კომნენოსები

(გადამისამართდა გვერდიდან კომნენოსების დინასტია)

კომნენოსებიბიზანტიის იმპერატორთა დინასტია (1057-1059 და 1081-1185 წლებში). სავარაუდებელია, წარმოშობით მცირეაზიელ მსხვილ ფეოდალთა წრიდან იყვნენ. მამულები ჰქონდათ პაფლაგონიაშიც და მაკედონიაშიც. გამოხატავდნენ მსხვილი პროვინციული ფეოდალების ინტერესებს. კომნენოსების მიერ გატარებულ ღონისძიებათა წყალობით განმტკიცდა ფეოდალური ინსტიტუტები. გადახალისდა ადმინისტრაციული მმართველობა, პროვინციის მართვის უფლება გადაეცა სამხედრო ხელისუფლებას, მოხდა ფლოტის მართვის ცენტრალიზაცია, ჩატარდა სამხედრო რეფორმა - ფეოდალური ლაშქარი შეიცვალა ძირითადად უცხოელი დაქირავებული რაზმებით. ეკლესია ფაქტობრივად იმპერატორს დაემორჩილა. მოხდა ფეოდალური სახელმწიფოს კონსოლიდაცია.

ალექსი I კომნენოსი – ბიზანტიის იმპერატორი

კომნენოსებს საკმაო წარმატება ჰქონდათ საგარეო პოლიტიკაშიც: შეაჩერეს სელჩუკთა შემოტევა, შემოიერთეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მთელი რიგი ოლქები მცირე აზიაში. ცალკეულ ქალაქთა მმართველები დაექვემდებარენ ბიზანტიის იმპერიას. კომნენოსებმა დიდი პრივილეგიები მიანიჭეს ლათინებს, რამაც ოპოზიცია და საერთო აღშფოთება გამოიწვია. განსაკუთრებით გამწვავდა ბიზანტიის საშინაო ვითარება ანდრონიკე I-ის დროს, რასაც მოჰყვა საგარეო მარცხი. 1185 წელს ანდრონიკეს მთავრობა დაამხეს აჯანყებულებმა, ხელისუფლება გადავიდა ანგელოსთა დინასტიის ხელში. ანდრონიკე I-ის შთამომავალნი „დიდი კომნენოსების“ სახელით მართავდნენ ტრაპიზონის იმპერიას 1204-1461 წლებში.

კომნენოსები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება