იონსანი
იონსანი, იგივე იონსანგუ (კორ. 용산구?, 龍山區?) — სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ერთ-ერთ რაიონი, ოცდახუთს შორის. აქვს თვითმმართველობის სტატუსი.
იონსანი | |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
---|---|
კოორდინატები | 37°32′18″ ჩ. გ. 126°57′56″ ა. გ. / 37.53833° ჩ. გ. 126.96556° ა. გ. |
ფართობი | 21.87 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 231 685 (2020) |
ოფიციალური საიტი | http://www.yongsan.go.kr და http://english.yongsan.go.kr/site/en/index.jsp |
მდებარეობა ქალაქის რუკაზე
რედაქტირებადასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან იონსანს ესაზღვრება: მაპჰო, ჩუნი და სონდონი. სამხრეთ საზღვარის წარმოადგენს ჰანგანგი, რომლის მოპირდაპირე ნაპირზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მდებარეობს: იონდინპჰო, ტონჯაკი, სოჩჰო და კანნამი.
ისტორია
რედაქტირება1884 წლის 6 ოქტომბერს დრაკონის მთებს შორის ტერიტორია (იონსანი) გამოცხადდა ზონად, სადაც უცხოელებს თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება და ვაჭრობა. 1887 წელს, როდესაც დაშვებული იქნა თავისუფაფლი მისიონერული საქმიანობა, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან და იაპონიიდან მოქალაქეებმა დაიწყეს ჩამოსვლა იონსანში მისიონერული და სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად. 1888 წლის აგვისტოში ჰანგანგზე ორთქლმავალმა დაიწყო ოპერირება, ხოლო 1891 წელს აშენდა იონსანის სასულიერო სკოლა, რომელიც იყო პირველი სემინარია კორეაში და პირველი შენობა, რომელიც აშენდა დასავლური არქიტექტურის სტილში.
იონსანგუს რაიონის ადმინისტრაციული მმართველობა დაიწყო 1896 წლის 17 აპრილს. 1900 წლის 9 იანვარს, ერთ-ერთ ქუჩაზე, კორეაში პირველი ტრამვაის მოძრაობა დაიწყო. ამ სიახლეების წყალობით იონსანი მოდერნიზაციის ეპოქაში შევიდა.
საერთო მახასიათებლები
რედაქტირებაამჟამად იონსანი შედგება ოცი რაიონისგან (ტონა).
2008 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 105 612 ოჯახში მცხოვრებთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 236 737 ადამიანს, აქედან 116 121 კაცი და 120 616 ქალია. ამ რიცხვში შედის 12 524 უცხოელი, რომელთა შორის პირველ ჯგუფში შედიოდნენ ჩინეთის მოქალაქეები (3766 ადამიანი), მეორე ჯგუფში - იაპონიის მოქალაქეები (1722 ადამიანი), მესამე - აშშ-ის მოქალაქეები (1711 ადამიანი) და შემდგომი კლების მიხედვით: ნიგერიის (651), ფილიპინების (586), გერმანიის (327), დიდი ბრიტანეთის (321), ინდოეთის (306), საფრანგეთის (170) და სხვა სახელმწიფოების (2 964 ადამიანი) მოქალაქეები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაროგორც სეულის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანს, იონსანში მდებარეობს მრავალი ობიექტი, რაც ამ ტერიტორიას პოპულარულს ხდის.
დიდი სავაჭრო და გასართობი კომპლექსია იონსანის სადგურის შენობა, რომელშიც განთავსებულია: სასურსათო სუპერმარკეტი, ელექტრონული საქონლის ბაზარი, კინოთეატრი, სავაჭრო ცენტრები და სხვა. სადგურის შენობიდან ძველ იონსანის ელექტრონიკის ბაზრამდე გადახურული ხიდი გადის. მეტროსადგურ სინიონსანის (კორ. 신용산) დასავლეთით რამდენიმე დიდი სავაჭრო ცენტრი, რომლებიც ყიდიან საოფისე აღჭურვილობას. მეტროდან მანძილის მატებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრებში ფასებიც იკლებს.
კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა იტჰევონი (კორ. 이태원), რომელიც მდებარეობს იონსანის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ მხარეში არის უამრავი ბრენდის მაღაზია, ყველა სახის კაფე, რესტორანი და სასმლის დაწესებულება, ღამის კლუბები, სასტუმროები,[1] ასევე კორეაში პირველი მუსლიმური მეჩეთი, რომელიც აშენდა 1969 წელს.
იონსანის ცენტრში, იტჰევონოს გამზირის (კორ. 이태원 로) ჩრდილოეთით, ამერიკული სამხედრო ბაზა იონსანი (კორ. 주한 미군 용산 기지) მდებარეობს, დაახლოებით 320 ჰექტარ ფართობზე. მის მოპირდაპირედ კი კორეის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროა.
იონსანის ჩრდილოეთით მდებარეობს ნამსანის მთა, სადაც განთავსებულია სეულის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სატელევიზიო კოშკი „NSeoul Tower / N 서울 타워“.[2]
იონსანის სამხრეთ ნაწილში იონსანის საოჯახო პარკია (კორ. 용산 가족 공원), სადაც განთავსებულია კორეის ეროვნული მუზეუმი (კორ. 국립 중앙 박물관).
რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის კიდევ ერთი პარკი - ჰიოჩჰანნი (კორ. 효창 공원, ინგლ. Hyochang park) და ამავე სახელწოდების სტადიონი (კორ. 효창 운동장, ინგლ. Hyochang). ამავე პარკთან მდებარეობს სუკმიონის ქალთა უნივერსიტეტი,[3] ხოლო მისი აღმოსავლეთით ტანგუკის უნივერსიტეტი.
ასევე რაიონში არის 28 სახელმწიფოს საელჩო და დიპლომატიური წარმომადგენლობა.