კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (ლაფანაანთკარი)
კავთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაფანაანთკარის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ხატის ქედზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, სამხრეთიდან გვიანდელი სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან შემორჩენილია ზურგიანი კოშკის ნანგრევები, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე - ჩრდილოეთი მინაშენის კედლის ნაწილი. საშენ მასალად რიყისა და ნატეხი ქვაა გამოყენებული. წყობაში აქა-იქ ჩართულია შირიმი.
ეკლესიის შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე, დაბალი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ღრმა ნიშია. მეორე სარკმელი სამხრეთ კედელშია. საკურთხეველი ეკლესიის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. სამხრეთი მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია.
ეკლესიის ფასადები შელესილია. კედლები დასრულებულია ქვის ფილებით შედგენილი მარტივი თაროსებრი ლავგარდნით. დასავლეთის ფასადზე, ფრონტონის არეში, შირიმის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.
ეკლესიის დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, შემორჩენილია დანგრეული სწორკუთხა კოშკის საძირკველი, აღმოსავლეთით - ნასოფლარი და სამაროვანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 270.