თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო

(გადამისამართდა გვერდიდან კათოლიკობა თბილისში)

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსორომის კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია, რომელიც არსებობდა თბილისში XIV-XVI საუკუნეებში, 1920-1921 წლებში და 2000 წლიდან.

რომის ეკლესია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან იჩენდა დაინტერესებას საქართველოთი. XIII საუკუნეში, როცა მონღოლთაგან შევიწროებულმა საქართველომ მიმართა რომს დახმარებისათვის, ევროპის ურთიერთობამ საქართველოსთან ინტენსიური და სისტემატიური ხასიათი მიიღო. დასავლეთმა სამხედრო დახმარებაზე უარი თქვა, ეკლესიათა შეერთების იდეას კი ენერგიულად მოეკიდა. XIII საუკუნის 30-იან წლებში, თბილისში ფრანცისკელთა (მინორიტების) ორდენის მონაზვნები შემოვიდნენ, რასაც 40-იან წლებში დომინიკელ მინოსერთა შემოსვლა მოჰყვა. 1240 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით თბილისში დაფუძნდა პირველი კათოლიკური მონასტერი. შემდეგ მისიონერთა შემოსვლამ, რომელთა მიზანი იყო „აღმოსავლეთის ჯვრით დალაშქვრა“ და ვატიკანის შემოსავლის გაზრდა, სისტემატიური ხასიათი მიიღო.

საეპისკოპოსო დაარსდა 1329 წლის 6 თებრვალს რომის პაპმა იოანე XXII-მ სპეციალური ბულით გააუქმა თურქებისგან შევიწროებული სმირნის საეპისკოპოსო და იგი თბილისში გადაიტანა, რადგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ ისევ გაერთიანებული და მონღოლთა ბატონობისგან თავისუფალი საქართველო ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კათოლიკობის პროპაგანდისათვის. ამავე დროს XIII საუკუნიდან კათოლიკე მისიონერების პროპაგანდის შედეგად თბილისში მომრავლდნენ ქართველი კათოლიკეები. საეპისკოპოსოს მიეცა ქართულენოვანი ტიპიკონი. მისი დაარსება იმითაც იყო გამოწვეული, რომ საქართველოს სამეფო კარი და ქართული ეკლესია კეთილგანწყობილებას იჩენდა კათოლიკე მისიონერებისადმი. ამავე პერიოდში,ზოგიერთი წყაროს ცნობით, სოხუმშიც არსებულა კათოლიკური საეპისკოპოსო.

თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო რომის პაპმა დაუმორჩილა სპარსეთში არსებულ სულთანიეს ეპისკოპოსს. პირველი ეპისკოპოსი იყო ქართული ენის კარგი მცოდნე, დომინიკელთა ორდენის მისიონერი იოანე ფლორენციელი (1329-1348), რომელმაც ამ თანამდებობაზე 19 წელი დაყო. მეორე-ბერტანო კოლეტი (1349-1356) და სხვ. თბილისის კათოლიკურმა საეპისკოპოსომ იარსება XVI საუკუნის 10-იან წლებამდე. ამ ხნის მანძილზე სულ 13 ეპისკოპოსი განაგებდა ეპარქიას. მისი გაუქმება განაპირობა ერთიანი საქართველოს ფეოდალურმა დაქუცმაცებამ და დასუსტებამ. საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობა არ შეწყვეტილა. ქართველი კათოლიკეები ლუსთანიეს საეპისკოპოსოს მრევლად ირიცხებოდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1920 წლის 20 ოქტომბრის, თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კვლავ აღდა. მის მმართველად დაინიშნა ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო გააუქმეს, რომის პაპის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს, კათოლიკური ეკლესიებიც დახურეს. მოქმედი იყო მხოლოდ პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია, რომელიც ლიტვის ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1993 წლის თებერვალში, თბილისში ვატიკანის წმ. ტახტის სადესპანო გაიხსნა და ხოლო 2000 წელს კვლავ აღდგა ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო საეპისკოპოსო. ამჟამად თბილისში არის ორი კათოლიკური ეკლესია; ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია. საქართველოსა და თბილისის კათოლიკეთათვის უაღრესად დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო რომის პაპის იოანე-პავლე II-ის ვიზიტი საქართველოში (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 511, ISBN 99928-20-32-2.
  • ლომსაძე შ., გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1979;
  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902;