კავკასიური ხარისძირა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კავკასიური ხარისძირა (ლათ. Helleborus caucasicus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. 20-40 სმ სიმაღლისაა. დატოტვილი ფესურა აქვს. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ხეშეში, შიშველი, თათისებრ გაყოფილი ფართოლანცეტურ ან ფართოელიფსურ ნაკვთებად; ზედა ფოთლები მჯდომარეა. ყვავილი მომწვანო თეთრია, 5-8 სმ დიამეტრისა; ნაყოფი მომწიფების შემდეგაც ყუნწზე რჩება. ნაყოფი თესლურაა, გრძელნისკარტიანი. თესლი ელიფსური ან სფერულია, შავი, პრიალა, დანაოჭებული. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, მთისწინებიდან ტყის ზედა საზღვრამდე. იზრდება ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. მეორე სახეობა – აფხაზური ხარისძირა (ლათ. Helleborus abchasicus) – დასავლეთ საქართველოს ენდემია. გავრცელებულია აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლებში; ტყეებში, კირქვიან სუბსტრატებზე. კავკასიური ხარისძირისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ წითელი, მეწამული ან ვარდისფერი, იშვიათად თეთრი წითელლაქებიანი ყვავილი და უფრო თხელი, ნაზი ფოთოლი აქვს.

კავკასიური ხარისძირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაისნაირნი
ოჯახი:  ხარისძირასებრნი
გვარი:  ხარისძირა
სახეობა:  კავკასიური ხარისძირა
ლათინური სახელი
Helleborus caucasicus A. Br

Helleborus-ის გვარის 20-მდე სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვეთში და დას. აზიაში. საქართველოში 2 სახეობაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით ქიქოძე, მაია თავართქილაძე, თეიმურაზ სვანიძე., საქართველოს მცენარეები. საველე მეგზური, თბ., 2007. — გვ. 94.