კახეთის მევენახეთა ყრილობა
კახეთის მევენახეთა ყრილობა — 1899 წლის 20–25 ნოემბერს შემდგარი ყრილობა ქ. თელავში, ფილოქსერის კავკასიური კომიტეტისა და მისი წევრის ივანე ანდრონიკაშვილის ინიციატივით. ყრილობის მიზანი იყო კახეთის სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგის — მევენახეობის მოვლა-პატრონობისა და მავნებელთაგან ვაზის კულტურის დაცვის ღონისძიებათა შემუშავება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ფილოქსერა, რომელიც უკვე ანადგურებდა დასავლეთ საქართველოს ვენახებს და შეჭრილი იყო გორის მაზრაშიც. მართალია, კახეთს ამ საშინელი მავნებლისაგან იცავდა მთები და საკმაოდ უვენახო სივრცეების ზოლი, მაგრამ ფილოქსერის საფრთხე მაინც იზრდებოდა.
კახეთის მევენახეთა ყრილობამ განიხილა კახეთში უკვე გავრცელებული ვაზის სოკოვან დაავადებათა (მილდიუსა და ოიდიუმის) წინააღმდეგ ბრძოლის, ფილოქსერისაგან დასაცავად ბრძოლის, ფილოქსერისაგან დასაცავად ამერიკული ვაზის სანერგეთა გაშენების (ასეთი სანერგე იყო საქარაში 1893 წლიდან) საკითხები. ამერიკული ვაზის საძირეზე დამყნობით უნდა გადაერჩინათ კლასიკური ჯიშის ადგილობრივი ვაზები. (დასავლეთ საქართველოში ეს უკვე კეთდებოდა). ყრილობამ განიხილა აგრეთვე მთელი რიგი სხვა საკითხები.
წვრილ მევენახეებს ვენახისმფლობელთა ყრილობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც მათი ინტერესების დაცვაზე ყოფილა მსჯელობა. კახეთის მევენახეთა ყრილობამ მოისმინა როგორც მევენახეთა, ასევე ცნობილი სპეციალისტების (ი. ანდრონიკაშვილი, პ. ავერკინი, პ. გეევსკი, ნ. გოზალიშვილი, გ. კოლელიშვილი, ნ. ვაჩნაძე, ს. ვახვახიშვილი, მ. ვერმიშევი, ს. ზავაროვი, ა. დემენტიევი, დ. მაყაშვილი, პ. სააკაშვილი, ი. და ვ. სტაროსელსკები, ვ. რცხილაძე, ლ. ჯანდიერი, ი. ჯორჯაძე, გ. შალიკაშვილი და სხვა) მოხსენებები და სიტყვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 448.
- გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX—XX საუკუნეებში, ტ. 4, წგნ. 1, თბ., 1965;
- Труды съезда виноградовладельцев и виноградарей Кахетии в г. Телави в 1899 г., Тфл., 1907;