ისმაილ I-ის ლაშქრობანი საქართველოში
ისმაილ I-ის ლასქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის მიზანი იყო ამიერკავკასიაში ფეხის მოკიდება და ოსმალეთის წინააღმდეგ თავისი პოზიციის განმტკიცება. ისმაილ I-მა სხვადასხვა საბაბით რამდენიმეჯერ ილაშქრა საქართველოში.
შაჰად გახდომამდე, 1500 შემოდგომაზე ბასიანიდან საქართველოში გაგზავნა ხოლეფაბეგი. ყიზილბაშებმა სამცხე-საათაბაგო დაარბიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. 1516 სამცხის მთავარს ყვარყვარე III ჯაყელს აუჯანყდა ბიძა მანუჩარ I და ძმისწულს ტახტი წაართვა. ყვარყვარემ დახმარებისათვის ისმაილ I-ს მიმართა. ყიზილბაშები დივ-სულთნის მეთაურობით სამცხეს შეესივნენ, მანუჩარი ოსმალეთში გაიქცა. დივ-სულთანმა თმოგვის ციხე აიღო და ყვარყვარე III-ს თავისი უფლებები აღუდგინა.
1518 მანუჩარი ოსმალთა ჯარით სამცხეს შეესია, მაგრამ დამარცხდა. დივ-სულთანი ისევ შეიჭრა საქართველოში, ოდიში დაარბია და უკან გაბრუნდა. რადგან მანუჩარი ბრძოლას განაგრძობდა, ყვარყვარე III-მ კვლავ ისმაილ I-ს სთხოვა დახმარება და დივ-სულთნის სარდლობით გამოგზავნილ ლაშქარს წამოუძღვა საქართველოში. ყიზილბაშებმა გორი და სურამი აიღეს. 1521 კახეთის მეფე ლევანმა შაქი დაარბია. ამის საპასუხოდ ისმაილ I-მა საქართველოში კვლავ დივ-სულთანი გაგზავნა, რომელმაც გრემი და ზაგემი დაარბია. ლევანი ყიზილბაშებს დამორჩილდა და ვასალობა აღიარა. ამ ლაშქრობათა მიუხედავად, ისმაილ I-მა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 234.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966
- კაციტაძე დ., ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (შაჰ-ისმაილ I-ის საქართველოში ლაშქრობის საკითხისათვის), «თსუ შრომები», 1964, ტ. 108;