კირილ ცოჩევი ბრატანოვი (დ. 5 მარტი, 1911, ლუკოვიტი, ბულგარეთი —  გ. 16 ოქტომბერი, 1986, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი ბიოლოგი და იმუნოლოგი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1962),  ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1962) და ვიცე-პრეზიდენტი (1963-1973).[1]

კირილ ბრატანოვი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1911
ლუკოვიტი, ბულგარეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 1986 (75 წლის)
სოფია, ბულგარეთი
დაკრძალულია სოფიის ცენტრალური სასაფლაო
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ალმა-მატერი სოფიის უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიოლოგია, იმუნოლოგია
წოდება პროფესორი
ჯილდოები დიმიტროვის პრემია 1951

განათლება და ადრეული წლები

რედაქტირება

კირილ ბრატანოვი დაიბადა 1911 წლის 5 მარტს ბულგარეთის ქალაქ ლუკოვიტში. მამა,  ცოჩო ბრატანოვ რადკინსკი, იაბლანიცაში პედაგოგად მუშაობდა. კირილი სამი ვაჟიდან უმცროსი იყო.  მისი უფროსი ძმა, პროფესორი ბრატან ბრატანოვი, რომელიც მედიცინას სწავლობდა, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბულგარელი პედიატრი გახდა. მისი მეორე ძმა, დიმიტარ ბრატანოვი, მომავალი დიპლომატი და ელჩი სწავლობდა სამართალს, ასევე იყო  ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის წევრი. მამა, ცოჩო ბრატანოვი, პოლიტიკური რწმენის გამო, როგორც ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (ფართო სოციალისტები),  სირთულეებს განიცდიდა მასწავლებლად მუშაობის პერიოდში. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა ლუკოვიტის გარეუბანში მდებარე ვენახში.[2]

 
კირილ ბრატანოვი

როდესაც 1928 წელს მშობლიურ ქალაქში მე-6 კლასი დაამთავრა,  კირილ ბრატანოვი გადავიდა დედაქალაქ სოფიაში. იქ სწავლა განაგრძო მე-2 საშუალო მამაკაცთა სკოლაში (Втора софийска мъжка гимназия), რომელიც დაამთავრა 1930 წელს. სწავლობდა ვეტერინარიის ფაკულტეტზე სოფიის  უნივერსიტეტში1935 წელს დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ორი წელი ვეტერინარად მუშაობდა სოფელ დერმანცში.[3]

ბრატანოვის აკადემიური კარიერა დაიწყო 1940 წელს, როდესაც იგი გახდა სოფიის უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი.  1948-1976 წლებში  სოფიაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ზოოტექნოლოგიის სკოლის პროფესორი და მეანობა და ხელოვნური განაყოფიერების განყოფილების თავმჯდომარე იყო. კირილ ბრატანოვს ასევე ეკავა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტის (1956-1962) და ბულგარეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის (1962-1972) თანამდებობები. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე (1986წ.) იყო ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების დირექტორი.

1967 წელს გახდა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). იგი ასევე აირჩიეს საფრანგეთის ვეტერინარულ მეცნიერებათა აკადემიის, გერმანიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბელგიის სამეფოს სამედიცინო აკადემიის, ესპანეთის ვეტერინარულ მეცნიერებათა სამეფო აკადემიის, იტალიის ვეტერინარულ მეცნიერებათა საზოგადოების და საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად.[4]

1943 წლიდან 1986 წლამდე კირილ ბრატანოვი იყო ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის რეპროდუქციისა და ორგანიზმების განვითარების დირექტორი. დღეს, აკადემიკოს კირილ ბრატანოვის ბიოლოგიისა და რეპროდუქციის იმუნოლოგიის ინსტიტუტი მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ატარებს მის სახელს.

1967 წლის სექტემბერში კირილ ბრატანოვმა და მისმა უახლოესმა თანამოაზრეებმა, რეპროდუქციული იმუნოლოგიის სხვა მკვლევარებთან ინტენსიური მიმოწერის შემდეგ, მოიწვიეს პირველი სიმპოზიუმი სპერმატოზოიდის იმუნოლოგიისა და განაყოფიერების შესახებ ვარნაში, ბულგარეთი. სიმპოზიუმს ესწრებოდნენ მონაწილეები ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, აშშ-დან, სსრკ-დან და იუგოსლავიიდან. ასევე წარმოდგენილი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). სიმპოზიუმის ფარგლებში დაარსდა რეპროდუქციის იმუნოლოგიის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი (ICCIR).[5]

1969 წელს ICCIR-მა გამართა პატარა შეხვედრა თემაზე "იმუნოლოგია და რეპროდუქცია" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისში ჟენევაში და აირჩია ICCIR-ის მმართველი კომიტეტი კირილ ბრატანოვის ხელმძღვანელობით. ICCIR-ის მთავარი მიზანი იყო რეპროდუქციული იმუნობიოლოგიის სფეროში კვლევების კოორდინაცია მთელს მსოფლიოში. მეცნიერმა გამართა საერთაშორისო სიმპოზიუმები ვარნაში, ბულგარეთი, რომელიც გახდა მთავარი ფორუმი ექსპერიმენტული და კლინიკური რეპროდუქციული ბიოლოგიის და ადამიანის და ცხოველთა იმუნოლოგიის სფეროში. დამფუძნებლისა და ყოფილი პრეზიდენტის საპატივსაცემოდ, ICCIR-მ დააჯილდოვა კირილ ბრატანოვის მედლით რეპროდუქციულ იმუნობიოლოგიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. რეპროდუქციის იმუნოლოგიის მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა 2018 წლის ივნისში ვარნაში, ბულგარეთში.[6]

1975 წელს, იმუნოლოგიისა და რეპროდუქციის მე-3 სიმპოზიუმზე, კირილ ბრატანოვის წინადადებით, შეიქმნა რეპროდუქციის იმუნოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISIR). კირილ ბრატანოვი აირჩიეს მის პირველ პრეზიდენტად და იმუშავა 1983 წლამდე. ISIR-ის მე-3 კონგრესზე 1986 წელს ქ. ტორონტოს პროფესორმა რუპერტ ბილინგჰემმა, იმუნოლოგმა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ერთ-ერთმა პიონერმა, განაცხადა:

 
„არასოდეს დავივიწყოთ, რომ რომ არა ბულგარეთი, რომ არა ჩვენი ძვირფასი მეგობარი კირილი, ჩვენ ვერასდროს შევიკრიბებოდით აქ, როგორც სამეცნიერო საზოგადოება კაცობრიობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, როგორიც არის რეპროდუქციის იმუნოლოგია...“

გარდაცვალება

რედაქტირება

1986 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრატანოვმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიმპოზიუმში ნიუ დელიში, ინდოეთი. დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ, როცა ვარნაში გამართული რეპროდუქციული ბიოტექნოლოგიების მომავალ ბულგარულ-ეგვიპტურ სიმპოზიუმზე გახსნის სიტყვისთვის ემზადებოდა, მას გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა 16 ოქტომბერს, 75 წლის ასაკში. ბრატანოვი დაკრძალეს სოფიის ცენტრალურ სასაფლაოზე.

სამეცნიერო კვლევები

რედაქტირება

ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება ბიოლოგიას, იმუნოლოგიას, ფერმის ცხოველების რეპროდუქციას და პროდუქტიულობის გაზრდას და მათი ხელოვნური განაყოფიერების საკითხებს.

მან ჩაატარა ფუნდამენტური კვლევა განაყოფიერების პროცესის შესახებ: შეისწავლა მისი მორფოლოგია, ბიოქიმია, ფიზიოლოგია და პათოლოგიები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Кратка Българска Энциклопедия: В 5—и т.— София: Изд-во БАН, 1963—69.
  • Биологи. Биографический справочник.— Киев.: Наукова думка, 1984.— 816 с.: ил
  1. Парцел 6. // София помни. Посетен на 2022-09-03. (ბულგ.)
  2. Кирил Братанов. Положението на биологическата наука у нас в светлината на Мичуринското учение.[მკვდარი ბმული] Сборник материали, Печатница на БАН, С., 1949. 446 с., стр. 263 – 277. (ბულგ.)
  3. Николай Поппетров, „История на Съюза на учените в България“, София: СУБ, 2004, с.152. (ბულგ.)
  4. Николай Поппетров, „История на Съюза на учените в България“, София: СУБ, 2004, с.153. (ბულგ.)
  5. Vulchanov, V.H., 1988. Kiril Bratanov's endeavour in laying the foundations of reproductive immunology. Human Reproduction, 3(1), pp.1 – 5.
  6. Shulman, S., 1987. Obituary Kiril Bratanov 1911 – 1986. American Journal of Reproductive Immunology and Microbiology, 13(1), pp.27 – 28.