იჰლარის ხეობა
იჰლარის ხეობა (თურქ. Ihlara Vadisi) — 15 კმ სიგრძისა და 150 მეტრი სიმაღლის ვულკანური წარმოშობის კანიონი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, კაპადოკიაში, აქსარაის პროვინციის გუზელიურთის რაიონში. იწყება სოფელ ბელისირმასთან და მთავრდება ქალაქ სელიმესთან. ხეობაში მდებარეობს დაახლოებით 50 კლდეში ნაკვეთი ქრისტიანულ ეკლესია და უამრავ კლდეში ნაკვეთი ნაგებობა.
კანიონი წარმოიქმნა პრეისტორიულ ხანაში მდინარე მელენდიზთან. ქალაქ იჰლარას ჩრდილოეთით არის კიბე თითქმის 400 საფეხურით, რომელიც 100 მ-ზე ეშვება კანიონში. VII საუკუნიდან ხეობაში დასახლდნენ ბიზანტიელი ბერები, რომლებმაც თავიანთი სახლები და ეკლესიები გათხარეს ტუფის კლდეებში, რომელიც წარმოქმნილი იყო ჰასანდაღის ამოფრქვევის შედეგად.
ეკლესიები
რედაქტირებახეობის ქრისტიანული ეკლესიები ორ ჯგუფად იყოფა. პირველი შედგება ეკლესიებისგან ქალაქ იჰლარასთან, რომლებიც მოხატულია ადგილობრივი კაპადოკიური ტიპის ნახატებით. ისინი ძირითადად ხატმებრძოლეობამდე პერიოდით თარიღდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ხშირად ხელახლა ხატავდნენ ახალ ფრესკებს. მეორე ჯგუფი მდებარეობს სოფელ ბელისარმის მახლობლად და შედგება მეათე და მეთერთმეტე საუკუნეების ბიზანტიური სტილის ეკლესიებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც მაკედონიური ხელოვნება.
პირველი ჯგუფი
რედაქტირება- აღაჩალთის ეკლესია — ასევე ცნობილია როგორც დანიელ პანტონასას ეკლესია. კლდეში ამოჭრილი კვადრატული ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ თარიღდება VII საუკუნით. ამაღლების სცენა მის გუმბათში თარიღდება ხატმებრძოლეობამდე პერიოდით.
- ილანლის (გველებიანი) ეკლესია — ასევე ცნობილია როგორც „აპოკალიფსის ეკლესია“, შესაძლოა მიეძღვნა ელენა ავგუსტას, კონსტანტინე I-ის დედას. ეკლესია უჩვეულოდ გრძელი აფსიდით. ნართექსში არის ჯოჯოხეთის სცენები, რომელიც თარიღდება IX საუკუნით, მათ ქვემოთ კი ოთხი შიშველი ცოდვილი გველისმაგვარი ურჩხულების ხელში ჩასმული, საიდანაც ეკლესიამ მიიღო თავისი თანამედროვე სახელი.[1]
- სუმბულუს ეკლესია — ასევე ცნობილი როგორც „გიაცინტის ეკლესია“, სავარაუდოდ აგებულია X საუკუნეში. კედლის მხატვრობა მოიცავს კონსტანტინე VII-ის გამოსახულებებს მეუღლესთან ელენესთან ერთად, ასევე პავლე მოციქულის ფრესკებს. გარე ფასადი გვიჩვენებს აღმოსავლურ გავლენას.
- ქოქარის ეკლესია — ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესია.
- ეღრითაშის ეკლესია (მრუდი ქვის ეკლესია) — ვარაუდობენ, რომ ეღრითაშის ეკლესია აშენდა ხატმებრძოლეობამდე (726–843) და არის ხეობის ერთ-ერთი ადრეული და დიდი ეკლესია.
- ფურენლი-შექის ეკლესია — ცნობილია წმინდა მოციქულთა ფრესკებით. ეკლესია შედგება კლდეში გამოკვეთილი ოთხი დარბაზისგან. ფრესკები თარიღდება IX საუკუნის მეორე ნახევრით და XI საუკუნის მეორე ნახევრით.[2]
- ქარანლიქ-ქალეს ეკლესია — იგივე „შავი ციხის ეკლესია“, იგი კლდეში იყო ამოკვეთილი, როგორც სამონასტრო ეკლესია. არ აქვს ფრესკები. ვარაუდობენ, რომ იგი ააგეს XI საუკუნის შუა წლებში.
მეორე ჯგუფი
რედაქტირება- სვეტებიანი ეკლესია — ააგეს X საუკუნეში. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მაღალ სვეტს, რომლებიც მორთულია წმინდანთა პორტრეტებით. ხეობის მცირე წარწერებიდან ერთ-ერთი იუწყება ეკლესიის აგებულია ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის (976-1025 წწ.) მიერ.
- ქარაგედიქის ეკლესია — ასევე ცნობილია, როგორც წმინდა ერმოლაოსის ეკლესია, აგებულია XI საუკუნეში.
- ქირქდამალთის ეკლესია — ასევე ცნობილია, როგორც წმინდა გიორგის ეკლესია, წარწერა იძლევა საშუალებას, რომ ეკლესია დათარიღდეს 1283-1295 წლით, რაც მას ქრისტიანული არქიტექტურის ბოლო ცნობილ ნიმუშად აქცევს იჰლარის ხეობაში. ეკლესიის მხატვრობა მოიცავს წმინდა გიორგის გამოსახულებებს, ბიზანტიის კონსულის ბასილეოს გიაგუპეს ნახატს, რომელიც ასევე იყო ემირი და გამოსახულია სელჩუკთა სამოსით, მეუღლესთან, თამართან, ქართველ პრინცესასთან ერთად. ზემოხსენებულ წარწერაში მოხსენიებულია როგორც სელჩუკთა სულთანი მასუდ II, ასევე ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე II პალეოლოგოსი, რაც იმის ნიშანია, რომ ამ თარიღისთვის კაპადოკიაში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა იყო შესაძლებელი.
- ბაჰათინ სამალიღის ეკლესია — ეკლესიის ნავის ირგვლივ არსებულ წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ბარბასი - შესაძლოა, მკვიდრი კაბადოკიელი. სხვადასხვა დეტალები მიუთითებს, რომ ამშენებელი მდიდარი არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო. გამოსახულია სცენები იესოს (პანტოკრატორის), გაბრიელისა და პეტრეს ცხოვრების შესახებ. ასევე არის სამი მოგვის, იესოს დაბადების, იოსების სიზმრისა და იესოს ჯვარცმის სცენები. ასევე არის სცენები, როგორიცაა იესოს შესვლა იერუსალიმში, იესოს სამარხში ჩასმა და ანგელოზი მიქაელი. ეკლესია სავარაუდოდ XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული.
- ბეზირჰანეს კომპლექსი — კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ეკლესიით, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა.
- ალა ქილისე — გამოსახულია იესოს, ქრისტე პანტოკრატორის ჯოჯოხეთში დაშვება, საიდუმლო სერობა, ღვთისმშობლის კურთხევა და წმინდანთა შობა.
- მერიამ ანა ქილისესი — ღვთისმშობლის ეკლესია სელიმეს კათედრალის სიახლოვეს.
ნიღდეს არქეოლოგიურ მუზეუმში არის გამოფენილი ქალისა და ოთხი ბავშვის მუმია, რომლებიც დაკრძალეს იჰლარის ხეობაში X საუკუნეში. აქსარაის მუზეუმში ასევე დაცულია მუმიები იჰლარის ხეობიდან.
გალერეა
რედაქტირება-
იჰლარის ხეობის ეკლესიები
-
ჭერის ფრესკა დანიელ პანტონასას ეკლესიაში
-
გველების ეკლესია
-
სუმბულუს ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- Peter Daners, Volker Ohl: Kappadokien. Dumont, 1996, ISBN 3-7701-3256-4
- Marianne Mehling (ed.): Knaurs Kulturführer in Farbe Türkei. Droemer-Knaur, München 1987, ISBN 3-426-26293-2.
- Robert G. Ousterhout: A Byzantine Settlement in Cappadocia.Dumbarton Oaks, 2005, ISBN 0-88402-310-9, on Google Books
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ İlknur Duman. HELENA AUGUSTA (FLAVİA JULİA HELENA)TASVİRLERİ tr. ციტირების თარიღი: 2021-01-01
- ↑ Elena N. Draghici-Vasilescu. Shrines and Schools in Byzantine Cappadocia en. ციტირების თარიღი: 2023-04-02