიღარიბის ხელშემწყობია. მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობისა და კონფლიქტის პრევენციას ცენტრალური ადგილი უჭირავს სიღარიბის შემცირებაში. გარდა ამისა, ძალადობრივი კონფლიქტის პრევენცია, საშუალოდ, ათჯერ უფრო ნაკლებ ფინანსურ რესურს მოითხოვს, ვიდრე პოსტ-კონფლიქტური რეკონსტრუქცია.
გაეროს რეზოლუციები კონფლიქტის პრევენციის მნიშვნელობის შესახებ
რედაქტირება2016 წელს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებულ რეზოლუციებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კონფლიქტის პრევენციაზე. ესენია: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2282; გენერალური ასამბლეისრეზოლუცია 70/262 და გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 70/304 . კონფლიქტის პრევენცია ნახსენებია გაერო-ს 2030 დღის წესრიგში, სადაც აღნიშნულია, რომ მდგრადი განვითარება მშვიდობის გარეშე არ იქნება, და არც მშვიდობა იქნება მდგრადი განვითარების გარეშე.
ლიტერატურა
რედაქტირება- the lessons from Recent Experience in Field-Level Conflict Strategies; Lund M.S; Facing Ethnic Conflict; Rowman & Littlefield Publishers; Inc; 2004
- Conflict prevention: Opportunities and challenges in implementing key policy commitments and priorities; SIDA; Dec. 2017[მკვდარი ბმული]
- Conflict Prevention: Theory in Pursuit of Policy and Practice M.S. Lund; 2009; the Sage Handbook on Conflict Resolution;[მკვდარი ბმული]
- Conflict prevention and human security: issues and challenges; Menkhaus, K; Conflict, Security and Development, Dec 2004
- Contemporary Conflict Resolution; Maill, H; Ramsbotham, O; Woodhouse, T.
- On the Origins of War. Doubleday, p.566 Kagan, D. 1995.New York.
- Preventing Violent Conflict: A Strategy for Preventative Diplomacy, Lund, M. 1996. US Institute of Peace, Washington DC
- Pathways for Peace; Inclusive Approaches to Preventing Violent Conflict, World Bank Group, United Nations; 2017
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Boutros-Ghali, B. 1992. An Agenda for Peace: Preventative Diplomacy, Peacemaking, and Peacekeeping. United Nations, New York
- Security Council Resolution 2282; 27 April, 2016
- Resolution adopted by the General Assembly on 27 April 2016; 70/262. Review of the United Nations peacebuilding architecture
- Resolution adopted by the General Assembly on 9 September 2016; 70/304. Strengthening the role of mediation in the peaceful settlement of disputes, conflict prevention and resolution
- Resolution adopted by the General Assembly on 25 September 2015; Transforming our world: the 2030 Agenda for Sustainable Development;