კალისტრატე გოგუა
კალისტრატე გიორგის ძე გოგუა (დ. 1875, სოფ. ჯუმათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 თებერვალი, 1938) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.
ჰქონდა საშუალო განათლება. 1890-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. რევოლუციური საქმიანობისთვის გადასახლებული იყო ციმბირში. გადასახლებაში, ირკუტსკში გაიცნო და ცოლად შეირთო მენშევიკი იულია კოლბერგი (დ. 1880 — გ. 1938). იქვე იხდიდა სასჯელს იოსებ სტალინიც. I მსოფლიო ომის წლებში გოგუა იდგა ე. წ. „ობორონეცულ“ პოზიციაზე. თავდაპირველად ირაკლი წერეთლის მხარდამჭერი იყო. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1917 წლის აგვისტოს გამაერთიანებელ ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩიეს. აქტიურად მონაწილეობდა ყრილობის მუშაობაში ოქტომბრის ბოლომდე. პარტიის ხელმძღვანელობაში იული მარტოვის მოსვლის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის დატოვებაზე ხელი არ მოუწერია. პარტიის დეკემბრის საგანგებო ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1918 წლის მარტში პარტიის ლიდერებთან და ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა. აქტიურად უჭერდა მხარს იული მარტოვს.
1919 წლის დეკემბერში გოგუა ოჯახთან ერთად დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. დანიშნული იყო რესპუბლიკის სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1921 წლის მარტში, საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი თქვა. იყო ყოფილი მთავრობის რწმუნებული სახელმწიფო ქონების გადაბარების საკითხში. შემდეგ ერთხანს თბილისში ადელხანოვის ტყავის ქარხნის დირექტორად მუშაობდა. 1921 წლის მაისში დააპატიმრეს და ეტაპით მოსკოვში, იქიდან კი სუზდალის პოლიტიზოლატორში გაგზავნეს. 1926-1930 წლებში გადასახლებული იყო კურსკში. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. 1937 წლის ნოემბერში კვლავ დააპატიმრეს და 1938 წლის თებერვალში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1991 წელს. რეპრესირებული იყო ასევე კალისტრატე გოგუას ქალიშვილი ირინა (დ. 1904 — გ. 1989), რომელიც არის თავისი მშობლების და საბჭოთა გულაგის ბანაკებში საკუთარი თავგადასავლის შესახებ მოგონებების ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Из архива Б. И. Николаевского : переписка с И. Г. Церетели 1923-1958 гг. / Б. И. Николаевский. - Москва : Памятники исторической мысли. Вып. 1 : Письма 1923-1930 гг. - 2010. - ISBN 978-5-88451-269-6;
- Червакова И. Песочные часы : История жизни Ирины Гогуа в восьми кассетах, письмах и комментариях // Дружба народов. – 1997. – № 4. – С. 59–104 ; № 5. – С. 75–119;
- Гогуа И. Семейные истории : Отрывок из документальной повести «Песочные часы» // Огонек. – 1997. – 13 апр. (№ 14). – С. 15.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კალისტრატე გოგუა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)