კარსტის პლატო, კრასი (სლოვენ. Kras; იტალ. Carso) — კირქვული პლატო სლოვენიის სამხრეთ-დასავლეთ და იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ისტრიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ტრიესტის ყურესა და ფრიულის დაბლობს შორის. წარმოადგენს დინარის მთიანეთის ნაწილს. სიმაღლე 250–600 მ, მაქსიმალური სიმაღლე 643 მ (მთა ტრსტელი). ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 60 კმ-ზე, სიგანე 15–20 კმ. ფართობი დაახლოებით 800 კმ², საიდანაც სლოვენიაზე მოდის 440 კმ².[1][2]

კარსტის პლატო
შკოციანის მღვიმეები
შკოციანის მღვიმეები
კოორდინატები: 45°42′ ჩ. გ. 13°52′ ა. გ. / 45.700° ჩ. გ. 13.867° ა. გ. / 45.700; 13.867
ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი ტრსტელი
სიმაღლე 643 
ფართობი 800 კმ²
სიგრძე 60 კმ
სიგანე 15–20 კმ
კარსტის პლატო — სლოვენია
კარსტის პლატო
სურათები ვიკისაწყობში

კარსტის პლატო აგებულია კირქვებით. კარსტული რელიეფის ფორმების გავრცელების კლასიკური მხარეა, რომლებიც აქ პირველად იყო შესწავლილი და აღწერილი. ზედაპირულ ჩამონადენს თითქმის მოკლებულია. გვხვდება მრავალრიცხოვანი და სხვადასხვაგვარი ზედაპირული და მიწისქვეშა გეომორფოლოგიური კარსტული წარმონაქმნები, რომელთა შორის ყველაზე ხშირია კარსტული ძაბრები. 1 კმ²-ზე მოდის 100-მდე კარსტული ძაბრი, რომლებიც მოიცავენ პლატოს ტერიტორიის დაახლოებით 10 %-ს. რელიეფის სხვა ფორმებიდან მნიშვნელოვანია კარები, პოლიები, ჭები, ბრმა ხეობები, მშრალი ხეობები და ვეებერთელა დანგრეული დოლინები.[1]

მნიშვნელოვანი გეომორფოლოგიური ელემენტია კარსტული მღვიმეები, რომელთა შორის გამოიყოფა პოსტოინსკა-იამა, შკოციანის მღვიმეები, ვილენიცა, გროტა-გიგანტე და სხვა. ამჟამად კარსტის პლატოს ფარგლებში გამოვლინებულია 1500-ზე მეტი სპელეოლოგიური წარმონაქმნი. მნიშვნელოვანია მყვინთავი მდინარე რეკა და კარსტული ტბა ცერკნიცა.[1]

ძლიერი ზამთრის ქარებისგან დაცულ ქვაბულებში, სადაც კირქვის გამოფიტვის პროდუქტები გროვდება და ნაყოფიერი ნიადაგია ჩამოყალიბებული განვითარებულია მევენახეობა. დამახასიათებელია ღარიბი ბალახოვანი მცენარეულობა. ფაუნა ნაპოვნია მღვიმეებში.[1]

პლატოს სახელწოდება საფუძვლად დაედო კარსტული მოვლენების საზოგადო სახელწოდებას.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Classical Karst (in Slovene language: Klasicni kras)
  2. Andrej Kranjc. Kras: Slovene classical karst. UNESCO, 1997
  3. Andrej Kranjc (2010) "The Origin and evolution of the term 'Karst'" The 2nd International Geography Symposium GEOMED 2010