კონსტანტინე გელოვანი

კონსტანტინე (კოწია) ლევანის ძე გელოვანი (დ. 8 დეკემბერი, 1873, სოფ. სპათაგორი, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, — გ. 1932) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1918).

კ. გელოვანი

დაიბადა მილიციის პოდპორუჩიკის, თავად ლევან გელოვანის და დესპინე შარვაშიძის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა — ვარლამი (იურისტი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი) და პლატონი (აგრონომ-ეკონომისტი, რეპრესირებული, გარდაიცვალა ციხეში 1937 წელს). კოწია გელოვანი სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1892 წლიდან. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და მიიღო პოდპორუჩიკის წოდება (1897). მსახურიბდა ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში, რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს კი გადაიყვანეს ყუბანის მე-7 პლასტუნთა ბატალიონში. 1907 წელს დაუბრუნდა ერევნის პოლკს და გახდა შტაბს-კაპიტანი. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე, სადაც ორჯერ დაიჭრა. მიიღო პოდპოლკოვნიკის (1915) და პოლკოვნიკის (1916) წოდებები. 1916 წლის დეკემბერში დაინიშნა ახლადჩამოყალიბებული მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაურად. 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში, მეთაურობდა 1-ლი დივიზიის მე-4 ლეგიონს. 1919 წელს იმყოფებოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში პანთურქისტების მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში.

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1905), წმ. ანას IV (1905), წმ. გიორგის IV (1915, სოფ. ბარგოვოსა და პრჟეჩეს მიდამოებში 1914 წლის 25 ნოემბრის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის), წმ. ანას III (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1915), წმ. ანას II (ხმლებითა და ბაბთით, 1915) და წმ. გიორგის III (1918, მიანიჭა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბახტაძე, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 89.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 24-25, ISBN 978-9941-0-7386-1.
  • ფალერისტიკის ისტორიის ზოგიერთი საკითხისათვის საქართველოში (1918 წელი). / ოთარ ჟორდანია // კულტურათაშორისი კომუნიკაციები, №11. - 2010. - გვ. 122-127.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება