კასია (ბიზანტია)
კასია (ბერძნ. Κασσιανή IPA: [kasia'ni]/ Εικασία, დ. 805/810 — გ. 865 წლამდე), იგივე კასია კონსტანტინოპოლელი — ბიზანტიელი მოღვაწე, კონსტანტინოპოლში დედათა მონასტრის დამაარსებელი, პოეტი, ჰიმნოგრაფი და კომპოზიტორი. ბიზანტიელ მწერალთაგან მხოლოდ ორი ქალის სახელი შემორჩა, რომელთაც საკუთარი სახელები დაურთეს თავიანთ შემოქმედებას: კასია და ანა კომნენე. ასევე კასია არის ერთადერთი ქალი ავტორი, რომლის შემოქმედებაც შედის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ წიგნებში.
კასია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 810[1] |
დაბადების ადგილი | სტამბოლი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 865[1] |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი[1] |
საქმიანობა | კომპოზიტორი[1] , პოეტი[1] , ჰიმნების შემქმნელი[1] და მონაზონი[1] |
ენა | საშუალი ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
ცხოვრება
რედაქტირებაკასია დაიბადა 840-805 წლებში კონსტანტინოპოლში, მდიდარ და ცნობილ ოჯახში. კასიას მამა სამეფო კარის მსახური იყო, ხოლო დედა - ხატმწერი. აგრეთვე ჰყავდა და, რომლის სახელიც არ არის ცნობილი.
კასიამ მიიღო ჩნებული განათლება: მისი ჰიმნოგრაფიული თხზულებები მიუთითებენ იმას, რომ ავტორი კარგად არის გაწაფული როგორც წმინდა წერილის ცოდნაში, ისე - კლასიკურ ბერძნულ პოეზიასა და ლექსწყობაში.
830 წლის მახლობლად დედოფალმა ეფროსინემ მოაწვევინა სახელმწიფოს ყოველი მხრიდან ულამაზესი ქალიშვილები, რომ მის შვილს თეოფილეს მათში აერჩია საცოლე. როდესაც ქალიშვილები სასახლეში შეიყარნენ, დედოფალმა თავის შვილს გადასცა ოქროს ვაშლი და დაავალა, იმ ქალიშვილისთვის მიეცა, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონებოდა. უფლისწულმა ყურადღება კასიაზე შეაჩერა, მიუახლოვდა მას და გაეხუმრა: „ხომ ქალისაგან წარმოიშვა სიავე?“. კასიამ მიუგო: „მაგრამ ქალისაგან კეთილიც აღმოცენდება“. ამ თამამი სიტყვით უკმაყოფილოდ დარჩენილმა თეოფილემ ვაშლი სხვას, პაფლაგონიელ თეოდორას მისცა. ამის შემდეგ კასია აარსებს მონასტერს და მთელ თავის ცხოვრებას მას სწირავს.
შემოქმედება
რედაქტირებაკასია არის როგორც ლიტურგიკული, ისე - არალიტურგიკული ჰიმნების ავტორი. მას ეკუთვნის რამდენიმე იდიომელი და სტიქარონი, გამართული რიტმული წესების მიხედვით. განსაკუთრებით ცნობილია მისი სამი ლექსი: „ქრისტეს შობისათვის“, „იოანე ნათლისმცემლისათვის“ და „დიდი ოთხშაბათისათვის.“
კასიას ეკუთვნის აგრეთვე „კანონი მიცვალებულებზე“, რომელიც პოეტიკური გამიზვნის სიღრმით ძალიან ჰგავს რომანოზ მელოდოსის ლექსებს, ხოლო მხატვრული ფორმით მისდევს „კანონების“ სტრუქტურას. შედგება ცხრა ოდისაგან, თითოეულ ოდაში არის სამ-სამი ტროპარი და რეფრენი; ლექსს აქვს აკროსტიქი[2].
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კასიას ეპიგრამებს; გამართულია იამბური ტრიმეტრებით და მხედველობაშია მიღებული მხოლოდ მარცვალთრაოდენობა. ჩვენამდე მოღწეულია ჯამში 261 ტაეპი. მათში კასია ეხება ადამიანთა ზნეობრივ თვისებებს მათ ხასიათსა და ურთიერთობას. კასია ამხელს სულელ ადამიანებს და ააშკარავებს, თუ რაოდენი ბოროტება მოსდევს მათ საქციელს.
როგორც ჩანს, კასია კარგად იცნობს ძველ ბერძნულ იამბიკურ, დამცინავ პოეზიას. მისი ეპიგრამები ქალზე მოგვაგონებენ სემონიდე ამორგოსელის „სატირას ქალებზე.“ კასია ერთმანეთს უპირისპირებს ჭკვიანსა და ბოროტ ქალს. ჩანს მისი ფემინისტური შეხედულებები ქალის შესახებ:
„ქალთა მოდგმა ყველა დანარჩენ მოდგმაზე უფრო ძლიერია, ჯერ კიდევ ეზრა მოწმობს ამას ჭეშმარიტებით“
კასიას აზრით, ლამაზი ქალი ბოროტებაა, ხოლო სილამაზე ნუგეშია; მაგრამ ორმაგად ბოროტი და უნუგეშოა როკაპი და ულამაზო ქალი:
„ზომიერი ბოროტებაა გარეგნობით ლამაზი ქალი, [რადგან] სილამაზე ნუგეშს მაინც გვრის ადამიანს. ხოლო თუ ქალი უსახურიც იქნება, მაშინ ნახე უბედურება და საბედისწერო ხვედრი.“