კამილ იარმატოვი
კამილ იარმატოვი (უზბეკ. Komil Yormatov, ტაჯ. Комил Ёрматов; დ. 2 მაისი, 1903, კონიბოდომი, რუსეთის იმპერია — გ. 17 ნოემბერი, 1978, ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ, სსრკ)[1] — საბჭოთა უზბეკი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1959). სოციალისტური შრომის გმირი (1973), სტალინური პრემიის ლაურეატი (1948), 3 გზის ლენინის ორდენოსანი.
კამილ იარმატოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 მაისი, 1903 კონიბოდომი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
17 ნოემბერი, 1978 (75 წლის) ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ, სსრკ |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი (1959) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკამილ იარმატოვი დაიბადა 1903 წლის (19 აპრილს) 2 მაისს, კონიბოდომში. თავიდან ეროვნულ სკოლაში, შემდეგ კი ახალ გახსნილ რუსულ-უცხოურ სკოლაში სწავლობდა.
1918-24 წლებში მშობლიურ ქალაქში საქმის მწარმოებლად მუშაობდა სახალხო განათლების რაიონულ განყოფილებაში. მსახურობდა წითელი არმიის რიგებში. იყო ხამდამ-ხაჯი კალანდაროვის პარტიზანული რაზმის მებრძოლი, საკავალერიო პოლკის ესკადრონის მეთაური.
1923 წლის შემოდგომაზე გაიცნო ჰაქიმ-ზადე ნიაზი ჰამზა და თეატრით დაინტერესდა. 19 წლის ასაკში ნახა პირველად კინო. 1920-იან წლებში დაიწყო კინოფილმებში გადაღება. 1931 წელს დაამთავრა უმაღლესი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სარეჟისორო ფაკულტეტი.
1931 წლიდან კინოსტუდია „ტაჯიკფილმის“ I კატეგორიის რეჟისორი გახდა დუშანბეში. პირველი სარეჟისორო ნამუშევარი იყო ფილმი „საზღვრიდან შორს“ (1931).
1941 წლიდან უმაღლესი კატეგორიის რეჟისორია და ტაშკენტის კინოსტუდიის (ამჟამად „უზბეკფილმი“) სამხატვრო ხელმძღვანელი. მისმა კინოფილმებმა — „ალიშერ ნავოი“ (1948), „ავიცენა“ (1957); ისტორიულ-რევოლუციურმა ტრილოგიამ: „ქარბუქი აზიის თავზე“ (1965), „რევოლუციის მხედრები“ (1969), „შავი კონსულის დაღუპვა“ (1969) და მრავალმა სხვამ, რომლებიც უზბეკ მოღვაწეებზე, რევოლუციაზე, რუსი და შუა აზიის ხალხთა მეგობრობაზეა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უზბეკური კინოს განვითარებაში.
იყო უზბეკეთის სსრ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამმართველოს მდივანი (1958-1978); სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამმართველოს წევრი; უზბეკეთის სსრ-ის და სსრკ-ის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მინისტრთა საბჭოს კოლეგიის წევრი; სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ლენინური და ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში სხვა სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.[2]
1957 წლიდან ხელმძღვანელობდა კინოსტუდია „უზბეკფილმს“, რომელიც 1979 წლიდან მის სახელს ატარებს. 1930 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1963 წლიდან იყო უზბეკეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VI-IX მოწვევების დეპუტატი. თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: რუსულს, გერმანულს, ირანულს, უზბეკურს და აზერბაიჯანულს.[3] ავტორია მემუარების — „დროის ლენტი“, წიგნების — ტაჯიკური და უზბეკური კინოს ისტორიის შესახებ, თანაავტორია სცენარების კრებულის: „შორეული ახლო წლები“.
კამილ იარმატოვს თავისი შემოქმედებითი დამსახურებისთვის მრავალი წოდება და ჯილდო, საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების პრემია აქვს მიღებული.
გარდაიცვალა ტაშკენტში 1978 წლის 17 ნოემბერს. დაკრძალულია ტაშკენტში, მემორიალურ სასაფლაოზე „ჩიგატაი“.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1940, 1950 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1947 — უზბეკეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1948 — სტალინური პრემია
- 1959 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1964 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1955 — უზბეკეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- 1967, 1971, 1973 — ლენინის ორდენი
- 1973 — სოციალისტური შრომის გმირი
- საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნეკროლოგი
- ↑ ЯРМАТОВ КАМИЛЬ ЯРМАТОВИЧ (Кинорежиссёр, сценарист)* :: Мемориал памяти. ციტირების თარიღი: 2011-11-01
- ↑ ЦентрАзия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-10. ციტირების თარიღი: 2013-01-07